მასშტაბური კვლევა: ორსულობისას ანტიდეპრესანტების მიღება ბავშვებში აუტიზმისა და ADHD-ის რისკს არ ზრდის

გააზიარე

ჟურნალ The Lancet Psychiatry-ში გამოქვეყნებული ახალი, მასშტაბური კვლევის თანახმად, ორსულობის პერიოდში ანტიდეპრესანტების მიღებასა და ბავშვებში ნეიროგანვითარების დარღვევების (მათ შორის, აუტიზმისა და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის – ADHD) განვითარების რისკს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ დასტურდება.

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული სისტემური მიმოხილვა და მეტა-ანალიზი 37 სხვადასხვა კვლევის მონაცემებს აერთიანებს. აღნიშნული კვლევები მოიცავდა 600,000-ზე მეტ ისეთ ორსულს, რომლებიც ანტიდეპრესანტებს იღებდნენ და 25 მილიონამდე ორსულს, რომლებიც მსგავს მედიკამენტებს არ მოიხმარდნენ. ეს არის დღემდე არსებული საუკეთესო და ყველაზე ზუსტი მტკიცებულება, რომელიც აბათილებს დაახლოებით ერთი ათწლეულის წინ ჩატარებული მცირე მასშტაბის კვლევების შედეგებს.

თავდაპირველი, დაუმუშავებელი მონაცემებით, ორსულობისას ანტიდეპრესანტების მიღება თითქოს 35%-ით ზრდიდა ADHD-ის, ხოლო 69%-ით აუტიზმის რისკს. თუმცა, მას შემდეგ, რაც მკვლევრებმა დამატებითი ფაქტორები (მათ შორის, გენეტიკა და მშობლების ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა) გაითვალისწინეს, კავშირი ფაქტობრივად გაქრა.

აღმოჩნდა, რომ აუტიზმისა და ADHD-ის რისკი იზრდებოდა მაშინაც, როდესაც ანტიდეპრესანტებს მამები იღებდნენ (ADHD – 46%-ით, აუტიზმი – 28%-ით), ან როდესაც დედები მედიკამენტს ორსულობამდე მოიხმარდნენ და არა უშუალოდ ფეხმძიმობისას.

კვლევამ აჩვენა, რომ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRI ჯგუფი), რომლებიც ანტიდეპრესანტების ყველაზე გავრცელებულ კლასს წარმოადგენს, სრულიად უსაფრთხოა. კავშირი მხოლოდ ამიტრიპტილინის/ნორტრიპტილინის ჯგუფის პრეპარატებთან დაფიქსირდა, თუმცა მეცნიერები ამას იმ ფაქტით ხსნიან, რომ აღნიშნული მედიკამენტები ძირითადად რეზისტენტული და რთული დეპრესიის დროს ინიშნება. შესაბამისად, რისკს აქაც დედის ქრონიკული და მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა ზრდის.

მეცნიერთა გუნდი ხაზს უსვამს, რომ ორსულობისას ანტიდეპრესანტის მიღების შეწყვეტა დეპრესიის რეციდივის მაღალ რისკთან არის დაკავშირებული, რაც ხშირად ნაყოფისთვის ბევრად უფრო საზიანოა. ამიტომ, საშუალო და მძიმე დეპრესიის მქონე პაციენტებისთვის ექიმმა და პაციენტმა ერთობლივად უნდა შეაფასონ მკურნალობის გაგრძელების სარგებელი და არანამკურნალევი დეპრესიის პოტენციური ზიანი.

კვლევას დადებითად აფასებენ დამოუკიდებელი ექსპერტებიც. როგორც ისინი აღნიშნავენ, ბევრი წინააღმდეგობრივი კვლევის ფონზე, ამ შედეგებს კოლოსალური გავლენა აქვს კლინიკურ პრაქტიკაზე — ის ადასტურებს, რომ ორსულობისას ანტიდეპრესანტების მიღება უნდა გაგრძელდეს, რადგან ისინი იცავენ დედის ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ნაყოფის განვითარებას საფრთხეს არ უქმნიან.

წყარო: The Lancet

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები