back to top

ხელოვნური სისხლი ყველასთვის

გააზიარე

იაპონელმა მეცნიერებმა უნივერსალური ხელოვნური სისხლის კლინიკური კვლევები დაიწყეს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც მიზნად ისახავს სისხლის გლობალური დეფიციტის დაძლევას და რევოლუციას გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სფეროში. კვლევა ტარდება ნარას სამედიცინო უნივერსიტეტში, პროფესორ ჰირომი საკაის ლაბორატორიაში. მისი მთავარი ამოცანაა უსაფრთხო და ხანგრძლივმოქმედი სისხლის შემცვლელის შექმნა, რომლის გადასხმა ნებისმიერი სისხლის ჯგუფის მქონე პაციენტს შეეძლება. ეს კი მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. (Azuma და სხვ. 2022).

რა არის უნივერსალური ხელოვნური სისხლი?

ეს ხელოვნური პროდუქტი შეიცავს ე.წ. ჰემოგლობინის ვეზიკულებს (HbVs),  მიკროსკოპული ზომის, უჯრედის მსგავს, ნაწილაკებს, რომლებიც შექმნილია ერითროციტების მიერ ჟანგბადის გადატანის ფუნქციის იმიტაციისთვის. ისინი მზადდება ვადაგასული დონორული სისხლიდან ჰემოგლობინის მოპოვებით და მისი ლიპიდურ კაფსულებში მოთავსებით.

ხელოვნური სისხლის ძირითადი მახასიათებლები:

  • არის უნივერსალურად თავსებადი.  არ შეიცავს სისხლის ჯგუფის ანტიგენებს, რის გამოც მისი მიღება ყველას შეუძლია.
  • არის ვირუსებისგან თავისუფალი – გაფილტვრა და კაფსულირება პათოგენებს ანადგურებს.
  • არის გრძელვადიანი და ინახება დაახლოებით ორი წელი. ეს ბევრად აღემატება დონორული სისხლის შენახვის ხანგრძლივობას (Azuma და სხვ. 2022).

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

მსოფლიოში სისხლის დეფიციტი ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. ყოველწლიურად დაახლოებით 118 მილიონი ერთეული სისხლი იკრიბება, თუმცა მისი 40% მაღალშემოსავლიან ქვეყნებზე მოდის, სადაც მხოლოდ მსოფლიო მოსახლეობის 16% ცხოვრობს (WHO, 2024). დანარჩენ 84%-ს კი გასანაწილებლად მხოლოდ 60% სისხლი რჩება. შედეგად, დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში სისხლის მუდმივი ნაკლებობაა, რაც ზრდის სიკვდილიანობას ტრავმების, ოპერაციების, მშობიარობისა და ინფექციური დაავადებების დროს.

ხელოვნურ სისხლს, რომელიც უნივერსალურად თავსებადი იქნება, გამოიყენებენ გადაუდებელ შემთხვევებში, კრიზისულ ზონებში, შორეულ ან რესურსებით ღარიბ ადგილებში. ეს კი გაზრდის სიცოცხლის გადარჩენის მაჩვენებელს იმ შემთხვევებში, როდესაც შესაბამისი სისხლის ჯგუფის პოვნა შეუძლებელია (Newsweek, 2025).

რა ეტაპზეა პროცესი

2025 წლის მარტში ნარას სამედიცინო უნივერსიტეტმა უსაფრთხოების შესაფასებლად 100–400 მლ ხელოვნური სისხლი გადაუსხა 16 ჯანმრთელ ზრდასრულ მოხალისეს. შემდეგი ეტაპებია ეფექტურობის ტესტირება და შესაძლო გვერდითი მოვლენების მონიტორინგი (Newsweek, 2025).

კლინიკური კვლევების შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი

პირველ რიგში – უსაფრთხოება. კვლევის პირველმა შედეგებმა აჩვენა მხოლოდ მსუბუქი და დროებითი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა დაბალი სიცხე ან გამონაყარი, რომლებიც სწრაფად გაქრა (Azuma და სხვ. 2022).

სიღრმისეული მონიტორინგი  – მოხალისეებს სრულყოფილად უმოწმებდნენ სასიცოცხლო მაჩვენებლებს, სისხლის ქიმიასა და იმუნურ რეაქციებს.

დოზის ეტაპობრივი ზრდა – კვლევა მცირე დოზებით დაიწყო, რომელიც ეტაპობრივად იზრდებოდა. გადასხმამდე მოხალისეები იღებდნენ პრეპარატებს, რომ შემცირებულიყო შესაძლო რეაქციების რისკი.

კვლევა ეფუძნება 2022 წელს ჩატარებული ფაზა 1-ის მოდელს, რომელმაც აჩვენა, რომ ჰემოგლობინის ვეზიკულები ადამიანის ორგანიზმში ჟანგბადის გადატანისთვის უსაფრთხოა და იწვევს მხოლოდ მცირე და დროებით თვითგმავალ ეფექტებს (Azuma და სხვ. 2022).

რას ფიქრობენ ექსპერტები?

ბრისტოლის უნივერსიტეტის უჯრედული ბიოლოგიის ექსპერტი, პროფესორი ეშ ტოი (Ash Toye), იაპონურ კვლევას ტრანსფუზიური მედიცინის განვითარებისთვის პოტენციურად ამაღელვებელ ნაბიჯს უწოდებს. მისი თქმით, წარსულში ხელოვნური სისხლის პროდუქტებმა ვერ დაამტკიცეს ეფექტურობა უსაფრთხოების პრობლემებისა და ჟანგბადის არასაკმარისი მიწოდების გამო, თუმცა ჰემოგლობინის ვეზიკულებს აქვთ პოტენციალი ამ პრობლემების გადაჭრისთვის (Newsweek, 2025).  ტოი ასვე აღნიშნავს, რომ ხელოვნური სისხლის საფუძველი ისევ ადამიანური ჰემოგლობინია, ამიტომ მასობრივი წარმოებისთვის საჭირო იქნება ახალი წყაროების მოძიება, მაგალითად  რეკომბინანტური (უჯრედული კულტურით გამოყვანილი) ჰემოგლობინის.

სამომავლო გეგმები

თუ ეს კვლევები წარმატებით გაგრძელდა, ნარას უნივერსიტეტი გეგმავს უფრო მასშტაბური კლინიკური კვლევების ჩატარებას და ნებართვების მიღებას, რომ ხელოვნური სისხლის გამოყენება 2030 წლისთვის დაიწყოს. (Newsweek, 2025)

წარმატების შემთხვევაში, ეს ტექნოლოგია, არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მთელ მსოფლიოში, ტრავმატოლოგიას, ქირურგიასა და ქრონიკული დაავადებების მკურნალობას რადიკალურად შეცვლის.

დამატებითი ინფორმაცია:

Azuma et al. (2022). Phase 1 trial of hemoglobin vesicles as artificial red blood cells. Blood Advances, 6(21), 5711–5713.

Newsweek. (2025, June). Clinical trials to test the use of universal artificial blood are under way in Japan.

World Health Organization. (2024). Blood safety and availability.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები