back to top

APA-ს კვლევა: მოკლე ინსპირაციული ვიდეოების ყურება ისეთივე ეფექტურია სტრესის შემცირებისთვის, როგორც მედიტაცია

გააზიარე

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მოკლე ინსპირაციული ვიდეოების ყურება შესაძლოა ისეთივე ეფექტური იყოს სტრესის შესამცირებლად, როგორც მედიტაცია.

აშშ-ში ქრონიკულმა სტრესმა ეპიდემიის დონეს მიაღწია — მოქალაქეები, განსაკუთრებით 18-დან 44 წლამდე ასაკის პირები, წინა წლებთან შედარებით უფრო მეტ შფოთვას და ზომიერ ან ექსტრემალურ სტრესს განიცდიან ყოველდღიურად.

მიუხედავად იმისა, რომ სტრესთან გამკლავების მრავალი ეფექტური გზა არსებობს, როგორიცაა ფიზიკური  ვარჯიში, სუნთქვითი ტექნიკები ან მედიტაცია, ადამიანები ხშირად თავს ზედმეტად დაკავებულად გრძნობენ იმისთვის, რომ ეს სტრატეგიები სისრულეში მოიყვანონ.

კვლევის მთავარმა ავტორმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის (სანტა-ბარბარა) დოქტორმა რობინ ნაბიმ, აღნიშნა, რომ საზოგადოებაში მედიის მოხმარებას ხშირად ნეგატიურად უყურებენ და, პირიქით, სტრესის დროს მის თავიდან არიდებას ურჩევენ, თუმცა მედია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზაა, რომლითაც ადამიანები სტრესს უმკლავდებიან და მას შეუძლია ადამიანს განტვირთვის რეალური საშუალება მისცეს.

მოკლე, ე.წ ტიკ-ტოკ, ვიდეოების პოტენციალის უკეთ შესაფასებლად, დოქტორმა ნაბიმ და მისმა კოლეგებმა ოთხკვირიანი ონლაინ ექსპერიმენტი ჩაატარეს 1000-ზე მეტ ამერიკელ ზრდასრულზე, განსაკუთრებით მაღალი სტრესის პერიოდში (მადლიერების დღიდან შობამდე — ეს პერიოდი ამერიკაში ცნობილია, როგორც სადღესასწაულო სტრესის, გაზრდილი ფინანსური წნეხისა და ოჯახური ვალდებულებების პიკი). ექსპერიმენტის ფარგლებში, მონაწილეები შემთხვევითობის პრინციპით ხუთ ჯგუფად დაიყვნენ.

კვლევის ფარგლებში, მონაწილეები შემთხვევითობის პრინციპით ხუთ ჯგუფად დაიყვნენ. მათ ყოველდღიურად, დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში, უნდა შეესრულებინათ ერთ-ერთი დავალება:

  1. ინსპირაციული ვიდეოების ყურება;
  2. კომედიური კონტენტის ყურება;
  3. მართული მედიტაციის სეანსი;
  4. ტელეფონის უბრალოდ გადათვალიერება (სქროლვა);
  5. არანაირი ინსტრუქცია (საკონტროლო ჯგუფი).

მკვლევრებმა მონაწილეების ემოციური მდგომარეობა თითოეული აქტივობის დასრულებისთანავე შეამოწმეს. ამის შემდეგაც, მათ სტრესის დონე ხელახლა შეამოწმეს — როგორც აქტივობიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ისე 10 დღის შემდეგაც.

შედეგებმა აჩვენა, რომ მონაწილეები, რომლებიც უყურებდნენ ინსპირაციულ ვიდეოებს ან მედიტაციას იტარებდნენ, თავს გაცილებით უფრო იმედიანად გრძნობდნენ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. აღმოჩნდა, რომ სწორედ იმედის ეს გრძნობა იყო სტრესის შემცირების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, რომელიც ამცირებდა სტრესის დონეს 10 დღის განმავლობაშიც კი.

კვლევამ აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომედიის ყურება ადამიანებს ამხიარულებდა, ამ აქტივობებს არ ჰქონია გრძელვადიანი დადებითი ეფექტი მონაწილეების სტრესის დონეზე. ისინი მომენტალურად გრძნობდნენ თავს უკეთ, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ მათი სტრესი არ შემცირებულა. სტრესის რეალურად შემცირება მხოლოდ ინსპირაციულმა ვიდეოებმა და მედიტაციამ გამოიწვია, რადგან ამ აქტივობებმა მონაწილეებში იმედის გრძნობა გააჩინა.

ინსპირაციული ვიდეოების ეფექტი განპირობებულია იმედის განცდით, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ მომენტალური ემოციური ამაღლებით. მკვლევართა ანალიზის თანახმად, იმედი მოქმედებს, როგორც შემეცნებითი (კოგნიტური) რესურსი, რომელიც ზრდის ადამიანის მოტივაციას, რათა ეფექტურად გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ გამოწვევებს.

ინსპირაციული კონტენტის ყურებისას, სადაც ნაჩვენებია სირთულეების წარმატებით დაძლევა, მონაწილეებს უყალიბდებათ რწმენა საკუთარ შესაძლებლობებში და გამძლეობის უნარი. ეს პოზიტიური მოლოდინი პირდაპირ უპირისპირდება სტრესს და უზრუნველყოფს ხანგრძლივ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას, აქტივობის დასრულებიდან გარკვეული დროის შემდეგაც.

კვლევის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Psychology of Popular Media-ში, ცხადყოფს, რომ სტრატეგიულად შერჩეული კონტენტი, კერძოდ სამოტივაციო ვიდეოები, შესაძლოა იყოს პრაქტიკული და ხელმისაწვდომი საშუალება სტრესის შესამცირებლად.

ეს მიდგომა განსაკუთრებით გამოსადეგია იმ ადამიანებისთვის, ვისაც უჭირს მედიტაციის ან სტრესის მართვის სხვა მეთოდების გამოყენება. მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ მედიის ამგვარი მოხმარება არ უნდა განიხილებოდეს როგორც სტრესის დაძლევის სხვა სტრატეგიების ჩამანცვლებელი, არამედ ის უნდა მიიჩნეოდეს დამატებით ეფექტურ საშუალებად.

წყარო: Psychology of Popular Media

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები