ოქტომბერი მსოფლიოში ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა — პერიოდი, რომელიც გვახსენებს, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და დროული პროფილაქტიკა სიცოცხლის გადარჩენის მთავარი პირობაა.
საქართველოში ძუძუს კიბო ქალთა ონკოლოგიურ დაავადებებში კვლავ პირველ ადგილზეა — წლიურად 1 700-მდე ახალი შემთხვევა აღირიცხება. თუმცა, თანამედროვე მედიცინის მიღწევებისა და ცნობიერების ამაღლების ფონზე, სულ უფრო იმატებს დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის მაჩვენებელი, რაც სრული განკურნების 90%-ზე მაღალ შანსს იძლევა.
რას მოიცავს ძუძუს კიბოს პრევენციისა და დიაგნოსტიკის თანამედროვე სტანდარტები? როდის უნდა ჩაიტაროს ქალმა სკრინინგი, რას ითვალისწინებს უფასო სახელმწიფო პროგრამა და როგორ შეიცვალა მკურნალობის ტაქტიკა ბოლო წლებში?
„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, სკრინინგის მნიშვნელობაზე, მითებსა და მკურნალობის თანამედროვე შესაძლებლობებზე მამოლოგი და ონკოქირურგი, თეიმურაზ გოგიტიძე გვესაუბრა.
რა არის ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენები ძუძუს კიბოს შესახებ?
პირველი და ყველაზე გავრცელებული მცდარი შეხედულება ისაა, რომ კვლევის ჩატარება აუცილებლად რაიმე სიმპტომს უნდა უკავშირდებოდეს. პაციენტებს ხშირად ჰგონიათ, რომ თუ არაფერი აწუხებთ, ექიმთან მისვლა ან სკრინინგის (მამოგრაფიის) ჩატარება საჭირო არ არის. სინამდვილეში, ძუძუს სიმსივნეები მეორე სტადიამდე, როგორც წესი, არანაირ სიმპტომს არ ავლენს. შესაბამისად, როდესაც ქალი თავად შენიშნავს წარმონაქმნს ან იგრძნობს ცვლილებას, ეს უკვე მცირე, მინიმუმ მეორე სტადია მაინც არის.
მეორე გავრცელებული მითი ტკივილს უკავშირდება. ბევრს სჯერა, რომ მკერდის ტკივილი სიმსივნის ნიშანია. 90-95 %-ში ტკივილი ონკოლოგიურ პათოლოგიასთან საერთოდ არ ასოცირდება. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, კვლევა მაინც საჭიროა, თუმცა ტკივილი კიბოს აუცილებელ სიმპტომს არ წარმოადგენს.
მესამე და ყველაზე მავნე მითი ბიოფსიის შიშია. ბევრს სჯერა, რომ ბიოფსიამ შესაძლოა პროცესის გაუარესება ან სიმსივნის გავრცელება გამოიწვიოს. არც ერთი სახის ბიოფსია ონკოლოგიურ პროცესს არ იწვევს და არც დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს. სწორედ ამ დაკარგული დროის განმავლობაში ეძლევა სიმსივნეს გაზრდისა და პროგრესირების საშუალება და არა უშუალოდ ბიოფსიის ჩატარების გამო.
თქვენ აღნიშნეთ, რომ სიმპტომები ძირითადად მეორე სტადიიდან იჩენს თავს, კონკრეტულად რა ნიშნებს უნდა მიაქციოს ყურადღება პაციენტმა?
ყველაზე ხშირი სიმპტომია კვანძის (სიმაგრის) გაჩენა ძუძუში ან პათოლოგიური გამონადენი (სისხლიანი ან ქარვისფერი/გამჭვირვალე) დვრილიდან. რაც შეეხება კანის ცვლილებებსა და შეჭმუჭვნას, ეს უკვე მესამე-მეოთხე სტადიის ნიშნებია. თანამედროვე მედიცინაში ასეთ გვიანდელ სიმპტომებზე აპელირება ძველებური მიდგომაა — იმ დროინდელი, როდესაც დიაგნოსტიკური საშუალებები არ არსებობდა.
როდესაც ქალი სარძევე ჯირკვლის რეგულარულ სკრინინგს იტარებს, დიაგნოზი სიმპტომების გამოვლენამდე ისმება და მკურნალობაც უფრო მარტივი და ეფექტურია — ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს არა სიმპტომების ლოდინზე, არამედ დროულ პროფილაქტიკურ კვლევებზე.
რამდენად ეფექტურია მკერდის თვითგასინჯვა სახლის პირობებში?
თანამედროვე სამედიცინო ლიტერატურის მიხედვით, მიზანმიმართული თვითგასინჯვა ეფექტური არ არის და სიცოცხლის გადარჩენის მაჩვენებელზე პოზიტიურად არ მოქმედებს — პირიქით, ხშირად იწვევს ზედმეტ შფოთვასა და ნერვიულობას. ამის მიზეზი ის არის, რომ არაპროფესიონალური გასინჯვისას ქალები ძუძუს ბუნებრივ, ჯირკვლოვან უსწორმასწორობას ხშირად პათოლოგიად აღიქვამენ, რაც იწვევს ცრუ განგაშს, ზედმეტ სტრესსა და არასაჭირო სამედიცინო კვლევებს. რა თქმა უნდა, ჰიგიენური პროცედურებისას საკუთარ სხეულზე დაკვირვება და მისი შეცნობა მნიშვნელოვანია, თუმცა თვითგასინჯვა ვერ ჩაანაცვლებს სამედიცინო გამოკვლევას.
რა ასაკიდან და რა პერიოდულობით უნდა ჩაიტაროს ქალმა ულტრაბგერითი (ექოსკოპიური) თუ მამოგრაფიული კვლევა, თუ ჩივილები არ აქვს?
ულტრაბგერითი კვლევა სრულიად უვნებელი, მარტივი და ხელმისაწვდომია. სასურველია, ქალმა პირველი ულტრაბგერითი კვლევა ახალგაზრდა ასაკშივე (18-20 წლიდან) ჩაიტაროს. თუ საწყის ეტაპზე პრობლემა არ იკვეთება, 40 წლამდე კვლევის ჩატარება ორ წელიწადში ერთხელ არის ოპტიმალური. პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩვევის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია — რაც უფრო ადრეულ ასაკში ხდება ეს პროცესი ცხოვრების რუტინული ნაწილი, მით უფრო ბუნებრივი, მშვიდი და ნაკლებად სტრესულია ის პაციენტისთვის.
40 წლიდან იწყება რუტინული სკრინინგი მამოგრაფიით. ეს არის მარტივი, 10–15-წუთიანი პროცედურა. საქართველოში მოქმედი ეროვნული სკრინინგ-პროგრამის ფარგლებში, 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებისთვის ძუძუს კიბოს სკრინინგი (მამოგრაფია, საჭიროების შემთხვევაში მამოლოგის კონსულტაცია და ულტრაბგერითი კვლევა) 2 წელიწადში ერთხელ უფასოა.
თუ მამოგრაფიაზე პათოლოგია არ ვლინდება, სტანდარტული რეკომენდაციით შემდეგი ვიზიტი 2 წელიწადში ერთხელ ინიშნება. 70 წლის ასაკის ზემოთ კი, რადგან დაავადების გავრცელება ამ ასაკში იშვიათია, მამოგრაფიის ჩატარების საჭიროება და პერიოდულობა ინდივიდუალურად, მკურნალი ექიმის მიერ ფასდება.
თუ მამოგრაფიაზე შეინიშნება საეჭვო ცვლილება, სადაც ავთვისებიანობის შანსი ძალიან დაბალია (2%-ზე ნაკლები), თუმცა უბანი მაინც საჭიროებს დაკვირვებას, ექიმმა პაციენტი შესაძლოა განმეორებით კვლევაზე 6 თვეში ან 1 წელში დაიბაროს. მნიშვნელოვანია პაციენტს ესმოდეს, რომ ეს არ ნიშნავს კიბოს დიაგნოზს — ეს არის მხოლოდ კონკრეტულ უბანზე დაკვირვების საშუალება, რათა დავრწმუნდეთ, რომ პროცესი სტაბილურია.
