ხელოვნური ინტელექტის კომპანიებს თქვენი პირადი მიმოწერების წაკითხვა შეუძლიათ — რა უნდა იცოდეთ საფრთხეებისა და პრევენციის შესახებ

გააზიარე

ადამიანები ხელოვნურ ინტელექტს (AI) საკუთარი ცხოვრების ძალიან პირად დეტალებს უზიარებენ — შიშებს, მიზნებს, სურვილებსა და ჯანმრთელობის პრობლემებსაც კი. თუმცა, AI ჩატბოტებისგან მიღებული სამედიცინო თუ სხვა სახის რჩევების ნდობა გარკვეულ რისკებს შეიცავს. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ თქვენს მიმოწერას AI-ის უკან მდგომი კომპანიები მარტივად კითხულობენ და ყოველთვის ცხადი არაა, თუ როგორ იყენებენ ისინი ამ პირად დეტალებს.

DuckDuckGo-ს მიერ 2 000 ამერიკელზე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 32% აღიარებს, რომ ჩატბოტს ისეთი რამ გაანდო, რასაც ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც კი უმალავს. OpenAI-ის მონაცემებით კი, ყოველკვირეულად 230 მილიონზე მეტი ადამიანი ეკითხება ChatGPT-ს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რჩევებს.

ყველაზე ფართოდ გავრცელებული ჩატბოტები — Anthropic-ის Claude, Google-ის Gemini და OpenAI-ის ChatGPT — პირდაპირ ან ირიბად გიბიძგებენ, გააზიაროთ პირადი ინფორმაცია, რათა თქვენი დავალებები უკეთ შეასრულონ. პარალელურად, სამივე კომპანიის დოკუმენტაციაში არის გაფრთხილება, რომ არ გაუზიაროთ მათ ისეთი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომლის ნახვასაც არ ისურვებდით, რომ შემფასებელმა წაიკითხოს ან მოდელის გასაუმჯობესებლად გამოიყენონ.

როგორც წესი, ამ ჩატბოტების გამოყენებისას კომპანიას შეუძლია დაინახოს, რას წერთ და როგორ გპასუხობთ ხელოვნური ინტელექტი. ისინი ასევე აგროვებენ ინფორმაციას თქვენი მოწყობილობის შესახებ, რაც მათ თქვენს ჩვევებზე უზარმაზარ წარმოდგენას უქმნის. ამასთან, კომპანიებმა, შესაძლოა, ადამიანები (ე.წ. შემფასებლები) დაიქირაონ, რათა მათ ასისტენტების პასუხები გადაამოწმონ, რაც მიმოწერის დიდი ფრაგმენტების წაკითხვას გულისხმობს. მართალია, ასეთ დროს მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია წაშლილია, მაგრამ ეს არ ნიშნავს სრულ ანონიმურობას.

როგორ იყენებენ თქვენს მონაცემებს?

ზოგიერთი კომპანია, მაგალითად OpenAI, თქვენს ინფორმაციას რეკლამების პერსონალიზაციისთვის იყენებს. მართალია, ამ ფუნქციის გამორთვა შესაძლებელია, მაგრამ რეკლამების სრულად გასათიშად ფასიანი ვერსიის შეძენაა საჭირო. გარდა ამისა, ენობრივი მოდელები სწორედ მომხმარებლების მიმოწერებზე იწვრთნება. ციფრული უსაფრთხოების კომპანია Sophos-ის ექსპერტის, ჩესტერ ვისნიევსკის თქმით, „ყველაფერი, რასაც ხელოვნურ ინტელექტს ეუბნებით, მის გასაწვრთნელად გამოიყენება“.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კანონმდებლობა: ხელოვნური ინტელექტის კომპანიები ვალდებულნი არიან, სამართალდამცავების მოთხოვნის შემთხვევაში მიმოწერები გადასცენ. უკვე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც საგამოძიებო პროცესში ChatGPT-სთან მიმოწერა მტკიცებულებად გამოიყენეს. ექიმის ან იურისტისგან განსხვავებით, ჩატბოტთან გაზიარებულ ინფორმაციას სამართლებრივი კონფიდენციალურობა არ იცავს.

