დღეს ყოველი მესამე ზრდასრული უძილობას უჩივის. ეს საგანგაშო მაჩვენებელია, რადგან ინსომნია ხშირად ისეთი მძიმე დაავადებების სათავეა, როგორიცაა დიაბეტი ან გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ეფექტური თერაპია ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის, სტანდარტული საძილე მედიკამენტები კი ხშირად იწვევს მიჩვევას. სწორედ ამიტომ, პაციენტთა უმრავლესობა გამოსავალს ურეცეპტო საშუალებებში ეძებს.
ამ პრეპარატების რეალური ეფექტურობის გამოსავლენად, მეცნიერებმა 52 რანდომიზებული კვლევა შეაჯამეს. მათ დეტალურად შეისწავლეს 34 მცენარეული ფორმულისა და 16 საკვები დანამატის ეფექტურობა, 18-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანებში.
მცენარეული საშუალებები
მიმოხილვაში განსაკუთრებული ადგილი მცენარეულმა პრეპარატებმა დაიკავა. კვლევებმა აჩვენა, რომ ვალერიანის ფესვი არა მხოლოდ აჩქარებს ჩაძინებას, არამედ საგრძნობლად აუმჯობესებს ძილის ხარისხსაც. ზოგ შემთხვევაში მისი ეფექტი რეცეპტით გასაცემ მედიკამენტებსაც კი გაუტოლდა.
მსგავსი შედეგი გამოავლინა ზაფრანმა და ლავანდამაც. ზაფრანის ექსტრაქტი ეხმარება მათ, ვისაც ღამით ხშირი გამოღვიძება აწუხებს, ლავანდა კი ძილის საერთო ხარისხს აუმჯობესებს.
საინტერესოა ისიც, რომ სხვადასხვა ჯგუფისთვის განსხვავებული საშუალებები აღმოჩნდა სასარგებლო: მაგალითად, გვირილის ჩაი – მშობიარობის შემდგომი უძილობისას, ხოლო სალათის ფოთლის თესლის სიროფი – ორსულებსა და ონკოლოგიურ პაციენტებში. რაც მთავარია, ამ მცენარეული საშუალებების მიღებისას სერიოზული გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა.
მელატონინი და საკვები დანამატები
დანამატებს შორის ყველაზე პოპულარული კვლავ მელატონინია. ათიდან შვიდ შემთხვევაში მან დადებითი შედეგი აჩვენა: ძილი გახანგრძლივდა, დღისით კი ადამიანები თავს ბევრად მხნედ გრძნობდნენ. ეს საშუალება შეუცვლელია მათთვის, ვისაც ცირკადული რიტმი (ორგანიზმის “შინაგანი საათი”, რომელიც ძილისა და ღვიძილის ფაზებს მართავს) აქვთ არეული.
მელატონინის გარდა, პლაცებოზე ეფექტური აღმოჩნდა მაგნიუმი, B და E ვიტამინები, ასევე გარკვეულწილად პრობიოტიკებიც. ყველა ეს საშუალება უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.
რაც შეეხება ურეცეპტო მედიკამენტებს, კვლევაში მხოლოდ დიფენჰიდრამინი მოხვდა. მართალია, მან საკვლევ პირებში ჩაძინება გააადვილა, თუმცა მეორე დღეს პაციენტებში გამოვლინდა თავბრუსხვევა, ძილიანობა და რეაქციების შენელება.
იმედისმომცემი შედეგბის მიუხედავად, გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოებაც. მთავარი პრობლემა ისაა, რომ საკვები დანამატები ისე მკაცრად არ კონტროლდება, როგორც წამლები, რაც დოზირების უზუსტობის რისკს აჩენს. გარდა ამისა, კვლევების უმეტესობა მხოლოდ ოთხ კვირას გრძელდებოდა, ამიტომ მათი გრძელვადიანი ეფექტი ჯერ კიდევ შესასწავლია.
ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კვლევების უმეტესობა ჯანმრთელ ადამიანებზე ჩატარდა. მათთვის, ვისაც დეპრესია ან შფოთვა აწუხებს, ამ დანამატების ეფექტი შესაძლოა განსხვავებული იყოს. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი დანამატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
წყარო: Sleep Medicine