რა ითვლება ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის წამყვან კვლევად და რა როლს ასრულებს თანამედროვე დიაგნოსტიკაში ხელოვნური ინტელექტი?
ადრეული დიაგნოსტიკისთვის ნომერ პირველი კვლევა მამოგრაფიაა. ხშირად პაციენტებს ჰგონიათ, რომ ულტრაბგერითი გამოკვლევა (ექოსკოპია) მამოგრაფიის ალტერნატივაა, თუმცა ეს ასე არ არის. მამოგრაფიას შეუძლია დაინახოს მიკროკალციფიკატები — მილიმეტრზე ნაკლები ზომის წერტილები, რომლებიც ულტრაბგერაზე საერთოდ არ ჩანს. უკვე 2 წელია, მამოგრაფიის წაკითხვისას აქტიურად ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს (AI). ძუძუს სკრინინგი პირველი სფეროა, სადაც ხელოვნურმა ინტელექტმა უმაღლესი ეფექტურობა აჩვენა — ის მნიშვნელოვნად აადვილებს დიაგნოსტირების პროცესს.
რას ამბობს სკრინინგის სტატისტიკა — რამდენად ხშირად ვლინდება პათოლოგიები?
ოფიციალური სტატისტიკით, სკრინინგზე მისული ყოველი 1 000 ქალიდან დამატებითი კვლევა ენიშნება ან განსხვავებული რეკომენდაცია ეძლევა დაახლოებით 20–50 პაციენტს (2-5%-ს), ანუ 95%-ზე მეტ შემთხვევაში პასუხი სრულიად ნორმალურია.
ხოლო უშუალოდ ძუძუს კიბოს გამოვლენის ალბათობა სკრინინგისას არის დაახლოებით 0.5-0.6% (ანუ 5-6 შემთხვევა 1 000 გამოკვლეულზე). ამ უმცირეს შემთხვევაშიც კი, დაავადება უმეტესად ვლინდება ნულოვან ან პირველ სტადიაზე, რაც მცირე ქირურგიული ჩარევით, ხშირად ქიმიოთერაპიის გარეშე, სრულ განკურნებას ექვემდებარება.
ვის სჭირდება გენეტიკური ტესტირება, რას ნიშნავს ოჯახური ანამნეზი და რამდენად ხშირად არის ძუძუს კიბო მემკვიდრეობითი?
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გენეტიკური მიდრეკილება ძუძუს კიბოს შემთხვევათა მხოლოდ 5 – 10%-ში გვხვდება. შესაბამისად, შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა — 90 – 95%-ზე მეტი — მემკვიდრული არ არის და სრულიად შემთხვევით/სპორადულად, სხვა გარემო თუ ასაკობრივი ფაქტორის ფონზე ვითარდება.
გენეტიკური ტესტირება სწორედ იმისთვის ტარდება, რომ ზუსტად განვსაზღვროთ რეალური, ინდივიდუალური რისკი — დავადგინოთ, ვის სჭირდება მართლაც განსაკუთრებული, ინტენსიური მეთვალყურეობა (მაგალითად, ადრეული ასაკიდან მამოგრაფია ან MRI) და თავიდან ავიცილოთ უსაფუძვლო შიში.
მემკვიდრეობითი გენეტიკური ტესტირების ჩატარება მოწოდებულია მაშინ, როდესაც ოჯახში ძუძუს ან საკვერცხის კიბო დიაგნოსტირებული ჰქონდა ორ პირველი ან მეორე რიგის ახლო ნათესავს (დედა, დეიდა, მამიდა, და).
აქ ძალიან მნიშვნელოვანია ნათესაობის ხაზი: დიდი მნიშვნელობა აქვს, დაავადების შემთხვევები ერთ ხაზზე ფიქსირდება (მაგალითად, დედასა და დეიდას) თუ სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებში (მაგალითად, მამის მხრიდან ბებიასა და დედის მხრიდან დეიდას). თუ შემთხვევები სხვადასხვა ხაზს მიეკუთვნება, ეს შესაძლოა გენეტიკურ მიდრეკილებად არც ჩაითვალოს.
ხოლო როდესაც დაავადების შემთხვევა მხოლოდ ერთ ნათესავში ფიქსირდება, ავტომატურად ტესტირება არ ინიშნება — აუცილებელია ონკოლოგის ან გენეტიკოსის კონსულტაცია, რა დროსაც დეტალურად ფასდება პაციენტის ასაკი, ნათესაური კავშირი და სიმსივნის ტიპი.
ათწლეულების განმავლობაში გენეტიკური ტესტირება მხოლოდ BRCA1 და BRCA2 გენების გამოკვლევით შემოიფარგლებოდა, დღეს მხოლოდ ამ ორი გენის შემოწმება არ არის საკმარისი. თანამედროვე მედიცინაში გამოიყენება მულტიგენური ონკოლოგიური პანელები, რომლებიც ათეულობით სხვა დაკავშირებულ გენს იკვლევს და დღესდღეობით პაციენტებისთვის ეს კვლევა სრულად ხელმისაწვდომია.
გარდა გენეტიკური ფაქტორისა, თანამედროვე სამყაროში ძუძუს კიბოს განვითარების რა რისკ-ფაქტორები არსებობს?
დადასტურებული რისკ-ფაქტორები თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებაა. რაც შეეხება ჰორმონალურ ჩარევებს, მაგალითად, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ათეულობით წლის განმავლობაში უწყვეტ მიღებას — ამან შესაძლოა გარკვეულწილად გაზარდოს ძუძუს კიბოს განვითარების რისკი.
როგორია მკურნალობის თანამედროვე მიდგომები და რამდენად შეიცვალა ქიმიოთერაპიის საჭიროება?
მედიცინა საგრძნობლად განვითარდა. მაგალითად, თუ ადრე 10-იდან 10 პაციენტს ვუკეთებდით ქიმიოთერაპიას, დღეს ტარდება სპეციალური გენეტიკური ანალიზი — Oncotype, რომელიც ზუსტად გვეუბნება, სჭირდება თუ არა კონკრეტულ პაციენტს ქიმიოთერაპია. შემთხვევათა უმრავლესობაში (დაახლოებით 10-დან 8 პაციენტში) ტესტი აჩვენებს, რომ ქიმიოთერაპია საჭირო არ არის და ჰორმონოთერაპია ან სამიზნე (ტარგეტული) თერაპია პაციენტისთვის სრულიად საკმარისია.
როგორ შეიცვალა ქირურგიული მიდგომები ბოლო წლებში — რამდენად ხშირად ხერხდება ორგანოს შენარჩუნება და რა ალტერნატივა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ სარძევე ჯირკვლის მოკვეთა მაინც აუცილებელია?
ჩემს პრაქტიკაში ტენდენცია რადიკალურად შეიცვალა, განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში. თუ ადრე 10 ოპერაციიდან 8 შემთხვევაში ძუძუს სრული მოკვეთა იყო საჭირო და მხოლოდ 2-ში იყო შესაძლებელი მისი შენარჩუნება, დღეს პირიქითაა — ორგანოს შენარჩუნება 9 შემთხვევაში ხერხდება. ეს არ არის დაკავშირებული მხოლოდ მედიცინის ზოგად წინსვლასთან, მაჩვენებელი ადრეული დიაგნოსტიკის პირდაპირპროპორციულია: დღეს სიმსივნურ წარმონაქმნებს უმეტესად 1-2 სანტიმეტრამდე ზომაში ვავლენთ, რაც ორგანოს შენარჩუნების საშუალებას იძლევა.
დღესდღეობით რეკონსტრუქცია იმდენად განვითარდა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ქსოვილის ამოკვეთა აუცილებელია, ტარდება კანქვეშა მასტექტომია — კანი ნარჩუნდება და ფორმის აღდგენა ხდება იმპლანტით (სილიკონით).
რა იქნება თქვენი მთავარი სათქმელი ქალებისთვის „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში?
ჩემი მთავარი სათქმელია ის, რომ უნდა მივეჩვიოთ კლინიკაში უმიზეზოდ მისვლას და პროფილაქტიკური სკრინინგის ჩატარებას. არ უნდა ველოდოთ სიმპტომებს. წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებული კვლევა არის მშვიდი და ჯანმრთელი ცხოვრების გარანტი.

