ქართველი მკვლევრის, გიორგი შალამბერიძის თანაავტორობით, ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალში მძიმე ტრავმების დროს სისხლძარღვების სწრაფი დიაგნოსტიკის შესახებ ახალი კვლევა გამოქვეყნდა

გააზიარე

ქართველი მკვლევრის, გიორგი შალამბერიძის თანაავტორობით, სამეცნიერო ჟურნალ British Journal of Radiology-ში (BJR) ახალი ნაშრომი გამოქვეყნდა. კვლევა, რომელიც ბადენის კანტონალურ ჰოსპიტალსა და ციურიხის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე შესრულდა, პოლიტრავმის მქონე პაციენტებში თავისა და კისრის სისხლძარღვების სწრაფი დიაგნოსტიკის ეფექტიანობას აფასებს.

მძიმე, მრავლობითი ტრავმების დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია კისრისა და თავის ტვინის არტერიების დაზიანების სწრაფი გამოვლენა. სტანდარტულად, ამისთვის სპეციალიზებული ნეირორადიოლოგიური კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფია (CTA) გამოიყენება, მაგრამ გადაუდებელ სიტუაციებში პაციენტებს ხშირად მთელი სხეულის კომპიუტერული ტომოგრაფია (WBCT) უტარდებათ ე.წ. ორმაგი ბოლუსის (split-bolus) პროტოკოლით — მეთოდით, როდესაც საკონტრასტო ნივთიერება ორ ეტაპად შეჰყავთ, რათა ერთ სკანირებაში როგორც ორგანოები, ისე სისხლძარღვები გამოჩნდეს.

გიორგი შალამბერიძემ და მისმა კოლეგებმა 260 პაციენტის მონაცემები გააანალიზეს და ეს ორი მეთოდი ერთმანეთს შეადარეს. მკვლევრებმა კისრისა და თავის ტვინის 15 არტერიულ სეგმენტში სისხლძარღვების კონტრასტირების ხარისხი გაზომეს, ხოლო გამოსახულების დიაგნოსტიკური სიზუსტე ხუთმა დამოუკიდებელმა რადიოლოგმა შეაფასა.

კვლევამ აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სპეციალიზებული ნეირორადიოლოგიური ანგიოგრაფია არტერიების უფრო მაღალ კონტრასტულობას იძლევა, მთელი სხეულის ტომოგრაფიის (split-bolus WBCT) პროტოკოლი ყველა სეგმენტში სისხლძარღვების სრულიად საკმარის ვიზუალიზაციასა და მაღალ დიაგნოსტიკურ სიზუსტეს უზრუნველყოფს (ხუთიდან ოთხი რადიოლოგის შეფასებით, მეთოდებს შორის დიაგნოსტიკურ სიზუსტეში მნიშვნელოვანი სხვაობა არ დაფიქსირებულა).

ეს მიგნება კლინიკური პრაქტიკისთვის მნიშვნელოვანია: პოლიტრავმის მქონე პაციენტებში მთელი სხეულის ერთჯერადი სკანირება ექიმებს საშუალებას აძლევს, თავისა და კისრის სისხლძარღვების მდგომარეობა დამატებითი კვლევის გარეშე, პირველადი შეფასებისთანავე საიმედოდ შეისწავლონ. ეს გადაუდებელ მედიცინაში ძვირფას დროს ზოგავს და პაციენტს ზედმეტი რადიაციული დასხივებისა და საკონტრასტო ნივთიერების დამატებითი დოზისგან იცავს.

კვლევა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები