საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის პროფესორმა და გლობალური და ევროპული ჯანმრთელობის განათლებისა და კვლევების ინსტიტუტის (GEHESI) დირექტორის მოადგილემ, ნათია სხვიტარიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2026 წლის პრემია „მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის“ მოიპოვა სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით.
წელს, მეცნიერების ექვსი მიმართულებით, სულ 11 პრემია გაიცა. ნათია სხვიტარიძე სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებებში გამოვლენილ ორ გამარჯვებულს შორის ერთ-ერთია. ჯილდო მას 10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გადაეცა, რომლის ორგანიზატორებიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი იყვნენ.
ნათია სხვიტარიძის სამეცნიერო საქმიანობა დედათა ჯანმრთელობის, ჯანდაცვის სისტემების, სამედიცინო განათლებისა და გლობალური ჯანმრთელობის საკითხებს მოიცავს. მისი კვლევების მთავარი მიზანი მოსახლეობის ჯანმრთელობის შეფასება და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო გადაწყვეტილებების გაუმჯობესებაა.
2024 წელს მან ნორვეგიის არქტიკულ უნივერსიტეტში (UiT The Arctic University of Norway) სადოქტორო დისერტაცია დაიცვა. ნაშრომი, დაბადების ეროვნული რეგისტრის მონაცემებზე დაყრდნობით, დედათა სიკვდილიანობისა და ავადობის კომპლექსურ ანალიზს ეძღვნება.
იგი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ინსტიტუტებთან. ნათია სხვიტარიძე ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის გაზომვებისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) დაავადებათა გლობალური ტვირთის კვლევის კოლაბორატორია. 2025–2026 წლებში, ფულბრაიტის პროგრამით, აშშ-ში, კენტუკის უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორის სტატუსით საქმიანობდა, 2013–2015 წლებში კი ესპანეთის ბასკეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
მეცნიერს ავტორობითა და თანაავტორობით 30-მდე სამეცნიერო სტატია აქვს გამოქვეყნებული მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალებში. გარდა ამისა, იგი რეგულარულად მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებში, სადაც საკუთარ გამოცდილებასა და კვლევებს აკადემიურ საზოგადოებას უზიარებს.
მიღებული ჯილდოს მნიშვნელობაზე საუბრისას ნათია სხვიტარიძე აღნიშნავს:
„ეს პრემია ჩემთვის, პირველ რიგში, გრძელი გზის შეფასებაა კლინიკური მედიცინიდან საზოგადოებრივ და გლობალურ ჯანდაცვამდე და დადასტურება, რომ მონაცემებზე დაფუძნებულმა მტკიცებულებამ უნდა განსაზღვროს გადაწყვეტილებები მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. ჩემი უმთავრესი სურვილია, რომ ამ წლების განმავლობაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს მოვახმარო უკეთესი, უსაფრთხო და ჯანმრთელი ცხოვრებისა და კეთილდღეობისთვის“, – ამბობს ნათია სხვიტარიძე.
ნათია სხვიტარიძის ეროვნული სამეცნიერო პრემიის მფლობელობა მნიშვნელოვანი აღიარებაა როგორც მისი მრავალწლიანი სამეცნიერო და აკადემიური საქმიანობისთვის, ისე საქართველოს უნივერსიტეტისთვის. მისი პროფესიული გზა, საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობა და სამეცნიერო საქმიანობა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წვლილს ჯანმრთელობის მეცნიერებების განვითარებასა და გლობალურ სამეცნიერო სივრცეში საქართველოს წარმომადგენლობაში.