როგორ დავიცვათ თავი? თუ არ გსურთ, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია კომპანიების ხელში აღმოჩნდეს, შეგიძლიათ გარკვეული პრევენციული ზომები მიიღოთ:

  • გამორთეთ მოდელის წვრთნის ფუნქცია: Anthropic-ს, Google-სა და OpenAI-ს აქვთ ფუნქცია, რომელიც ზღუდავს თქვენი მონაცემების გამოყენებას მოდელის გასაწვრთნელად. მოძებნეთ პარამეტრებში (Settings) მსგავსი ღილაკი და გამორთეთ. ეს ხელს შეუშლის ადამიან-შემფასებლებს თქვენი მიმოწერის წაკითხვაში, თუმცა ინფორმაცია კომპანიისა და სამართალდამცავებისთვის მაინც ხელმისაწვდომი დარჩება.

  • გამოიყენეთ დროებითი ჩატები: დროებითი ჩატები (Temporary chats) წააგავს ბრაუზერის ინკოგნიტო რეჟიმს და არ ინახება ისტორიაში. OpenAI, Anthropic და Google ამ ტიპის მიმოწერას მოდელის გასაწვრთნელად არ იყენებენ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენი მიმოწერა კომპანიის წესებს არღვევს, ის შეიძლება მაინც შეინახონ.

  • თავი შეიკავეთ უკუკავშირისგან: ბევრი კომპანია საშუალებას გაძლევთ, შეაფასოთ ჩატბოტის პასუხი (მოიწონოთ ან დაიწუნოთ). თუმცა, ამ მარტივმა ქმედებამ შეიძლება გააუქმოს თქვენ მიერ დაყენებული შეზღუდვები და კომპანიას მისცეს უფლება, კონკრეტული ინტერაქცია ან მთლიანი მიმოწერა მოდელის გასაწვრთნელად გამოიყენოს.

თუ გსურთ, რომ თქვენი კონფიდენციალურობა მაქსიმალურად იყოს დაცული, შეგიძლიათ გამოიყენოთ ალტერნატიული, უფრო დაცული ჩატბოტები. მაგალითად, DuckDuckGo-ს Duck.ai შუამავლის როლს ასრულებს და სხვა ბოტებთან (მაგალითად, ChatGPT ან Claude) კომუნიკაციისას თქვენს მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს (მაგალითად, IP მისამართს) შლის. გარდა ამისა, DuckDuckGo-ს გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები Anthropic-სა და OpenAI-სთან, რაც ამ კომპანიებს უკრძალავს Duck.ai-დან მიღებული მონაცემების შენახვასა და მოდელების წვრთნისთვის გამოყენებას.

კიდევ ერთი ალტერნატივაა Proton Lumo, რომელიც ღია კოდის მქონე მოდელების მოდიფიცირებულ ვერსიებს იყენებს და მომხმარებელთა მონაცემებს წვრთნისთვის არ აგროვებს. მიმოწერები დაშიფრულია და თავად Proton-საც კი არ აქვს მასზე წვდომა. ასევე დაცულია Apple-ის უახლესი Siri, რომელიც iOS 27-შია ინტეგრირებული. მოთხოვნები, რომლებსაც თავად მოწყობილობა ამუშავებს, ტელეფონშივე რჩება, ხოლო უფრო რთული დავალებები ღრუბლოვან სივრცეში (Cloud) სრულდება ისე, რომ მასზე წვდომა არც Apple-ს აქვს და არც მესამე პირებს.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ხელოვნური ინტელექტი არ არის სრულად დაცული, საიმედო მეგობარი. პარამეტრების მორგება და გაზიარებული ინფორმაციის გაფილტვრა საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ თქვენი პირადი მონაცემები უსაფრთხოდ დარჩეს.

წყარო: nytimes.com

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები