ბოლოს WhatsApp-ით ვეკონტაქტე. გამოცემისთვის “MEDSCRIPTUM”-თვის ინტერვიუ ვთხოვე. რამდენიმე წუთში ვიდეოზარით გადმომირეკა. სანამ სიახლეების მოყოლას მოვასწრებდი, კამერა შეაბრუნა და თავისი საფირმო, ბავშვური ღიმილით მითხრა: „ჩემი ჩაწერა რად გინდათ, სალომე ჩაწერეთ“. იქვე ინტერვიუზეც დაგვთანხმდა, რომელიც მის მოულოდნელ გაფრენამდე ვეღარ მოესწრო.
ასე გამაცნო სალომე ღვინეფაძე – როჩესტერის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც მასთან კალიფორნიაში სტუმრად იმყოფებოდა. ეს იყო ცოტნე ჯავახიშვილი – მსოფლიო დონის მეცნიერი და ჩემი უახლოესი მეგობარი. იქვე დავპირდი, რომ სალომესთან არამხოლოდ ინტერვიუს ჩავწერდით, არამედ აუცილებლად ვითანამშრომლებდით. ორ წუთში Facebook-ზე ჩატი შექმნა, ორივე დაგვამატა და მოკლედ მოგვწერა: „სალომე/ანა კონტაქტ…“.
იმ დღეს უჩვეულოდ დაღლილი მომეჩვენა. ვიფიქრე, რომ უბრალოდ გადაიღალა. ბოლო პერიოდში ორ-სამ თვეში ერთხელ უწევდა ფრენა ორ კონტინენტს შორის – ამერიკიდან საქართველოში და უკან. აქაც გრანდიოზული, ეპოქალური გეგმები ჰქონდა, იქაც – მიმდინარე გლობალური კვლევები და უამრავი საქმე. მეც შევქმენი ჩატი, სადაც მარიკა სპარსიაშვილი და ეკა სარია ჩავამატე, რომ ინტერვიუს დროზე სწრაფად შევთანხმებულიყავით. ცალკე მომწერა: „მოგიბრუნდებით ცოტა ხანში. ოღონდ „ბატონოს“ მოეშვან, უთხარი…“.
საერთო ჩათში პასუხის დაბრუნება ვეღარ მოასწრო. ეს ჩვენი ბოლო საუბარი აღმოჩნდა. ზუსტად ორი დღის შემდეგ, მისმა პატარა თვითმფრინავმა Cessna-მ, რომელიც რამონას აეროპორტიდან აფრინდა, კავშირი დაკარგა და რადარებიდან გაუჩინარდა. მისი ფრენა წყნარი ოკეანის თავზე დასრულდა.
ეს სტატია ტრაგედიაზეა, ოღონდ არა მხოლოდ იმ პირად, მჭრელ კოშმარზე, რომელიც ცოტნეს გაუჩინარებას მოჰყვა, არამედ ჩვენი ქვეყნის დიდ ტრაგედიაზე. ახლა გვიწევს იმის გააზრება, თუ ვინ დავკარგეთ – უდიდესი ადამიანი, რომელიც იპყრობდა აბსოლუტურ მწვერვალებს მეცნიერებაში და ბოლო დროს განსაკუთრებულად აჩქარებდა დროს. ის ცდილობდა, საკუთარი უნიკალური ცოდნითა და გამოცდილებით საქართველოსთვის გლობალური კონკურენტული უპირატესობა შეექმნა.
ნაწილი I: მენტორი და შთაგონების წყარო — „სალომე ჩაწერეთ“
როგორც ცოტნესთან შევთანხმდით, ამ ნარატივს სალომეთი ვიწყებთ. სალომე ღვინეფაძე დღეს University of Rochester School of Medicine-ის სტუდენტია.
სალომე, როგორ გაიცანით ცოტნე ჯავახიშვილი და რა იყო თქვენი პირველი, ემოციური შთაბეჭდილება მასზე? ცოტნე პირველად აგრარულ უნივერსიტეტში ვნახე, როცა თბილისში ყოფნისას ბიოლოგიის სტუდენტებთან ლექციის წასაკითხად მოიწვიეს. მაშინვე წარუვალი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. სუნთქვაშეკრული, აღტაცებით ვუსმენდით ამერიკიდან ჩამოსულ ქართველ ბიოლოგს, რომელიც თავის უახლეს კვლევებზე ასეთი გატაცებით გვიყვებოდა. იმ დღეს ცოტნე პირადად არ გამიცნია, მაგრამ მისი მოსმენა ჩემთვის უდიდეს პროფესიულ მოტივაციად იქცა.
COVID-19 პანდემია რამდენიმე თვის დაწყებული იყო, როცა ჩემმა ჯგუფელმა ანასტასიამ მითხრა, რომ ახალი მოლეკულური სადიაგნოსტიკო ლაბორატორია იხსნებოდა, სადაც ბიოლოგებს ეძებდნენ. სიამოვნებით დავთანხმდი. მალე გაირკვა, რომ ამ სრულიად ახალი ეკოსისტემის, „გენომიქსის“ ერთ-ერთი სულიერი და სამეცნიერო ხელმძღვანელთაგან სწორედ ცოტნე იყო. ჩვენი პირველი ოფიციალური გასაუბრება ფეისბუკ-ზარით შედგა. „ბატონო ცოტნეთი“ მიმართვა, რა თქმა უნდა, თავიდანვე კატეგორიულად ამიკრძალა. ჩვენი ზარი, რომლისთვისაც უდიდესი ღელვით ვემზადებოდი, სულ რაღაც ორ-სამ წუთში გაწყდა. მოგვიანებით მითხრა: პირველ ათ წამში ვიგებ ადამიანზე ყველაფერს, რაც საჭიროაო.
ვიდეოზარიდან რამდენიმე თვეში ცოტნე თბილისში ჩამოვიდა. ველოდი, რომ ფორმალურად შეგვახვედრებდნენ და ვეტყოდი: „გამარჯობა, მე სალომე ვარ…“. „გენომიქსში“ საღამოს ცვლაში ვმუშაობდი და ტესტების შედეგებს ველოდებოდი. უცებ დერეფანში ცოტნემ ჩაიარა, ჩვენი ოთახისკენ გამოიხედა, ხელი დამიქნია და გამიღიმა: „ჰეი, სალო!“ – თითქოს მთელი ცხოვრებაა, დიდი ხნის მეგობრები ვიყავით. მერე დაიწყო პატარ-პატარა შიდა სემინარები, „საავტორო გაკვეთილები“ მხოლოდ ჩვენთვის, ექსპერიმენტები სტანდარტული საქმიანობის მიღმა და ღრმა სამეცნიერო განხილვები. ზოგჯერ, დღის ბოლოს, რამე ურთულეს ამოცანას ან გამოცანას დაგვიტოვებდა მოლეკულურ ბიოლოგიაზე და ჩვენც ბავშვური აზარტით, დასწრებაზე ვიყავით – ვინ გასცემდა პასუხს პირველი. როცა თბილისში არ იყო, ღამის სამ-ოთხ საათზე იღვიძებდა, რომ სან-დიეგოდან დისტანციურად დასწრებოდა ჩვენს ლაბორატორიულ შეხვედრებსა თუ პრეზენტაციებს.

რას გრძნობდით იმ მომენტში, როცა ჩვენი ვიდეოზარის დროს ღიმილით თქვა: „სალომე ჩაწერეთ“? მოშორებით ვიდექი და ჩემი სახელი რომ მომესმა, უნებლიეთ გამეცინა. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა ცოტნე ჩემსა და ჩემი თანატოლების პროფესიულ ასპარეზზე გამოჩენას უპირობოდ უჭერდა მხარს. ინტერვიუებზე ყოველთვის ვღელავ, მაგრამ ცოტნესგან ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის უდიდესი კომპლიმენტი და აღიარება იყო – ესე იგი, რაღაცას სწორად ვაკეთებდი და მის იმედებს ვამართლებდი.
როგორც როჩესტერის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტუდენტს, რა კვალი დატოვა ცოტნემ თქვენს პროფესიულ და პიროვნულ ხედვაზე? ბიოსამედიცინო მეცნიერების მიმართულებით ჩემი კარიერის განსაზღვრაში „გენომიქსში“ გატარებულმა დრომ უდიდესი როლი ითამაშა. ცოტნესგან ვისწავლე, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ლიდერი – როგორ მოუსმინო გუნდს და როგორ ახსნა ყველაზე მარტივად, ადამიანურ ენაზე ურთულესი ბიოლოგიური საკითხები. ყოველთვის გვიმეორებდა: „მთავარია აჩვენო, რისი გაკეთება შეგიძლია ახლა, ვიდრე ის, თუ აქამდე რა გიკეთებიაო“. ეს რჩევა დღემდე ჩემი უმთავრესი დასაყრდენია.
როგორც მეცნიერს, მას უნიკალური ალღო ჰქონდა – ყოველთვის უშეცდომოდ იცოდა, რა იქნებოდა „The next big thing”. მეცნიერებასა და გლობალურ პროგრესს განუყრელ მთლიანობად აღიქვამდა. მუდამ მიგვითითებდა, რომელი ახალი მეთოდები დაგვეუფლებინა, საით გაგვეხედა მომავალში. თითქოს მუდმივად რამდენიმე ნაბიჯით წინ იყო ყველა სიახლეზე, რაც კი მსოფლიოში იბადებოდა.
უზომოდ გამიმართლა, რომ მის სახით შეუცვლელი მასწავლებელი და მეგობარი მყავდა. ახალგაზრდების აზრი მისთვის ყოველთვის საინტერესო იყო და თბილისში მე და ჩემს თანაგუნდელებს თავიდანვე აბსოლუტურად მასშტაბური, „დიდური“ საქმეები გვანდო. ამან გამოცდილებასთან ერთად საკუთარი თავის რწმენა გაგვიასმაგა. ის მენტორობის იდეალური მაგალითი იყო. ამერიკაში სწავლის გაგრძელება რომ გადავწყვიტე, ყველაზე მეტად ის მგულშემატკივრობდა. აქ ჩამოსვლის შემდეგ ორჯერ ვესტუმრე და დამრჩა უამრავი მოგონება, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება: ფრენის გაკვეთილები, საავიაციო ანბანი, წყნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივ მანქანით მოგზაურობა და მისი წარმოუდგენელი ისტორიები… შეუძლებელი იყო მასთან ერთად მოგეწყინა. ვლაპარაკობდით ყველაფერზე: მეცნიერებაზე, საქართველოზე, ფილმებზე, ლიტერატურაზე. მაჩვენებდა თავის ძველ სამსახურებსა და საყვარელ ადგილებს კალიფორნიაში და თითოეულ მათგანს განსაკუთრებული, ცოტნესეული ისტორია ახლდა თან. მასთან ურთიერთობას არასდროს ჰქონია მშრალი ლექციის ფორმა, მაგრამ ყოველი საუბრის შემდეგ გრჩებოდა განცდა, რომ რაღაც სრულიად ახალი გაიგე სამყაროზეც და საკუთარ თავზეც.
