მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დიაბეტისა და სიმსუქნის სამკურნალო პოპულარულმა პრეპარატებმა, შესაძლოა, მენტალური მდგომარეობაც საგრძნობლად გააუმჯობესონ. ჟურნალ Lancet Psychiatry-ში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ GLP-1 ჯგუფის მედიკამენტები, მაგალითად „ოზემპიკი“, შფოთვისა და დეპრესიის გამწვავების რისკს საგრძნობლად ამცირებს.
რას ამბობს სტატისტიკა?
95,000 პაციენტის მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ სემაგლუტიდის (Ozempic, Wegovy) გამოყენება მენტალური მდგომარეობის გაუარესების ალბათობას 42%-ით ამცირებს. კერძოდ:
-
დეპრესიის გამწვავების რისკი 44%-ით შემცირდა;
-
შფოთვის დონემ 38%-ით დაიკლო;
-
მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულების რისკი კი თითქმის განახევრდა (47%).
ექსპერტების განმარტებით, ეფექტი მხოლოდ წონის კლებას არ უკავშირდება. მართალია, ფიზიკური ფორმის გაუმჯობესება გუნება-განწყობაზე დადებითად აისახება, თუმცა პრეპარატი ტვინის „ჯილდოსსისტემაზე“ პირდაპირ მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ ის ორგანიზმს არა მხოლოდ შაქრის დონის რეგულირებაში ეხმარება, არამედ ემოციური ფონისა და მავნე მიდრეკილებების მართვაშიც.
პოზიტიური სიახლეების პარალელურად, კვლევა საყურადღებო რისკებზეც მიუთითებს: იმ დიაბეტიან ქალებში, რომლებიც ორსულობის ადრეულ ეტაპზე სემაგლუტიდს იღებდნენ, ნაადრევი მშობიარობის რისკი 84%-ით გაიზარდა. სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ დაორსულების დაგეგმვის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მედიკამენტის დროული ჩანაცვლება.
სპეციალისტების მოსაზრება
სპეციალისტების მოსაზრებით, სემაგლუტიდი და ლირაგლუტიდი შესაძლოა ეფექტური დამხმარე საშუალება გახდეს იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც დიაბეტთან ან სიმსუქნესთან ერთად მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებიც აწუხებთ.
მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება თავისთავად ამაღლებს გუნება-განწყობას, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ ჯგუფის პრეპარატების გამოყენება მხოლოდ შფოთვისა თუ დეპრესიის სამკურნალოდ ჯერჯერობით ნაადრევია.
საჭიროა დამატებითი კლინიკური კვლევები, რათა საბოლოოდ დადასტურდეს, აქვს თუ არა მედიკამენტს უშუალო სამკურნალო ეფექტი ფსიქიკურ აშლილობებზე, თუ მისი მოქმედება მხოლოდ თანმხლები დაავადებების შემსუბუქებით შემოიფარგლება.
წყარო: The Lancet

