მეცნიერებმა პანკრეასის კიბოს წინააღმდეგ ახალი ექსპერიმენტული პრეპარატი შეიმუშავეს

გააზიარე

ჟურნალ Cancer Cell-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, სამხრეთკორეული კომპანია MedPacto-ს მეცნიერების მიერ შემუშავებულმა ექსპერიმენტულმა მედიკამენტმა, თაგვებში, პანკრეასის აგრესიული სიმსივნეები გაანადგურა და ორგანიზმში ხანგრძლივი იმუნური მეხსიერება დატოვა. ახალი მეთოდი სიმსივნის მიერ შექმნილ დამცავ ბარიერს შიგნიდან არღვევს და იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედებზე თავდასხმის საშუალებას აძლევს.

პანკრეასის, ძუძუს, მსხვილი ნაწლავისა და ფილტვის კიბო თავს ნაწიბუროვანი ქსოვილის მკვრივი კედლით იცავს. ეს ბარიერი იმუნური სისტემის მკვლელ T უჯრედებს სიმსივნეში შეღწევის საშუალებას არ აძლევს, რის გამოც დღეს არსებული იმუნოთერაპიული პრეპარატები სოლიდური სიმსივნეების მქონე პაციენტების მხოლოდ მცირე ნაწილს ეხმარება.

დამცავი კედლის აშენებასა და იმუნური უჯრედების დათრგუნვაში მთავარ როლს სასიგნალო მოლეკულა TGF-β ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოლეკულის ბლოკატორები აქამდეც არსებობდა, კლინიკურ კვლევებში მათ სასურველი შედეგი ვერ აჩვენეს: უსაფრთხო დოზები სიმსივნის შიგნით არსებულ TGF-β-ს ვერ ბლოკავდა, ხოლო მაღალი დოზები ჯანსაღი ქსოვილების ნორმალურ ფუნქციონირებას უშლიდა ხელს.

მეცნიერებმა შექმნეს ინოვაციური ბლოკატორი — FEBP-sTβRII, რომელსაც მიზანმიმართულად შეუძლია ცილა ფიბრონექტინის იმ ფორმას დაუკავშირდეს, რომელიც სიმსივნეებში უხვად გვხვდება, ჯანსაღ ქსოვილში კი — იშვიათად. შედეგად, პრეპარატი უშუალოდ სიმსივნეში გროვდება, რჩება იქ დღეების განმავლობაში და ჯანსაღ უჯრედებს არ აზიანებს. ბარიერის გარღვევის შემდეგ T უჯრედები სიმსივნეში აღწევენ და მეზობელ იმუნურ უჯრედებთან ერთად კიბოს წინააღმდეგ მასიურ შეტევას იწყებენ.

თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ პანკრეასის კიბოს ერთ-ერთი აგრესიული ფორმის დროს, თერაპიამ სიმსივნეები თაგვების 75%-ში სრულად გაანადგურა, ხოლო მკურნალობის დასრულებიდან 270 დღის შემდეგ 8-დან 7 თაგვი ისევ ცოცხალი იყო. პრეპარატმა შეანელა სიმსივნის ზრდა და მეტასტაზირება ფილტვებში ძუძუს კიბოს ყველაზე რთული, სამმაგად ნეგატიური ფორმის დროსაც, სადაც სტანდარტულმა იმუნოთერაპიამ უშედეგოდ ჩაიარა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მკურნალობამ თაგვებში ხანგრძლივი იმუნური მეხსიერება დატოვა: განკურნებულმა თაგვებმა თვეების შემდეგ ხელახლა შეყვანილი იგივე სიმსივნე დაამარცხეს და ზოგიერთ შემთხვევაში ისეთ ახალ კიბოსაც (ფილტვისა და შარდის ბუშტის) გაუმკლავდნენ, რომელთანაც მანამდე შეხება არ ჰქონიათ. უფრო მეტიც, განკურნებული თაგვებიდან აღებულმა T უჯრედებმა კიბოს არმქონე ჯანსაღი თაგვები შარდის ბუშტის სიმსივნისგან დაიცვა.

მეცნიერების განცხადებით, პრეპარატის ადამიანზე მორგებული ვერსიით კლინიკური კვლევების დაწყება 2027 წლისთვის იგეგმება.

წყარო: MedicalXpress

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები