ძუძუს კიბოს მკურნალობის ახალი ეპოქა – ანტისხეულისა და წამლის კონიუგატები და მისი ზეგავლენა პაცინეტის ცხოვრების ხარისხზე

გააზიარე

წლების განმავლობაში ძუძუს კიბოს სისტემური მკურნალობა ბევრისთვის მძიმე ქიმიოთერაპიასთან, გამოხატულ გვერდით მოვლენებთან და ცხოვრების ხარისხის გაუარესებასთან ასოცირდებოდა. თუმცა თანამედროვე ონკოლოგია დღეს მხოლოდ სიცოცხლის გახანგრძლივებაზე აღარ არის ორიენტირებული – სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ისიც, თუ როგორ ცხოვრობს პაციენტი მკურნალობის პროცესში, რამდენად შეუძლია ყოველდღიური აქტივობების, მუშაობისა და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნება.

ბოლო ათწლეულში ძუძუს კიბოს ბიოლოგიის უკეთ შესწავლამ აჩვენა, რომ ეს დაავადება ერთგვაროვანი არ არის. სხვადასხვა ქვეტიპს განსხვავებული ბიოლოგიური თავისებურებები აქვს და, შესაბამისად, განსხვავებული მკურნალობა სჭირდება. სწორედ ამ ცოდნამ დაუდო უფრო მიზანმიმართული და ინდივიდუალურად მორგებული თერაპიების განვითარებას საფუძველი.

თანამედროვე ონკოლოგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევა ანტისხეულისა და წამლის კონიუგატები – ე.წ. ADC-ები (Antibody-Drug Conjugates). ეს პრეპარატები აერთიანებენ მონოკლონურ ანტისხეულს და ძლიერ ანტისიმსივნურ აგენტს, რაც საშუალებას იძლევა მკურნალობა უფრო ზუსტად იყოს მიმართული სიმსივნური უჯრედების წინააღმდეგ და შედარებით ნაკლებად დაზიანდეს ჯანმრთელი ქსოვილები.

ძუძუს კიბოს მკურნალობაში ADC-ებმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი HER2-ცილაზე დამიზნებული თერაპიების განვითარებასთან ერთად შეიძინა.

HER2-ცილის მნიშვნელობა – როგორ დაიწყო მიზნობრივი მკურნალობის ეპოქა

ძუძუს კიბოს მკურნალობაში ერთ-ერთი პირველი დიდი გარდატეხა HER2 ცილის აღმოჩენა გახდა. სწორედ HER2 გახდა თანამედროვე ონკოლოგიის ერთ-ერთი პირველი წარმატებული სამიზნე.

მონოკლონურმა ანტისხეულმა ტრასტუზუმაბმა და მოგვიანებით პერტუზუმაბმა HER2-დადებითი ძუძუს კიბოს მკურნალობა ფაქტობრივად შეცვალა. დღეს ამ პრეპარატების კომბინაცია ფართოდ გამოიყენება როგორც ადრეული, ისე მეტასტაზური HER2-დადებითი დაავადების სამკურნალოდ.

თუმცა, მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, დროთა განმავლობაში ზოგიერთი სიმსივნე მკურნალობის მიმართ რეზისტენტული ხდება. სწორედ აქ გაჩნდა ახალი იდეა – შესაძლებელი იყო თუ არა HER2-საწინააღმდეგოდ მიმართული ანტისხეულისთვის ქიმიოთერაპიული აგენტის მიბმა, რათა პრეპარატს ციტოტოქსიური ნივთიერება პირდაპირ სიმსივნურ უჯრედამდე მიეტანა?

ასე დაიწყო ანტისხეულისა და წამლის კონიუგატების ეპოქა ძუძუს კიბოს მკურნალობაში.

ერთ-ერთი პირველი წარმატებული ADC გახდა ტრასტუზუმაბ ემტანსინი (T-DM1). EMILIA და KATHERINE კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატი ეფექტური იყო როგორც მეტასტაზური, ისე ადრეული HER2-დადებითი ძუძუს კიბოს შემთხვევაში. განსაკუთრებით საინტერესო იყო ისიც, რომ მკურნალობის ფონზე პაციენტებში უკეთ ნარჩუნდებოდა ცხოვრების ხარისხი. ტრასტუზუმაბ ემტანსინი ნაკლებად იყო დაკავშირებული ზოგიერთი მძიმე გვერდითი მოვლენის განვითარებასთან, რომლებიც სტანდარტულ ქიმიოთერაპიას ხშირად ახლავს. მეტასტაზური დაავადების პირობებში, როდესაც მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია, ეს პაციენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ბოლო წლებში კი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ტრასტუზუმაბ დერუქსტეკანის (T-DXd) შექმნა მიიჩნევა. DESTINY-Breast03 და DESTINY-Breast04 კვლევებმა აჩვენა, რომ ტრასტუზუმაბ დერუქსტეკანი მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა როგორც დაავადების კონტროლს, ისე საერთო გადარჩენადობას HER2-დადებითი და HER2-ცილის დაბალი ექსპრესიის მქონე მეტასტაზური ძუძუს კიბოს შემთხვევაში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ კვლევების ანალიზში პაციენტებს მკურნალობის ფონზე ხანგრძლივად უნარჩუნდებოდათ ცხოვრების ხარისხი – მათ შორის ფიზიკური აქტივობა, ტკივილის კონტროლი და ყოველდღიური ფუნქციონირება. ასევე უკეთ იყო შენარჩუნებული ემოციური და სოციალური ფუნქციონირება, რაც ონკოლოგიური დაავადების პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ADC-ები HER2-ის ფარგლებს გარეთ

დღეს ADC-ები მხოლოდ HER2-დადებითი ძუძუს კიბოს მკურნალობით აღარ შემოიფარგლება.

თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ ამ პრეპარატების გამოყენება შესაძლებელია ძუძუს კიბოს სხვა ქვეტიპებშიც, მათ შორის ჰორმონდამოკიდებულ HER2-უარყოფით და სამმაგად უარყოფით (triple-negative) დაავადებაში.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება TROP2 ცილაზე მიმართული ADC-ების განვითარება გახდა. TROP2 არის ცილა, რომელიც ძუძუს კიბოს სხვადასხვა ქვეტიპში, განსაკუთრებით კი HER2-უარყოფით დაავადებაში, ხშირად მაღალი რაოდენობით არის წარმოდგენილი.

სწორედ ამ სამიზნეზეა მიმართული საციტუზუმაბ გოვიტეკანი, რომელმაც ეფექტურობა აჩვენა როგორც სამმაგად უარყოფითი, ისე ჰორმონდამოკიდებული HER2-უარყოფითი მეტასტაზური ძუძუს კიბოს შემთხვევაში. ASCENT და TROPiCS-02 კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატი მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა მკურნალობის შედეგებს სტანდარტულ ქიმიოთერაპიასთან შედარებით. კვლევების ანალიზში ასევე აღინიშნებოდა ცხოვრების ხარისხის უკეთ შენარჩუნება, მათ შორის ტკივილის, ფიზიკური ფუნქციონირებისა და ყოველდღიური აქტივობების კონტროლის მხრივ.

ბოლო წლებში ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი TROP2-ზე მოქმედი ADC -დატოპოტამაბ დერუქსტეკანი (Dato-DXd) – მოექცა. TROPION-Breast01 და TROPION-Breast02 კვლევებმა აჩვენა მისი ეფექტურობა HER2-უარყოფითი ძუძუს კიბოს სხვადასხვა ქვეტიპში, მათ შორის როგორც ჰორმონდამოკიდებულ, ისე სამმაგად უარყოფით დაავადებაში. არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ დატოპოტამაბ დერუქსტეკანს შეუძლია დაავადების კონტროლის გაუმჯობესება ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებასთან ერთად.

დღეს ADC-ები თანამედროვე ონკოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად მიმართულებად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პრეპარატების სრული სპექტრი საქართველოში ჯერ სრულად ხელმისაწვდომი არ არის, გარკვეული მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადაიდგა: ტრასტუზუმაბ ემტანსინი (T-DM1) უკვე აქტიურად გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში; ასევე, საქართველოში უკვე დარეგისტრირდა ტრასტუზუმაბ დერუქსტეკანიც (T-DXd). ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ თანამედროვე მიზნობრივი მკურნალობა ეტაპობრივად უფრო ხელმისაწვდომი ხდება ქართველი პაციენტებისთვისაც.

 ავტორი: სალომე კორძაია, MD, კლინიკა “კონსილიუმ მედულა”-ს კლინიკური ონკოლოგი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტენტის დოქტორანტი 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები