კანაფის ყოველდღიური მოხმარება ფილტვების დაავადებების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის

გააზიარე

სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, კანაფის ყოველდღიურმა ინჰალაციამ შესაძლოა, ფილტვების სერიოზული დაავადებების განვითარების რისკი მნიშვნელოვნად გაზარდოს.

ჟურნალ Journal of General Internal Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად შეისუნთქავენ მარიხუანას, ასთმის განვითარების რისკი 44%-ით ეზრდებათ, ხოლო ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (COPD) — 27%-ით.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების რეალური რისკი შესაძლოა, კიდევ უფრო მაღალი იყოს, რადგან დაავადების განვითარებას ხანგრძლივი დრო სჭირდება, ხოლო კვლევაში მონაწილეთა კანაფის მოხმარების სრული ისტორია არ იყო ხელმისაწვდომი.

კვლევა ეფუძნება ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებს, რომელიც მოიცავს 380,000-ზე მეტ ზრდასრულ ადამიანს. მათ შორის, თამბაქოს არამწეველთა რაოდენობა 222,000-ს აღემატება. ეს კვლევა ყველაზე მასშტაბურია, რომელიც თამბაქოს არამწეველებში კანაფის ინჰალაციასა და სასუნთქი სისტემის ჯანმრთელობას შორის კავშირს იკვლევს.

მკვლევრების განცხადებით, მარიხუანას ლეგალიზაციამ და ამ მცენარის აღქმამ, როგორც თამბაქოს უსაფრთხო ალტერნატივა, შესაძლოა გამოიწვია ის, რომ ბევრი მასთან დაკავშირებულ რისკებს არასაკმარისად მნიშვნელოვნად მიიჩნევს. 

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ კანაფის ინჰალაციის შემცირება ან თავიდან არიდება მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ პირებისთვის, რომლებსაც სურთ ფილტვების ქრონიკული დაავადებების განვითარების ალბათობა შეამციროს.

წყარო: Springer Nature 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები