სხივური თერაპია კიბოს მკურნალობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია, თუმცა მისი ხანგრძლივობა პაციენტებისთვის ხშირად დამატებით სირთულეებს ქმნის. მკურნალობის კურსი შესაძლოა რამდენიმე კვირას გაგრძელდეს და ყოველდღიურ ვიზიტებს მოითხოვდეს, რაც განსაკუთრებით რთულია მათთვის, ვისაც კლინიკაში მისასვლელად დიდი მანძილის გავლა უწევს.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში რადიაციულ ონკოლოგიაში ერთ–ერთ მნიშვნელოვან საკითხად იქცა მკურნალობის ხანგრძლივობის შემცირება მისი ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებით. ფართომასშტაბიანმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ძუძუსა და პროსტატის კიბოს მქონე ბევრ პაციენტში სხივური თერაპიის მოკლე კურსით შესაძლებელია დაავადების ისეთივე ეფექტიანი კონტროლი, როგორიც ტრადიციული, ხანგრძლივი მკურნალობით.
ამ შედეგებმა მნიშვნელოვნად შეცვალა თანამედროვე კლინიკური პრაქტიკა, თუმცა მოკლე კურსის შერჩევისას კვლავ აუცილებელია კონკრეტული დიაგნოზის, პაციენტის მდგომარეობისა და შესაძლო გვერდითი მოვლენების გათვალისწინება.
რა იცვლება სხივური თერაპიის კურსის შემცირებისას?
სხივური თერაპია ტარდება ცალკეული სეანსების, ე.წ. ფრაქციების სახით. ტრადიციული ფრაქციონირების დროს დასხივება შედარებით მცირე დოზებით, მრავალი სეანსის განმავლობაში მიმდინარეობს. ჰიპოფრაქციონირება კი გულისხმობს ფრაქციების რაოდენობის შემცირებას და თითოეულ სეანსზე უფრო მაღალი დოზის მიწოდებას. ამასთან, ჯამური დოზა, როგორც წესი, ნაკლებია.
ამ მიდგომის საფუძველია სიმსივნური და ჯანმრთელი ქსოვილების განსხვავებული მგრძნობელობა ფრაქციის დოზის მიმართ. რადიობიოლოგიაში ამ განსხვავების დასახასიათებლად გამოიყენება ალფა/ბეტა (α/β) თანაფარდობა, რომელიც მკურნალობის სხვადასხვა რეჟიმის ბიოლოგიური ეფექტის შეფასებაში გვეხმარება.
განასხვავებენ ზომიერ და ულტრაჰიპოფრაქციონირებას. ზომიერი ჰიპოფრაქციონირების დროს მკურნალობა ხშირად 3-4 კვირას გრძელდება, ხოლო ულტრაჰიპოფრაქციონირების შემთხვევაში შესაძლოა მხოლოდ 5-7 სეანსი იყოს საჭირო. კონკრეტული რეჟიმის შერჩევა დამოკიდებულია სიმსივნის ლოკალიზაციაზე, დაავადების თავისებურებებსა და მკურნალობის მიზანზე.
ძუძუს კიბო: ხუთკვირიანი მკურნალობიდან ერთ კვირამდე
ძუძუს კიბოს მკურნალობაში ჰიპოფრაქციონირების დანერგვა ეტაპობრივად მოხდა. მნიშვნელოვანი როლი ამ პროცესში ბრიტანულმა START კვლევებმა შეასრულა, რომლებმაც აჩვენა, რომ ბევრ პაციენტში ტრადიციული ხუთკვირიანი კურსის სამკვირიანით ჩანაცვლება მკურნალობის ეფექტიანობის შემცირების გარეშეა შესაძლებელი.
START B კვლევაში ერთმანეთს შეადარეს დასხივების ორი რეჟიმი: 40 გრეი 15 ფრაქციაში და 50 გრეი 25 ფრაქციაში. ხანგრძლივმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ სამკვირიანი კურსი დაავადების კონტროლის მხრივ ხუთკვირიანს არ ჩამოუვარდებოდა, ხოლო გვიანი გვერდითი მოვლენების სიხშირე ზოგიერთ შემთხვევაში უფრო დაბალი იყო. ამ შედეგებმა ხელი შეუწყო ზომიერი ჰიპოფრაქციონირების დამკვიდრებას ძუძუს კიბოს მკურნალობაში.
შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო III ფაზის FAST-Forward კვლევა, რომელშიც შეფასდა სხივური თერაპიის კურსის სამი კვირიდან ერთ კვირამდე შემცირების შესაძლებლობა. ერთმანეთს შეადარეს სამი რეჟიმი: 40 გრეი 15 ფრაქციაში, 26 გრეი 5 ფრაქციაში და 27 გრეი 5 ფრაქციაში.
ხუთწლიანი დაკვირვების შედეგებმა აჩვენა, რომ ხუთფრაქციანი მკურნალობა ადგილობრივი კონტროლის მხრივ სამკვირიან კურსს არ ჩამოუვარდებოდა. 2026 წელს გამოქვეყნებულმა ათწლიანმა შედეგებმაც დაადასტურა ერთკვირიანი მკურნალობის ეფექტიანობა. ათი წლის განმავლობაში ნამკურნალებ ძუძუში სიმსივნის რეციდივი 26 გრეის ჯგუფში პაციენტების 2.1%-ს გამოუვლინდა, ხოლო 40 გრეის ჯგუფში 3.6%-ს. მიუხედავად რიცხვობრივი განსხვავებისა, ეს შედეგები ერთკვირიანი კურსის უპირატესობას არ ადასტურებს, თუმცა მის არანაკლებ ეფექტიანობაზე მიუთითებს.
მნიშვნელოვანი განსხვავება გამოვლინდა ხუთფრაქციან რეჟიმებს შორისაც. 27 გრეის ჯგუფში გვიანი გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად აღინიშნებოდა, ვიდრე 26 გრეის ჯგუფში. მათ შორის იყო ძუძუს ქსოვილის გამკვრივება (ფიბროზი) და ფორმის ცვლილებები. ეს შედეგები აჩვენებს, რომ ფრაქციის მაღალი დოზის პირობებში ჯამური დოზის შედარებით მცირე განსხვავებამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მკურნალობის უსაფრთხოებაზე.
რეგიონული ლიმფური კვანძების დასხივების შემთხვევაში ხუთფრაქციანი რეჟიმის გამოყენებასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები კვლავ რჩება. FAST-Forward-ის შესაბამისმა ქვეკვლევამ იმედისმომცემი შედეგები აჩვენა, თუმცა მონაწილეთა შედარებით მცირე რაოდენობა და ხანგრძლივი დაკვირვების შეზღუდული მონაცემები გვიანი გვერდითი მოვლენების სრულფასოვანი შეფასების საშუალებას ჯერ არ იძლევა.
ცალკე განხილვას იმსახურებს სხივური თერაპია მასტექტომიისა და ძუძუს რეკონსტრუქციის შემდეგ. ამ შემთხვევაში ერთ–ერთი მთავარი საკითხია, ზრდის თუ არა ჰიპოფრაქციონირება რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული გართულებების, მათ შორის კაფსულური კონტრაქტურის, ძუძუს ფორმის ცვლილებისა და იმპლანტის ამოღების საჭიროების რისკს.
ამ საკითხის შესაფასებლად ჩატარდა III ფაზის RT CHARM კვლევა, რომელშიც 898 პაციენტი მონაწილეობდა. ერთმანეთს შეადარეს 42.56 გრეი 16 ფრაქციაში და 50 გრეი 25 ფრაქციაში. ორწლიანი დაკვირვების პერიოდში რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული გართულებები სამკვირიანი კურსის ჯგუფში 12.3%-ს გამოუვლინდა, ხოლო ხუთკვირიანი კურსის ჯგუფში 10.2%-ს. კვლევამ აჩვენა, რომ გართულებების რისკის თვალსაზრისით სამკვირიანი რეჟიმი ხუთკვირიანს არ ჩამოუვარდებოდა. ეს შედეგები მხარს უჭერს ზომიერი ჰიპოფრაქციონირების გამოყენებას ძუძუს რეკონსტრუქციის შემდეგაც, თუმცა გართულებების რისკი სრულად არ გამოირიცხება.
პროსტატის კიბო: რვა კვირიდან ხუთ სეანსამდე
პროსტატის კიბოს მკურნალობაშიც ჰიპოფრაქციონირებამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. მისი გამოყენების საფუძველს წარმოადგენს როგორც რადიობიოლოგიური მონაცემები, ისე ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევების შედეგები.
CHHiP კვლევაში ერთმანეთს შეადარეს ტრადიციული, 37-ფრაქციანი კურსი და მკურნალობის უფრო მოკლე რეჟიმები. შედეგებმა აჩვენა, რომ 60 გრეი 20 ფრაქციაში დაავადების კონტროლის მხრივ ტრადიციულ მკურნალობას არ ჩამოუვარდებოდა. ხანგრძლივი დაკვირვებისას გვიანი გვერდითი მოვლენების სიხშირეც მსგავსი იყო. ამ კვლევამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ზომიერი ჰიპოფრაქციონირების პროსტატის კიბოს მკურნალობის სტანდარტულ ვარიანტად დამკვიდრებაში.
HYPO-RT-PC კვლევაში შეაფასეს ულტრაჰიპოფრაქციონირება საშუალო და მაღალი რისკის ლოკალიზებული პროსტატის კიბოს მქონე პაციენტებში. ერთმანეთს შეადარეს 42.7 გრეი 7 ფრაქციაში და 78 გრეი 39 ფრაქციაში. შვიდფრაქციანმა კურსმა დაავადების კონტროლის მხრივ ტრადიციულ მკურნალობასთან არანაკლები ეფექტიანობა აჩვენა. თუმცა შედეგების ინტერპრეტაციისას გასათვალისწინებელია, რომ დასხივება ძირითადად სამგანზომილებიანი კონფორმული ტექნიკით (3D-CRT) ტარდებოდა და პაციენტებს ანდროგენების დეპრივაციული თერაპია არ უტარდებოდათ.
განსაკუთრებით საყურადღებოა PACE-B კვლევა, რომელმაც ხუთფრაქციანი სტერეოტაქსიური სხივური თერაპიის (SBRT) ეფექტიანობა შეაფასა დაბალი და საშუალო რისკის ლოკალიზებული პროსტატის კიბოს მქონე მამაკაცებში.
ხუთწლიანი დაკვირვებისას ბიოქიმიური ან კლინიკური პროგრესირების გარეშე დარჩა SBRT-ით ნამკურნალები პაციენტების 95.8%, ხოლო ტრადიციული ან ზომიერი ჰიპოფრაქციონირების ჯგუფში 94.6%. კვლევამ დაადასტურა ხუთფრაქციანი SBRT-ის არანაკლები ეფექტიანობა დაავადების კონტროლის თვალსაზრისით.
ამასთან, SBRT-ის ჯგუფში უფრო მაღალი იყო გვიანი შარდსასქესო გვერდითი მოვლენების სიხშირე. ხუთწლიანი დაკვირვების განმავლობაში მეორე ან უფრო მაღალი ხარისხის გვერდითი მოვლენები SBRT-ის ჯგუფში პაციენტების 26.9%-ს აღენიშნა, ხოლო შედარების ჯგუფში 18.3%-ს. შესაბამისად, მკურნალობის ამ რეჟიმის შერჩევისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პაციენტის საწყისი შარდვის ფუნქციისა და შესაძლო გართულებების შეფასებას.
2026 წლის 27 ოქტომბერს ჟურნალში Practical Radiation Oncology გამოქვეყნდა ამერიკის რადიაციული ონკოლოგიის საზოგადოების (ASTRO) განახლებული კლინიკური რეკომენდაციები, რომლებმაც 2018 წლის დოკუმენტი ჩაანაცვლა. ახალი რეკომენდაციების მიხედვით, პროსტატის ლოკალიზებული კიბოს ყველა რისკჯგუფში ზომიერ ჰიპოფრაქციონირებას უპირატესობა ენიჭება კონვენციურ ფრაქციონირებასთან შედარებით. ხუთფრაქციანი SBRT კი მკურნალობის სტანდარტულ ვარიანტად განიხილება დაბალი და საშუალო რისკის პაციენტებისთვის, ხოლო მაღალი რისკის შემთხვევაში მისი გამოყენება შესაძლებელია შერჩეულ პაციენტებში, ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე.
რატომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?
საქართველოში ჰიპოფრაქციონირების ფართოდ გამოყენებას მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია როგორც პაციენტებისთვის, ისე ჯანდაცვის სისტემისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკურნალობის ხანგრძლივობის შემცირება იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც სხივური თერაპიის მისაღებად სხვა ქალაქში უწევთ გამგზავრება. მოკლე კურსი ამცირებს მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯებს, სამსახურში გაცდენილ დღეებს და მკურნალობის ყოველდღიურ ცხოვრებასთან შეთავსებას ამარტივებს.
სამედიცინო დაწესებულებებისთვის სეანსების რაოდენობის შემცირება აპარატურის უფრო ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობას ქმნის. ეს საშუალებას იძლევა, იმავე პერიოდში მეტ პაციენტს ჩაუტარდეს მკურნალობა და შემცირდეს სხივური თერაპიის დაწყებამდე მოლოდინის დრო.
თუმცა ჰიპოფრაქციონირების დანერგვა მხოლოდ დროისა და ხარჯების დაზოგვას არ უნდა ემსახურებოდეს. პრიორიტეტი მკურნალობის ეფექტიანობა და უსაფრთხოებაა, რაც შესაბამის ტექნიკურ შესაძლებლობებს, კვალიფიციურ პერსონალსა და ხარისხის სათანადო კონტროლს მოითხოვს.
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია არსებული კლინიკური პრაქტიკის შეფასება — რომელი ჰიპოფრაქციონირებული რეჟიმები გამოიყენება, რა დიაგნოზების დროს და რომელ კლინიკურ რეკომენდაციებზე დაყრდნობით. სანდო ადგილობრივი მონაცემები ხელს შეუწყობს ამ მიდგომის შემდგომ დანერგვას და მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.
ჰიპოფრაქციონირება – შესაძლებლობები და შეზღუდვები
ჰიპოფრაქციონირებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ძუძუსა და პროსტატის კიბოს სხივური თერაპიის პრაქტიკა. კლინიკური კვლევები ადასტურებს, რომ სწორად შერჩეულ პაციენტებში მკურნალობის ხანგრძლივობის შემცირება შესაძლებელია მისი ეფექტიანობის შენარჩუნებით.
თუმცა მოკლე კურსი ყველა პაციენტისთვის ოპტიმალური არჩევანი არ არის. მკურნალობის რეჟიმის შერჩევისას გასათვალისწინებელია დაავადების თავისებურებები, პაციენტის კლინიკური მდგომარეობა და შესაძლო გვერდითი მოვლენები. განსაკუთრებით მაღალი ფრაქციული დოზების გამოყენებისას აუცილებელია მკურნალობის ზუსტი დაგეგმვა, გამოსახულებითი კონტროლი და შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობები.
ჰიპოფრაქციონირების მთავარი უპირატესობა მხოლოდ სეანსების რაოდენობის შემცირება არ არის. მისი მიზანია მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ეფექტიანი და უსაფრთხო მკურნალობის უზრუნველყოფა, რომელიც თითოეული პაციენტის საჭიროებებს შეესაბამება.
ავტორი: მარიამ ფხალაძე, MD, რადიაციული ონკოლოგიის რეზიდენტი


