ექიმები დიდი ხანია ვარაუდობენ, რომ თვალი მხოლოდ მხედველობის ორგანო არ არის და ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობის ერთგვარ სარკეს წარმოადგენს. ახლა კი, ხელოვნური ინტელექტის (AI) დახმარებით, ეს მეტაფორა ზუსტ კლინიკურ ინსტრუმენტად იქცევა. დიდ ბრიტანეთში მასშტაბური პროექტი იწყება, რომელიც თვალის რუტინული სკანირებით დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას ისახავს მიზნად.
პროცესის მექანიზმი მარტივი, მაგრამ ტექნოლოგიურად საკმაოდ კომპლექსურია. ტექნოლოგია თვალის ფსკერზე არსებულ უმცირეს სისხლძარღვებსა და ნერვულ ქსოვილს დააკვირდება. AI ამ ვიზუალურ მონაცემებს პაციენტის ეროვნულ სამედიცინო ჩანაწერებთან (NHS) გააერთიანებს და იმ მიკროსკოპულ ცვლილებებს ამოიცნობს, რომლებიც დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე ბევრად ადრე იჩენს თავს. მარტივად რომ ვთქვათ, ალგორითმი დაინახავს იმას, რისი შემჩნევაც ექიმისთვის ან ტრადიციული დიაგნოსტიკისთვის თითქმის შეუძლებელია.
ამ ინოვაციური პროექტის განსახორციელებლად, სანდერლენდის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულმა ჩრდილოეთის ოფთალმოლოგიური კვლევებისა და ინოვაციების ცენტრმა (NORI), ბრიტანეთის მთავრობისგან 12.2 მილიონი ფუნტი სტერლინგის დაფინანსება მიიღო. NORI ერთ-ერთია იმ ხუთი ახალი მაღალტექნოლოგიური ჰაბიდან, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით დაავადებათა დიაგნოსტირების მეთოდების რადიკალურად გაუმჯობესებაზე მუშაობენ.
მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე სისტემა დიაბეტსა და გულის დაავადებებზე ფოკუსირდება, პოტენციალი გაცილებით მასშტაბურია — სამომავლოდ მეთოდი დემენციისა და ინსულტის რისკების შესაფასებლადაც გაფართოვდება. როგორც NORI-ს თანადირექტორი, მეთიუ კემპბელი აღნიშნავს, მიღებული ინვესტიცია ახალ ჯანდაცვის ეკოსისტემას ქმნის და ტექნოლოგიის არა მხოლოდ ლოკალურად დახვეწას, არამედ მის საერთაშორისო ბაზარზე გატანასაც უზრუნველყოფს.
„ადრეული დიაგნოსტიკა პაციენტებისთვის უკეთეს შედეგებსა და ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლის შემცირებას ნიშნავს“, — განაცხადა ბრიტანეთის მეცნიერების მინისტრმა, კრის მაკდონალდმა კვლევითი ცენტრის მონახულებისას.
წყარო: BBC

