ჩინეთის ქალაქ პეკინში, ღეროვანი უჯრედებისა და რეპროდუქციული ბიოლოგიის სახელმწიფო მნიშვნელობის საკვანძო ლაბორატორიის ბიოლოგი ქალის ფერტილობის გახანგრძლივებაზე მუშაობს.
ჰონგმეი ვანგი განმარტავს მექანიზმს, თუ როგორ მოიაზრებს აღნიშნულის მიღწევას – ქალები კვერცხუჯრედების შეზღუდული მარაგით იბადებიან, ხოლო მენოპაუზა სწორედ მისი ამოწურვის შემდეგ დგება. თუ ქალებს ოვულაცია უფრო იშვიათად ექნებათ, შესაძლოა, კვერცხუჯრედები უფრო ნელა გახარჯონ. მკვლევრის გუნდი ამ ჰიპოთეზას ცხოველებზე ცდის. როგორც მან გამოცემა El País-ს განუცხადა, „მენსტრუაციის გადავადება ან რეპროდუქციული ასაკის გახანგრძლივება შესაძლოა ტექნიკურად განხორციელებადი იყოს“. მისი ლაბორატორია ასევე მუშაობს ღეროვანი უჯრედების გამოყენების მეთოდებზე, საკვერცხის ფუნქციის აღსადგენად.

რეპროდუქციული ასაკის გახანგრძლივების იდეა გაჩნდა იმ რეალობის ფონზე, რომ დღეს, უფრო მეტმა ქალმა დაიწყო ორსულობის გადავადება. ამასთან, გაეროს პროგნოზებით, მიმდინარე ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, 2100 წლისთვის ჩინეთის მოსახლეობა შესაძლოა განახევრდეს. გაეროს მოსახლეობის ფონდს კვლევები ჩატარებული აქვს ევროპის დემოგრაფიულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაშიც, კრიზისზე მიუთითებს. რეპროდუქციული ბიოლოგიური საათის შენელების უსაფრთხო გზამ შესაძლოა ქალებს მეტი დრო მისცეს გადაწყვეტილების მისაღებად, როდის იყოლიონ შვილები.
უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე კვლევები საკმაოდ ადრეულ ეტაპზეა, ჯერჯერობით ცდები მიმდინარეობს ცხოველებზე და ეს მიდგომა ვერ იქნება მკურნალობის მეთოდი, რადგან მას დიდი კომპრომისი ახლავს თან.
თავად ვანგი გამოცემასთან საუბარში განმარტავს შესაძლო გართულებებს, რომელიც მის მიდგომას ახლავს თან. მისი თქმით, „თუ ოვულაციას შეაჩერებენ, შეძლებენ კვერცხუჯრედის შენარჩუნებას, მაგრამ ამავდროულად, შეაფერხებენ ესტროგენის გამომუშავებას“, ჰორმონის, რომელიც იცავს ძვლებს, გულსა და ტვინს. ის ასევე აღნიშნავს, რომ ცალკე განხილვის საკითხია, თავად ქალებს სურთ თუ არა ფერტილობის გადავადება აღნიშნული კომპრომისების ხარჯზე, თუმცა მისივე თქმით, თუ მკვლევრები გვერდითი ეფექტების თავიდან აცილების გზას იპოვიან, ეს სრულიად ახალ გზებს გახსნის ქალთა რეპროდუქციულ მედიცინაში.
წყარო: elpais.com