“ცოტნეს ბავშვები” — გენეტიკური კოდიდან ვეფხისტყაოსნამდე
სალომე არ ყოფილა ერთადერთი. საქართველოში დაფუძნებულ „გენომიქსის“ ლაბორატორიაში მან სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების მთელი გუნდი შემოიკრიბა, რომლებთანაც დისტანციურ რეჟიმში, ყოველდღიურ, ცოცხალ კონტაქტზე იყო. მე „გენომიქსის ბავშვები“ სწორედ ასე გავიცანი — ბიოტექნოლოგიების მიმართულებით საქართველოში საგანმანათლებლო პროექტების დაწყება სურდა. როცა ამერიკის საელჩოს კურსდამთავრებულთა საგრანტო კონკურსი გამოცხადდა, შევთავაზე, პროექტის განაცხადის მომზადებაში დავეხმარებოდი. დედლაინამდე სულ 3-4 დღე იყო დარჩენილი. გავწერეთ საზაფხულო ბანაკის კონცეფცია სტუდენტებისთვის, თუმცა ტექნიკური დეტალების სრულად შევსება ვერ მოვასწარით და გაგზავნა გადავდეთ. თუმცა სასწავლო მოდული სრულად არის გაწერილი და ამ მიმართულებით გეგმებს მის გუნდთან ერთად აუცილებლად შევასრულებთ.
„გენომიქსში“ მათ ჩასაწერად მივედი, თუმცა შეხვედრა იმდენად ემოციური აღმოჩნდა, რომ ფიზიკური ინტერვიუირება უბრალოდ ვერ შევძელით – პასუხები წერილობით გადმომიგზავნეს.

მარიამ გაჩეჩილაძე, „გენომიქსის“ მკვლევარი: ეს დღეებია, გამალებით ვცდილობ გავიხსენო, თუ როგორ გავიცანი ცოტნე. არ მახსოვს სახელების ფორმალური გაცვლის, ხელის ჩამორთმევის ან ფამილიარულობის მომენტი, რომელიც მისთვის საკმაოდ გამაღიზიანებელიც კი იყო. ჩემი პირველი მოგონება იწყება „გენომიქსის“ ფოიეში ჩვენი აციმციმებული თვალებით და მისი დაუოკებელი სურვილით – გაეღვიძებინა, გაეზარდა და თავის გზაზე გაეშვა ჩვენში არსებული მოტივაცია, მეცნიერების მიმართ სიყვარული და ცნობისმოყვარეობა.
წლების განმავლობაში სულ ასე გრძელდებოდა: დავსხდებოდით წრეზე და ცოტნე გვაძლევდა თავსატეხებს, რომლებზეც პასუხი ხშირად სამყაროში საერთოდ არ არსებობდა. ეს კეთდებოდა იმისთვის, რომ ყველა კუთხით დაგვენახა ესა თუ ის საკითხი და შევჭიდებოდით კითხვებს, რომლებსაც ათწლეულებია მეცნიერება ეჭიდება. ან უბრალოდ, აღგვექვა ამ ყველაფრის სილამაზე – სიცოცხლის დახვეწილობა, დაწყებული გენეტიკური კოდიდან, დამთავრებული ვეფხისტყაოსნის სტრიქონებით.
ცოტნე სულ ბრაზობდა ოფიციალურ დასვენების დღეებზე, რადგან გულწრფელად ვერ ხვდებოდა, რისგან შეიძლება ყოფილიყო საჭირო დასვენება. ალბათ ცხოვრებაში ვერ გავიცნობ მასზე უფრო შრომისმოყვარე ადამიანს, მაგრამ მასთან მუშაობის ყოველდღიური პროცესი ყველაზე ჰაეროვანი, თავისუფალი და მხიარული იყო – მეცნიერებით, სიცილით, გეოპოლიტიკით, ალპინიზმით, ნავტიკული მილებით, სამომავლო გეგმებითა და უპირობო თანადგომით სავსე.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მან ანდერძად დაგვიტოვა, არის ბიოლოგიის, როგორც თავად სიცოცხლის, სიყვარული და ერთმანეთის გატანა. მისთვის უმთავრესი მაინც თავისუფლება და ადამიანურობა იყო – ცაში, ლაშქრობაში, მეცნიერებაში, ურთიერთობებსა თუ ხელოვნებაში. როგორც თვითონ ამბობდა, მისთვის „გენომიქსი“ იყო არა რაიმე ფიზიკური შენობა ან დაწესებულება, არამედ ხალხი. ამიტომ, ამ სივრცის მომავალსაც ჩვენს ინდივიდუალურ წარმატებებში ხედავდა, რომლებიც საიმედოდ გაერთიანდებოდნენ მომავალში. სულ ცდილობდა შეექმნა გზა, რათა ქართველ სტუდენტში მეცნიერების სურვილი დაბადებულიყო და ჰქონოდა ადგილი ამ ნიჭის რეალიზაციისთვის.
სულ მიკვირდა, როგორ გვხედავდა ცოტნე ასე აღმატებულად. მგონია, რომ ჩემი, როგორც მეცნიერის განვითარების უდიდესი მოტივაცია სწორედ ის არის, რომ როგორმე შევძლო და ოდნავ მაინც დავემსგავსო იმ პიროვნებას, რომელიც მის თვალში ვიყავი. მისი დაწყებული საქმის გაგრძელება გარდაუვალია. ვინც ცოტნეს იცნობდა, ყველაში ერთი საერთო მუხტი იგრძნობა: არ დარჩეს არცერთი მისი იდეა დაუსრულებელი.
ირინა მამფორია, „გენომიქსის“ მკვლევარი: ცოტნე განსაკუთრებული ადამიანი იყო და რაღაც სხვანაირად, გულანთებულად უყვარდა თავისი საქმე, რაც მომენტალურად გადამდები ხდებოდა. რაც არ უნდა გაგვჭირვებოდა, ზურგს უკან მუდამ ვგრძნობდით მის საიმედო საყრდენს. როცა ის გავიცანი, ჩემი სპეციალობით არ ვმუშაობდი. გაიგო თუ არა, რომ ბიოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, საოცრად გაუხარდა; დაუსრულებლად მესაუბრებოდა მეცნიერებაზე, ჩემს ინტერესებზე, თავის ყოველ სემინარსა და შეხვედრას მესწრებდა. მალე ლაბორატორიაში გადავედი. ყველაფერს აკეთებდა, რომ ბიოლოგიის მიმართ ჩემი ინტერესი გაღრმავებულიყო.
მგონია, რომ ის წამითაც არ წყვეტდა მუშაობასა და ფიქრს. ერთ დღეს, თბილისის დროით შუადღის სამ საათზე, ცოტნესგან მესიჯი მივიღე: „იყო ერთი სუპერჩემპიონი მოთხილამურე – ჟან-კლოდ კილი. ჰქონდა ერთი წესი: ტრასაზე მიდი პირველი და წამოდი ბოლო. დანარჩენი – mother nature…“ მასთან, სან-დიეგოში, ამ დროს ღამის ოთხი საათი იქნებოდა. ერთხელ გვითხრა: დასვენების დღეები იმიტომ უნდა გიხაროდეთ, რომ ამ დროს შეგიძლიათ უფრო მეტი წაიკითხოთ და ისწავლოთო.
საკონფერენციო ოთახში შეგვკრებდა ხოლმე, სემინარს ჩაგვიტარებდა და მერე თემებს გაგვინაწილებდა პრეზენტაციისთვის. წინა დღეს ყველასთან სათითაოდ ახერხებდა ინდივიდუალურ კონსულტაციას. ერთი წითელი, რბილი ბურთი გვქონდა, ხუმრობდა – რამე თუ შეგეშლებათ, ბურთი მოგხვდებათო. არ მახსოვს, ვინმეს მოხვედროდეს (არადა გვეშლებოდა), პირიქით – შორიდან ცერა თითებს გვიჩვენებდა გასამხნევებლად. დასრულებისას კი გულიანად გვაქებდა: „ირო, მაგარ…“ და ისევ ცერა თითები. სულ მემახსოვრება მისი სიტყვები: „რა არის ექსპერიმენტი? ეს არის კითხვა, რომელსაც უსვამ ბუნებას. მთავარია, ეს კითხვა სწორად დასვა, რომ უტყუარი პასუხიც მიიღო“. სამსახურს მიღმა რამდენიმე საყვარელი ადგილი ჰქონდა ლანჩისთვის. თან აუცილებლად მიგვქონდა ფანქრები და ფლომასტერები. ნებართვას აიღებდა და პირდაპირ მენიუს ფურცლებზე ვიწყებდით წერას, ხატვას, ფორმულების ანგარიშს. მერე სახლში მოგვქონდა ჩვენი „ნაჯღაპნები“, როგორც თავად ეძახდა. ერთხელ, რომელიღაც რესტორანში უარი გვითხრეს, მენიუზე ნუ ხატავთ, სუფთა ფურცელს მოგცემთო – მას შემდეგ იმ ადგილას აღარ მივსულვართ. ამ შეხვედრებზე ხან მუსიკას ვუსმენდით, ხან ვეფხისტყაოსანზე ვსაუბრობდით, ხან დარვინზე, ვაჟაზე, იოჰან კრუიფზე, დნმ-სა და ცილებზე. ასე გაგვზარდა – პროფესიულადაც და პიროვნულადაც.
ერთხელ სამეცნიერო პოსტერზე ვმუშაობდით – თემა „მანათობელი ცილები და სინთეტური ბიოლოგია“ იყო და საოცრად უხაროდა. დროში ძალიან ვიწვოდით, დასაბეჭდად უნდა გადაგვეგზავნა. გადაღლილობისგან მე და მაკი ავცანცარდით, ვხუმრობდით, ვიცინოდით. თვითონაც ეცინებოდა, მაგრამ რამდენჯერმე გაგვიმეორა, ახლა მაგისი დრო არ არისო. მაინც არ მოვისვენეთ. ბოლოს მკაცრი სახით გვითხრა: მორჩით მაიმუნობას, გინდათ მოგექცეთ, როგორც ნამდვილი უფროსი? რაზეც მაკიმ მშვიდად შეხედა და უპასუხა: ცოტნეე, ახლა მაგის დრო არ არის! გულიანად იცინა, საოცრად მოეწონა ეს სიტყვა-პასუხი და სამახსოვროდ ვიდეოც გადაგვიღო, როგორ ვამბობთ ამ ფრაზას. მან შეკრა ქართველი, ახალგაზრდა, დამწყები მეცნიერების უძლიერესი გუნდი. ძალიან მიჭირს, როდესაც ცოტნეზე ვწერ „იყო“. ცოტნე სულ იქნება.“
ნაწილი II: გეგმები საქართველოში — „მინდა მანდ ჩამოსვლა“
„9 აპრილის შემდეგ წამოვედი და ვიცოდი, რომ საქართველო დამოუკიდებელი იყო. ახლა აქ ვეღარ გავჩერდები. უნდა ჩამოვიდე“. ამ დიდმა სურვილმა სრულიად კონკრეტული ინსტიტუციური ფორმა მიიღო საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, რასაც ქვეყანაში სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტის დაფუძნება მოჰყვა. მისი უმთავრესი სტრატეგიული მიზანი საქართველოსთვის გლობალურ ბიოტექნოლოგიურ რუკაზე წამყვანი ადგილის დამკვიდრება იყო.
მერაბ თოფურია, საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სკოლის დირექტორი: „ჩვენი ნაცნობობა ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან დაიწყო – ერთ ძველ თბილისურ, იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით. და იცით, რა ქუჩაზე? ლუი პასტერის სახელობის ქუჩაზე. ექვსი წლით უმცროსი იყო ჩემზე, მაგრამ ხშირად ვთამაშობდით. საოცრად საინტერესო ბავშვი იყო. შემდეგ მათი ოჯახი გადავიდა და დიდი ხანი აღარ მყავდა ნანახი. უნივერსიტეტში ჩვენ უკვე გვქონდა იმუნოლოგიისა და ჰემატოლოგიის, ასევე მოლეკულური ბიოლოგიისა და გენური რედაქტირების ინსტიტუტები. ლოგიკური იყო, რომ მთელი ეს სამეცნიერო ინფრასტრუქტურა სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტს შეეკრა. ცოტნეს ჯერ უნივერსიტეტში შევხვდი, მას ჰქონდა საინტერესო იდეები, შემდეგ უკვე კონკრეტული შეთავაზებით შევეხმიანე და ასე დაიწყო ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი.
ბიოტექნოლოგიების გლობალური ტალღა ათიანი წლებიდან მოდის და ეს მიმართულება მსოფლიოში პიტერ შულცმა და მასთან ერთად ცოტნე ჯავახიშვილმა – ამ ორმა ადამიანმა შექმნა. ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ამ ინსტიტუტს და ცოტნეს მემკვიდრეობას განუსაზღვრელი შესაძლებლობები აქვს – გათიშო ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედი, შექმნა ხელოვნური დნმ, ახალი ცოცხალი ორგანიზმი გამოიყვანო, შექმნა ინოვაციური წამალი და ეს უნიკალური ცოდნა მსოფლიოს შესთავაზო. იყო მოწინავე, შექმნა ახალი მეცნიერება.
რაც შეეხება მის ჩართულობას, სივრცის სამშენებლო პროექტი კი გავაკეთეთ, მაგრამ რეალური პროექტი ცოტნეს თავში ჰქონდა. მოდიოდა, პირადად ამოწმებდა კაფელის ფილებს, კედლების ფერს, ადგილზე ცვლიდა დეტალებს და გვეუბნებოდა, რა როგორ გაგვეკეთებინა. ის იყო საოცარი პიროვნება, თითქოს ყველაში, ვისთანაც კი ურთიერთობა ჰქონდა, საკუთარი თავის გარკვეული წილი დატოვა. სადა – ალბათ ეს სიტყვა გამოხატავს მას საუკეთესოდ; მარტივი ურთიერთობებში და უსასრულოდ ღრმა. ზეპატიოსანი და ზეთავმდაბალი. ეს არ იყო ჩვეულებრივი ჩამოსხმის ადამიანი, სხვანაირი სისხლი ჩქეფდა მასში.“
ანასტასია გურასპაშვილი, მკვლევარი: „ცოტნე 7 წლის წინ გავიცანი, როცა აგრარულ უნივერსიტეტში მეორე კურსზე ვსწავლობდი. როცა თბილისში ჩამოდიოდა, ჩვენი ლექტორები მასთან მეგობრობდნენ და ლექციების წასაკითხად იწვევდნენ. ერთ-ერთ შეხვედრაზე, სადაც თავის კვლევასა და გამოქვეყნებულ სტატიაზე საუბრობდა, რაღაც სპეციფიკური კითხვა დავუსვი. ძალიან მოეწონა. ლექციის შემდეგ დამტოვა და მითხრა: ისეთი კითხვა დამისვი, რომელზეც პასუხს ჩვენი ლაბორატორია ერთი წელი ეძებდაო. თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ. ამის მერე, კოვიდის პერიოდში, ფუძნდება ლაბორატორია „გენომიქსი“, ცოტნე დამეკონტაქტა და მითხრა, რომ მასთან უნდა მემუშავა. 4 წელი ვიყავი გენომიქსის წევრი. იქიდან დეკემბერში წამოვედი, თებერვლიდან კი ცოტნე ახალი ინსტიტუტის ამბით შემეხმიანა. ჯერ მე გამაფორმა ინსტიტუტში, როგორც სულ პირველი თანამშრომელი, და მერე თავად გააფორმა ხელშეკრულება. ამ შვიდი წლის განმავლობაში, სადაც პროფესიულად წავიდა, ყველგან წამიყვანა.
ყველა მის ნაბიჯს ერთადერთი მიზანი ჰქონდა – ახალგაზრდები მაქსიმალურად ჩართულები ყოფილიყვნენ. პატარა ბავშვივით უხაროდა, როცა ლაბორატორიისთვის უახლესი აპარატურა, ნანოპორი ჩამოგვივიდა. საქმეს, რომელსაც ახლა საფუძველს ჩავუყრით, რეგიონში ანალოგი არ გააჩნია. ეს ტექნოლოგია დაპატენტებულია, წვდომა შეზღუდულია, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებსაც კი არ აქვთ და ცოტნე ამ ყველაფრის უმნიშვნელოვანესი თანაავტორი იყო. აქ შექმნილი შესაძლებლობებით, რეალურად, მსოფლიომ შეიძლება ისწავლოს.
ჩემთვის ის მშობლის ტოლფასი იყო, ქმნიდა არანორმალური მფარველობისა და მხარდაჭერის განცდას, განსაკუთრებით განათლების ნაწილში. ღამეს გაათენებდა, რომ თუ რამე გქონდა გასაკეთებელი, ბოლომდე მიგეყვანა. მასთან ასაკობრივი სხვაობა ან რეგალიები საერთოდ არ იგრძნობოდა. ეკონომიკურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, როცა ხელმისაწვდომს ხდი და აჯერებ ადამიანებს, რომ აქ, საქართველოში, რეალურად შეგიძლია აკეთო ის, რაც ნობელის პრემიაზეა წარდგენილი, ეს ხელშესახები ხდება და რწმენას გიბრუნებს.
წელს დიდ ბრიტანეთში, შეფილდის უნივერსიტეტში ჩავირიცხე. ცოტნემ მითხრა: ახლა ყველაზე მეტად მინდა, რომ წახვიდე და, ამავდროულად, ყველაზე მეტად არ მინდაო. თავად იყო ჩემი რეკომენდატორი. მე ისე ვქენი, უნივერსიტეტს მივწერე, სწავლა ერთი წლით გადავავადე და ცოტნეს ვუთხარი – ენის სერტიფიკატს ვადა გაუვიდა-მეთქი. დავრჩი, რადგან ეს ინსტიტუტი ზუსტად ისეთი უნდა გაკეთდეს, როგორიც მას უნდოდა. როგორც წესი, თუ აქედან ამ დარგით მიდიხარ სასწავლებლად, უცხოეთში რჩები, რადგან უკან დაბრუნების შემთხვევაში პროფესიით მუშაობის პერსპექტივა ნულის ტოლია. ეს ინსტიტუტი სწორედ ამ პერსპექტივას აჩენს. ჩემს მაქსიმუმს ჩავდებ, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს.
სან-დიეგოდან რომ გვეკონტაქტებოდა, ხუმრობით „მგლებს, ნადირებსა და მხეცებს” გვეძახდა. ცოტნე საქმით იყო არანორმალურად ფემინისტი, ქალის სიძლიერის ყველა გამოვლინება აღაფრთოვანებდა და ხდებოდა შენი უპირობო მხარდამჭერი, რომ მაქსიმალურად გამოგევლინა თავი. მერე, როცა გაქრა… ერთი კვირა ან მეძინა, ან დავრბოდი. სირბილის დროს გონებაში სულ სამაშველო მარშრუტებს ვადგენდი, მესიზმრებოდა, რომ წყლიდან ამომყავდა. სულ რობინზონ კრუზოს ისტორიები უყვარდა. თავადაც ასეთი იყო. გგონია, რომ ახლაც სადღაც, შორეულ კუნძულზე კუბურ სიგარას ეწევა და ტეკილას სვამს. ეს გაუაზრებელი იმედი ალბათ სულ მექნება, იმიტომ რომ არ მინახავს, არ მიპოვია. მე მაქვს მისია, რა განვითარებაც არ უნდა მოჰყვეს მოვლენებს, ამ ინსტიტუტის საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს.“
ლიკა ჭყონია, „გენომიქსის“ დამფუძნებელი: „კოვიდის დაწყების პერიოდი იყო, როცა გადავწყვიტეთ შეგვექმნა მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის საფუძველი და ცოტნე სამეცნიერო ხელმძღვანელად მოვიწვიეთ. ახალგაზრდა ბიოლოგები ავიყვანეთ და მან მათ ისეთი მენტორობა გაუწია, მოლეკულური ბიოლოგია ისეთ დონეზე ასწავლა, რომ ჩვენი „ბავშვები“ მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან უნივერსიტეტში სამაგისტრო თუ სადოქტორო პროგრამებზე უპრობლემოდ მიიღეს. ლაბორატორიებში მათთვის უცხო არაფერი იყო. გვსურდა, საქართველოში ბიოტექნოლოგიური ინსტიტუტი განვითარებულიყო, როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო მიმართულებით. მაშინ დიდი ფინანსური სახსრების გამო ბოლომდე არ გამოგვივიდა, თუმცა ის ცოდნა, რაც მან ჩადო, დღესაც ცოცხლობს და „გენომიქსში“ უამრავი კვლევა ტარდება. ის ყოველდღიურად იყო ჩართული პროცესში. თბილისის დროით დილაადრიან უტარებდა სემინარებს მოლეკულურ ბიოლოგებს, აძლევდა დავალებებს, ისმენდა მოხსენებებს – მისი ფიზიკური არყოფნა ოკეანის მიღმა საერთოდ არ შეიმჩნეოდა.
ცოტნე იმდენად თავმდაბალი იყო, რომ მისი რეალური მასშტაბები მხოლოდ მას შემდეგ გავიგე, რაც დაიკარგა. მისი უახლოესი მეგობარი, მსოფლიო მეცნიერების ლეგენდა პიტერ შულცი როცა ვნახე, მითხრა: „მე არ ვარ აქ მთავარი, სინთეზურ ბიოლოგიაში რაც რევოლუცია მოხდა, სრულად ცოტნეს ინიციატივები და იდეები იყოო“. ჩვენ ეს ამხელა რეალობა არც კი ვიცოდით, რადგან თავად ხმამაღლა ამაზე არასდროს ლაპარაკობდა. გენომის სეკვენსს, რომელიც სპეციალური პროგრამებით იშიფრება, პირდაპირ თვალით უყურებდა და კითხულობდა, როგორც ჩვეულებრივ ტექსტს. მისი კურსელები ყვებიან გამოცდებისთვის თავს ვაკლავდით, ის კი უბრალოდ გადახედავდა მასალას და ყოველთვის საუკეთესო იყოო. მთამსვლელი, პილოტი, მეცნიერი – საუკეთესო ყველაფერში და უკიდურესი პედარტი.
მე მის ორ უაღრესად სიმბოლურ, კონტრასტულ ფრენას დავესწარი: მის სულ პირველ საცდელ გაფრენას და იმ დღეს, როცა აეროდრომამდე მივაცილეთ მის ბოლო, დაუსრულებელ რეისამდე. პირველი ფრენისას, ჯერ კიდევ სწავლობდა. ყურსასმენები მომცეს, რომელიც გაფუჭებული აღმოჩნდა, მე კი ვესტიბულური აპარატის დარღვევა მაქვს. ზუსტად იმ დღეს ჰაერში ავარიულ დაჯდომას სწავლობდა. გადმომხედა, მკითხა, როგორ ხარო და ჩემი მდგომარეობა რომ დაინახა, ეგრევე მიწაზე დავბრუნდით.
ბოლო დღე კი ძალიან უცნაური იყო. აეროპორტში მე, ჩემი ქალიშვილი სოფო და ცოტნე ერთი მანქანით მივედით, თავად იჯდა საჭესთან. მანქანის არენდის პრობლემა იყო და გვკითხა, ხომ არ წამომყვებითო. ნამდვილი ხელოვანი იყო – უყვარდა ფეიერვერკების მოწყობა, სურდა თავისი ემოცია ჩვენთვისაც ეზიარებინა, რომ ერთად გვეგრძნო. განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, ფოტოები გადავიღეთ. სოფომ მარტო არ გამომიშვა, უკან ორივე წამოვედით. ორი საათი გავიდა და აღარ გამოჩნდა რადარებზე… ოკეანის თავზე გაუჩინარდა. და დაიწყო სრული კოშმარი.
ჩემთვის ძალიან რთულია ამაზე საუბარი, ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი აბსოლუტურად დაცარიელდა. ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვარ ამ უმძიმესი სტრესიდან. მისი უნიკალური უნარი სწორედ ის იყო, რომ ყველას აგრძნობინებდა, თითქოს მათ საკუთარი, პერსონალური ცოტნე ჰყავდათ. ის ამერიკელ კოლეგებსაც და ლაბორატორიის ყველაზე უმცროს თანამშრომლებსაც თანაბრად აძლევდა ძალას, რომ დიდ მეცნიერებად ჩამოყალიბებულიყვნენ.“

ნაწილი III: თავისუფლება შტურვალთან – მეგობარი
ფრენა მისი უდიდესი გატაცება იყო, რომელსაც განსაკუთრებული სიხარულით უზიარებდა მეგობრებს. მის თვითმფრინავში კოსმოსური თავისუფლების განცდა იბადებოდა.
გიორგი გოცირიძე „ჩვენი პირველი ერთობლივი ფრენა დაახლოებით 10-11 წლის წინ შედგა. სამსახურებრივად, ორ წელიწადში ერთხელ მიწევს სან-დიეგოში სიარული. მანამდეც დიდი ხანი ვიცოდი, რომ იქ მოღვაწეობდა გენიალური ქართველი მეცნიერი. ფეისბუკით გვქონდა კომუნიკაცია, მივწერე. კორონადოზე შევხვდით და ეგრევე აეროპორტში წავედით. პირველივე ფრენა კუნძულ კატალინაზე მოვაწყვეთ და სინამდვილეში, მასთან დაკავშირებულ ისტორიებს სულ ამ დღიდან ვიხსენებ. კატალინაზე, ქალაქ ავალონში, ბიზონების საოცარი ისტორია მიამბო – როგორ ჩაიყვანეს იქ თავის დროზე ბევრი ბიზონი გადასაღებად, როგორ დარჩნენ, გამრავლდნენ და კუნძულის კულტურულ მემკვიდრეობად იქცნენ. იქ ნახევარი ტერიტორია ნაკრძალია და დაცვის ქვეშაა, მეორე ნაწილში კი ბიზონის ბურგერებსა და სუვენირულ კეპებს გთავაზობენ. გზად, ჰაერიდან, წყნარ ოკეანეში ლურჯ ვეშაპებს ვათვალიერებდით. სამოქალაქო ავიაციის იმგვარი თამამი, თავისუფალი და უსაფრთხო ინტერაქცია, რაც ამერიკაშია, ჩემთვის აღმოჩენა იყო.
