კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდებში მარიხუანის თვეში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ მოხმარებაც კი პირდაპირ კავშირშია აკადემიური მოსწრების გაუარესებასა და ემოციურ დისტრესთან.
კვლევის მიხედვით, რომელიც 160,000-ზე მეტი ამერიკელი მოსწავლის მონაცემებს ეყრდნობა, რაც უფრო ხშირად მოიხმარენ მოზარდები კანაფს, მით უფრო იზრდება სოციალურ ურთიერთობებთან და აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებული პრობლემების ალბათობა.
სპეციალისტების განმარტებით, მარიხუანას სულ რამდენჯერმე მოხმარებაც კი შესაძლოა სერიოზულ აკადემიურ პრობლემებში გადაიზარდოს. მოზარდებს, რომლებიც ნივთიერებას რეგულარულად იყენებენ, ხშირად უქვეითდებათ კონცენტრაციის უნარი, აცდენენ სკოლას და კარგავენ ინტერესს სამომავლო გეგმების მიმართ.
ეს ტენდენცია განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ დღესდღეობით შეერთებულ შტატებში ყოველი მეხუთე უფროსკლასელი კანაფის მომხმარებელია, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების 6% ყოველდღიურად ეწევა მარიხუანას.
განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ თანამედროვე პროდუქტები გაცილებით მეტ THC-ს (აქტიურ ნივთიერებას) შეიცავს, ვიდრე ათწლეულების წინ, რაც მათ უფრო სახიფათოს ხდის. გამომდინარე იქედან, რომ მოზარდობის ასაკში ტვინი ჯერ კიდევ აყალიბებს სწავლის, თვითკონტროლისა და ემოციური რეგულაციისთვის საჭირო ნეირონულ კავშირებს, ასეთი ნივთიერების მოხმარება ამ პროცესებში ერევა და, შესაძლოა, განვითარების შეფერხება გამოიწვიოს.
მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ მათ, ვინც კანაფს თვეში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ იყენებდა, გაცილებით ხშირად აღენიშნებოდათ დეპრესიის სიმპტომები, შფოთვა და იმპულსური ქცევა, ვიდრე მათ, ვინც საერთოდ არ მოიხმარდა მარიხუანას. იმ მოზარდების შემთხვევაში კი, რომლებიც მარიხუანას თითქმის ყოველდღიურად მოიხმარდნენ, აკადემიური მოსწრების გაუარესების რისკი ოთხჯერ გაიზარდა.
ექსპერტები მშობლებს ურჩევენ, შვილებთან გულწრფელი და ღია კომუნიკაცია ადრეულ ასაკშივე დაამყარონ. მნიშვნელოვანია მოზარდებმა გააცნობიერონ, რომ ნივთიერების „ბუნებრივი“ წარმომავლობა მის უსაფრთხოებას არ ნიშნავს.
ასევე, მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ისეთ ნიშნებს, როგორიცაა, მაგალითად, აკადემიური მოსწრების გაუარესება, ხასიათის მკვეთრი ცვლილება ან საყვარელი საქმიანობების მიმართ ინტერესის დაკარგვა, რადგან ყოველივე ეს შესაძლოა კანაფის მოხმარებით იყოს გამოწვეული.
წყარო: AAP

