ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პეკინის ტიანტანის ჰოსპიტლის მეცნიერებმა მასშტაბური კვლევა გამოაქვეყნეს, რომელიც 1990 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში 10-დან 24 წლამდე ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას აანალიზებს.
ჟურნალ Molecular Psychiatry-ში გამოქვეყნებული ნაშრომი ადასტურებს, რომ COVID-19-ის პანდემია გარდამტეხი და კრიტიკული წერტილი აღმოჩნდა მოზარდების ფსიქოემოციური მდგომარეობისთვის.
რა აჩვენა 30 წლიანმა კვლევამ?
31-წლიანმა მასშტაბურმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ თანამედროვე ახალგაზრდებში ყველაზე გავრცელებულ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას შფოთვითი აშლილობა წარმოადგენს, რომელსაც სიხშირით ქცევითი დარღვევები, დეპრესია და აუტიზმის სპექტრის მდგომარეობები მოსდევს. კვლევის მიხედვით, 2021 წლისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევები 10-დან 19 წლამდე მოზარდების 15.2%-ს აღენიშნებოდა, ხოლო 20-24 წლის ახალგაზრდა ზრდასრულებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო საყურადღებოა და 16.1%-ს აღწევს.
კვლევამ გამოავლინა საინტერესო დინამიკა: პანდემიის პერიოდში (2019-2021 წწ.) მნიშვნელოვნად გაიზარდა დეპრესიისა და შფოთვის მაჩვენებლები, რაც მეცნიერების აზრით, სოციალურმა იზოლაციამ და გაურკვევლობამ გამოიწვია.
თუმცა, დაფიქსირდა მოულოდნელი ტენდენციაც. ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების (SUD) მაჩვენებელი პანდემიის დროს შემცირდა, რაც სავარაუდოდ სოციალური შეკრებების აკრძალვასა და ხელმისაწვდომობის შეზღუდვას უკავშირდება.
მეცნიერებმა მნიშვნელოვანი სქესობრივი და რეგიონული განსხვავებები განსაზღვრეს: მამაკაცებში უფრო ხშირია ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) და აუტიზმის სპექტრის დარღვევები, მაშინ როცა ქალებში კვებითი აშლილობა (კერძოდ, ანორექსია) და დეპრესიული მდგომარეობები დომინირებს. საინტერესოა რეგიონული ტენდენციაც, რადგან ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები სწორედ მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში დაფიქსირდა.
რატომ არის ეს კვლევა მნიშვნელოვანი?
მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ფსიქიკური დარღვევები ახალგაზრდებში შრომისუუნარობისა და ცხოვრების ხარისხის გაუარესების მთავარი მიზეზი გახდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სასწრაფოდ საჭიროა ასაკზე მორგებული, სქესის გათვალისწინებით შემუშავებული და რეგიონულ საჭიროებებზე ორიენტირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგიების დანერგვა. მიღებული მონაცემები დაეხმარება სახელმწიფოებს, უკეთ დაგეგმონ პრევენციული პროგრამები და შექმნან ისეთი სერვისები, რომლებიც ახალგაზრდებს კრიზისულ პერიოდებთან ეფექტურად გამკლავებაში დაეხმარება.
წყარო: Nature