ცოტნე, ამერიკა, ლიბერალური ინსტიტუციები და ადამიანის აბსოლუტური თავისუფლება – აი, ეს იყო ის, რაც იმ დღემ ჩემში დატოვა. ეს იყო ნამდვილი „აზრზე მოყვანის მასტერკლასი“ სულ რაღაც ერთ ფრენაში. ის იყო ჩემი მეგზური და “Gateway” (ჭიშკარი) თავისუფალ სამყაროში.
დღეს, როცა ცოტნეს ვიხსენებ, სულ ერთი ამბავი მიტრიალებს გონებაში: სვანეთში რომ დადიოდა ალპინისტობისას, და ის მძიმე ისტორია ზუგდიდში, ნაპოლეონ პაპავასთან დაკავშირებით, რომელიც ასე დრამატულად დასრულდა. ჩემი გადმოსახედიდან, მისი მთავარი მემკვიდრეობა საოცარ ფილოსოფიას ეფუძნება. როცა ინგლისის სკოლაში ბავშვი შედის, მიუხედავად მისი წარმოშობისა, მას სვამენ განსაკუთრებულ სუბსტრატზე – იქ არ არის მთავარი მერხი ან ავეჯი, ბავშვს პირდაპირ ეუბნებიან: „შენ შეგიძლია შეცვალო სამყარო უკეთესობისკენ და იყო ყველაზე მაგარი!“ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოს მსგავსი თავისუფალი იდეოლოგია არ გააჩნდა. ცოტნე კი ზუსტად ამ იდეოლოგიის ადამიანი იყო. აქაურ ხისტ გარემოს ვერ გაუძლო, თუმცა კი არ გაიქცა, არამედ იქ შექმნა საკუთარი, უძლიერესი კონსტრუქცია, სადაც თავის სფეროში მსოფლიოში საუკეთესო გახდა. ცოტნეს მაგალითით, თანამედროვე საქართველოს მოქალაქე იყო ნომერ პირველი ადამიანი მსოფლიოში – მეცნიერებაში, ადამიანობასა და თავისუფლებაში. სკოლებში სწორედ მისი ცხოვრების ამბავი უნდა ისწავლებოდეს. ტიპი, რომელმაც საკუთარი გენიალური ნიჭით გაიკაფა გზა და ბოლოს ისეთი მისტიკურობით დაიღუპა, რომ აქაც ნომერ პირველად დარჩა.
მისი დაკარგვა მეგობრებისთვის აუტანელი ტკივილია, მაგრამ საქართველოს მისი ამ დაუსრულებელი ფრენით დააკლდა ის, რის მოსაპოვებლადაც ახლა საზოგადოებას წვალება მოუწევს. ის ცოცხალი რომ ყოფილიყო, შექმნიდა იმ აკადემიურ, საუნივერსიტეტო ლინზას, რომელიც რეალურად შობს თანამედროვე სახელმწიფობრიობას. სად იბადება ეროვნული იდეა? ის აკადემიაში იბადება. ეს იქნებოდა ზუსტად ისეთივე ისტორიული სტარტი, როგორიც თავის დროზე ივანე ჯავახიშვილმა შექმნა უნივერსიტეტის დაარსებით. ცოტნე ერთად შეკრებდა 500 საუკეთესო, თავისუფალ საქართველოს მოქალაქეს, რომლებიც გლობალურ მეცნიერებაში გარდამტეხ სიტყვას იტყოდნენ. მისი უდიდესი გენია სწორედ მის აბსოლუტურ უბრალოებაში იყო, დიდებულება და სიმარტივე მასში ერთმანეთთან საოცრად ახლოს იდგა.“
ეპილოგი: ცოტნე ჯავახიშვილი კახა ბენდუქიძისგან გავიცანი. ლექცია უნდა წაეკითხა აგრარულ უნივერსიტეტში და დაწყებამდე 15 წუთით ადრე მოიწერა, რომ ვერ მოახერხებდა. აღარც მახსოვს, ვინ ვის ეჩხუბა, და როგორ გადავრჩით, მაგრამ ფაქტია, ეს გახდა ჩემთვის განსაკუთრებული მეგობრობის დასაწყისი. მე არ ვარ ბიოლოგი, არც მეცნიერი — მე ცოტნეს მეგობარი ვარ. ყველაზე მეტად მასთან ფრენა, მოულოდნელად მოწერილი „წამო, ტიერა დელ ფუეგოზე შევუბეროთ გინდა?!“, „ოქროს მაძიებლად გამომყვები?“ და „quantum of Solace, როგორ ხარ?“ მენატრება.
მისი, როგორც მეცნიერის, გააზრება რთული საქმეა. მან ორივე სამყაროს — უჯრედისა და ცის კოდებით კაცობრიობას რა მოუტანა, ამის შეფასებას დრო დასჭირდება. თუმცა ერთი რამ ცხადია: მისი დაუსრულებელი ფრენა იქცა გამოწვევად ყველასთვის, ვინც მას იცნობდა და მეცნიერებისთვისაც. და იქნებ, ზუსტად მისი მემკვიდრეობის გააზრების პროცესში, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი განვითარების გზა გაიხსნას.
ავტორი: ანა კვანჭილაშვილი

