მიმდინარე კვირას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სამეცნიერო საზოგადოების მწვავე კრიტიკა დაიმსახურა მას შემდეგ, რაც ორსულებს პოპულარული ტკივილგამაყუჩებლის, პარაცეტამოლის, მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ტრამპის განცხადებები, რომელიც თეთრ სახლში აუტისტური სპექტრის აშლილობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაკეთდა, მეცნიერებმა დაგმეს და შეაფასეს, როგორც უმნიშვნელო კორელაციის გაზვიადება.
ბოსტონის უნივერსიტეტის აუტიზმის კვლევის ცენტრის (CARE) დირექტორმა და აუტიზმის მეცნიერთა კოალიციის დამფუძნებელმა, ჰელენ ტაგერ-ფლუსბერგმა, ადმინისტრაციის განცხადებას „შემაძრწუნებელი“ უწოდა. მისი თქმით, ეს იყო „მეცნიერული ფაქტების ძალიან მნიშვნელოვანი დამახინჯება“ იმის შესახებ, თუ რას ამბობს მეცნიერება პარაცეტამოლსა და აუტიზმს შორის შესაძლო კავშირებზე.
„ამ გზავნილმა, სავარაუდოდ, გავლენა იქონია მილიონობით ორსული ქალის ცხოვრებაზე. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დედები კი იმდენად შეშინდებიან, რომ იფიქრებენ, თითქოს სწორედ მათ გამოიწვიეს საკუთარი შვილის აუტიზმი, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს“, – განაცხადა ტაგერ-ფლუსბერგმა.
კვლევა პარაცეტამოლის მოხმარებასა და აუტიზმს შორის კავშირზე
ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ აგვისტოში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალებს, რომლებიც ორსულობისას პარაცეტამოლს იღებდნენ, უფრო ხშირად ჰყავდათ აუტიზმის დიაგნოზის მქონე შვილები, მაგრამ კვლევაში მოტანილი დასკვნები, ავტორებისვე მოსაზრებით, არ წარმოადგენდა მყარ მტკიცებულებებს და მიუთითებდა მხოლოდ და მხოლოდ შესაძლო კავშირზე პარაცეტამოლსა და აუტიზმს შორის.
აღნიშნულმა კვლევამ, რომელიც ჟურნალ Environmental Health-ში გამოქვეყნდა, დაადგინა, რომ ორსულობისას პარაცეტამოლის (აცეტამინოფენი) გამოყენება, შესაძლოა, ბავშვებში ნეიროგანვითარებითი აშლილობების (NDDs) გაზრდილ რისკთან იყოს დაკავშირებული. ამ დასკვნამდე მეცნიერები 46 კვლევის ანალიზის შემდეგ მივიდნენ.
46 შესწავლილი კვლევიდან უმრავლესობა (27) მიუთითებს, რომ ორსულობისას პარაცეტამოლის მიღება ზრდის ბავშვებში ნეიროგანვითარებითი აშლილობების, მათ შორის ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომისა (ADHD) და აუტისტური სპექტრის აშლილობის (ASD) რისკს.
ხოლო, რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო დიდხანს ან ხშირად იღებდა ორსული პარაცეტამოლს, მით უფრო იზრდებოდა აღნიშნული რისკი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კვლევა კავშირს ვერ პოულობს (9 კვლევა) ან საპირისპირო ეფექტსაც კი აჩვენებს (4 კვლევა), საერთო სურათი მაინც რისკის არსებობაზე მიუთითებს.
თუმცა, ენ ბაუერმა, ეპიდემიოლოგმა, რომელიც ამ კვლევაზე მუშაობდა, მედიებს განუცხადა, რომ ის შეშფოთებულია, რადგან ფედერალური მთავრობის მიერ რეკომენდაციების გაცემა ჯერ ნაადრევია და კვლევით საზოგადოებას მეტი მტკიცებულება სჭირდება პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმამდე.
პენსილვანიის უნივერსიტეტის ფსიქიატრიული ეპიდემიოლოგი, დევიდ მანდელი აღნიშნავს, რომ ორსულობის დროს სიცხისა და ტკივილის სამკურნალოდ პარაცეტამოლის მიღებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკები უფრო ნაკლებია, ვიდრე მკურნალობის გარეშე დარჩენილი ინფექციის რისკი. მაღალმა სიცხემ შეიძლება ზიანი მიაყენოს როგორც დედას, ასევე ნაყოფს, ხოლო პარაცეტამოლი ამ რისკს ამცირებს.
მაგალითისთვის, ბოლო კვლევამ, რომელიც ატარებდა დაკვირვებას ორსულებში ინფექციების მიმდინარეობაზე, აჩვენა, რომ სიცხე მრავალ გართულებასთან არის დაკავშირებული, როგორც დედის, ასევე ნაყოფის შემთხვევაში. კვლევა, რომელიც 2023 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, მოიცავდა 80 ორსულ პაციენტს, რომლებსაც სიცხე ინფექციის გამო ჰქონდათ.
შესწავლილი 80 შემთხვევიდან, ორსულობის პერიოდში ცხელების ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს წარმოადგენდა საშარდე გზების ინფექცია (31.3%) და ზედა სასუნთქი გზების ინფექცია (25%). ცხელება ასოცირებული იყო შემდეგ ანტენატალურ გართულებებთან: აბორტი (13.8%) და ნაადრევი მშობიარობა (23.7%). ასევე, გამოვლინდა ნაყოფის გართულებები: დღენაკლულობა (23.7%), დაბალი წონა (40%) და ახალშობილთა სიკვდილიანობა (2.5%).
ტრამპის განცხადება ამიშებზე
დონალდ ტრამპმა დაასახელა ამიშები, როგორც ამერიკული საზოგადოების ჯგუფი, რომელსაც „პრაქტიკულად არ აქვს აუტიზმი“.
ვინ არიან ამიშები? ამიშები ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები ქრისტიანული რელიგიური ჯგუფია, რომლებიც იზოლირებულად ცხოვრობენ თანამედროვე სამყაროსგან მოშორებით. ისინი უარს ამბობენ ტექნოლოგიურ მიღწევებზე, როგორიცაა ელექტროენერგია და მანქანები, ასევე, ხშირად სკეპტიკურად უყურებენ თანამედროვე მედიცინასა და ვაქცინებს.
ტრამპმა, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, განაცხადა, რომ ამიშებს შორის აუტიზმის დაბალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, გამოწვეულია იმით, რომ ისინი იშვიათად იყენებენ პარაცეტამოლს.
თუმცა, როგორც ლონდონის კინგს კოლეჯის პროფესორი, ევა ლოთი, აცხადებს, ამიშებს შორის აუტიზმის არარსებობა „ძალიან, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა“. მისი თქმით, დაბალი სტატისტიკური მონაცემები, სავარაუდოდ, იმით არის გამოწვეული, რომ ამ თემში კვლევები ნაკლებად ტარდება, ხოლო ამიშები დიაგნოზის დასასმელად იშვიათად მიმართავენ ექიმს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე კვლევები შეზღუდულია, 2010 წელს ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ, რომელიც ოჰაიოსა და ინდიანას ორ დიდ ამიშთა თემში 1,899 ბავშვს მოიცავდა, აჩვენა, რომ აუტიზმი დაახლოებით ყოველ 271 ბავშვში ვლინდებოდა. ეს კვლევა, მოწოდებული ინფორმაციის საპირისპიროდ, ადასტურებს, რომ აუტისტური სპექტრი ამ საზოგადოებაშიც არსებობს.
ტრამპმა ასევე მსგავსი განცხადება გააკეთა კუბის შესახებ, სადაც, მისი თქმით, აუტიზმის დაბალი მაჩვენებელია, რასაც ის კუნძულზე პარაცეტამოლის მარაგის სიმცირეს უკავშირებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აუტიზმის გავრცელების სტატისტიკა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების უმრავლესობაში საერთოდაც უცნობია.
ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ არ არსებობს მეცნიერული კავშირი პარაცეტამოლსა და აუტიზმს შორის, ხოლო მსგავსი არამეცნიერული მტკიცებები საზოგადოებაში დაბნეულობასა და შიშს იწვევს.
და მაინც რატომ გაიზარდა შეერთებულ შტატებში აუტიზმის მაჩვენებელი?
ექსპერტების აზრით, აუტიზმის დიაგნოზების რაოდენობის ზრდა ძირითადად სამი ფაქტორითაა განპირობებული. პირველ რიგში, შეიცვალა დიაგნოსტირების წესები: გაფართოვდა კრიტერიუმები, რამაც შესაძლებელი გახადა სპექტრის უფრო ფართო სიმპტომების მქონე ადამიანების იდენტიფიცირება. მეორეც, გაიზარდა საზოგადოების ცნობიერება აუტიზმის შესახებ, რამაც ხელი შეუწყო ადრეულ დიაგნოსტირებას. მესამე, გაუმჯობესდა ტესტირების მეთოდები.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ კალიფორნიას აუტიზმის მხრივ “უფრო სერიოზული პრობლემა” აქვს. მართალია, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, შტატში მცხოვრებ რვა წლის ბიჭებს შორის აუტიზმის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, მაგრამ ამის მიზეზი, CDC-ის განმარტებით, ადგილობრივი ინიციატივაა. ამ ინიციატივის ფარგლებში ასობით პედიატრი გადამზადდა, რათა მათ ბავშვები რაც შეიძლება ადრეულ ასაკში გამოავლინონ აუტიზმის ნიშნები და საჭიროების შემთხვევაში დიაგნოსტირებაზე გადაამისამართონ, რამაც საბოლოოდ აუტიზმის შემთხვევების უფრო ფართო და ზუსტი იდენტიფიცირება გამოიწვია.
Medscriptum-მა ჩაწერა ინტერვიუ ჰონგ კონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეცნიერების ფილოსოფიის დარგის დოქტორანტთან, ზაზა დობორჯგინიძესთან. მას ვესაუბრეთ ბოლო პერიოდში აშშ-ში აუტისტური სპექტრის აშლილობისადმი (ASD) გაზრდილი ყურადღებისა და კვლევების შესახებ, რომლებიც ეძებენ კავშირს პარაცეტამოლის მიღებასა და აუტიზმს შორის.
რატომაა ამერიკაში ახლა ასეთი დიდი ყურადღება აუტიზმზე?როგორ ფიქრობთ, ბოლო წლებში გავრცელებულობის ზრდა უფრო უკეთეს დიაგნოსტიკასა და კრიტერიუმების გაფართოებას ასახავს, თუ რეალურ ზრდას ინციდენტობაში
აუტიზმის შემთხვევების ზრდის ორი მთავარი მიზეზი არსებობს. პირველია აუტიზმის გაფართოებული განმარტება , რაც ნიშნავს, რომ ახლა მეტი ადამიანი აკმაყოფილებს დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს, ვიდრე ადრე. მეორეც, დღეისდღეობით ხორციელდება უფრო მეტი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა, გაიზარდა სკრინინგი 18-24 თვის ბავშვების პროფილაქტიკური ვიზიტები აუტიზმის ნიშნების შესამოწმებლად და ამავე დროს, მშობლების ცნობიერება აუტიზმის სიმპტომებების შესახებ ბევრად მაღალია, ვიდრე წარსულში. თუმცა, არაა გამოსარიცხი, რომ აუტიზმის შემთხვევების ზრდის ნაწილი არ იყოს კავშირში არც დიაგნოსტიკური კრიტერიუმების გაფართოებასთან და არც გაუმჯობესებულ სკრინინგთან, ამ ფაქტორებს შორის გამოყოფენ მშობლების ასაკს, განვითარებულ ქვეყნებში ბავშვს უფრო და უფრო გვიან აჩენენ, ამავე დროს ნაადრევი მშობიარობისას აუტიზმის რისკი უფრო მაღალია და ნეონატალური ზრუნვის განვითარებასთან ერთად, მცირდება ნაადრევი მშობიარობით გამოწვეული ახალშობილის სიკვდილიანობა. არსებობს კვლევები, რომლებიც მიუთითებს ჰაერის დაბინძურების როლზე აუტიზმის პათოგენეზში. ერთი დაზუსტებული პასუხი, თუ რამ გამოიწვია აუტიზმის ზრდა არ არსებობს, სავარაუდოდ საქმე გვაქვს სოციალური, გარემოს და ბიოლოგიური ფაქტორების კომპლექსურ ურთიერთქმედებასთან.
რას ნიშნავს “ქონფაუნდინგ” ფაქტორები და რა გარემო პირობები შესაძლოა იწვევდეს ცრუ წარმოდგენას, რომ ორსულობის დროს პარაცეტამოლის მომხმარებელ დედების შვილებს, უფრო ხშირად აღენიშებათ განვითარების პრობლემები?
“ქონფაუნდინგ ცვლადები” სტატისტიკურ კვლევებში ნიშნავს, როცა გარეგანი, მესამე ფაქტორი, რომელიც დაკავშირებულია როგორც დამოუკიდებელ ცვლადთან (მიზეზი), ისე დამოკიდებულ (შედეგი) ცვლადთან, გვიქმნის ცრუ წარმოდგენას ორ მოვლენას შორის კავშირზე, ამახინჯებს მათ შორის ნამდვილ ურთიერთკავშირს და პოტენციურად იწვევს არასწორ დასკვნებს. პარაცეტამოლის და ორსულობის შემთხვევაში, ორსულობის პერიოდში პარაცეტამოლს ხშირად ვინც იღებს, როგორც წესი, უარეს ჯანმრთელობის მდგომარეობა აღენიშნებათ, ვიდრე მათ, ვინც არ იყენებს. მაგალითად აღენიშებათ ინფექცია, ან ქრონიკული დაავადება. შესაძლოა ინფექციას ან ქრონიკულ დაავადებას ჰქონდეს გავლენა აუტიზმის წარმოშობაზე და მკვლევარმა იფიქროს, რომ ეს პირდაპირი კორელაციაა პარაცეტამოლს და აუტიზმს შორის. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ცდილობენ თავიანთ კვლევებში მსგავსი ცვლადების გათვალისწინებას ეს ხშირად საკმარისი არაა, მითუმეტეს როცა საქმე ქვეყნების უმრავლესობაში ურეცეპტოდ გაყიდვად წამალს ეხება, მიზეზობრიივ კავშირის გამოვლენა ორმაგად რთულია.
თუ რისკი დადასტურდა, რა რეალისტური რეგულაციური ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას პარაცეტამოლის მოხმარების შესაზღუდათ?
თუ რისკი დადასტურდა მყარი მტკიცებულებებით, და თუ აღმოჩნდა, რომ პარაცეტამოლის რისკი აღემატება ორსულებში ცხელების რისკებს ნაყოფისთვის, ამ შემთხვევაში პარაცეტამოლი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მიიღოს ორსულმა, თუმცა არსებული კვლევები, მათ შორის ისინიც, რომლებმაც გამოავლინა ასოციაცია პარაცეტამოლს და აუტიზმს შორის, ასევე აღნიშნავენ, რომ პარაცეტამოლის რისკები ბევრად მცირეა, ვიდრე ორსულებში გახანგრძლივებული ცხელების რისკები. პარაცეტამოლი ერთადერთი ტკივილგამაყუჩებელია, რომელიც ორსულისთვის უკუნაჩვენები არაა და მის შეზღუდვისთვის საკმარისი მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ არსებობს.

