2026 წელს აშშ-ში, უისკონსინის შტატში წითელას ვირუსული ინფექციით მეორე ბავშვი გარდაიცვალა. როგორც შტატის ჯანდაცვის სერვისების დეპარტამენტი აცხადებს, ბოლო 35 წელში ეს დაავადების აფეთქების ყველაზე მაღალი ნიშნულია.
მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში, სამხრეთ-დასავლეთ უისკონსინში წითელას ჩვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც 1990 წლის შემდეგ შტატში წითელასთან დაკავშირებული პირველი ლეტალური შემთხვევა იყო.
ოფიციალური პირების ცნობით, 13 ნოემბრის მდგომარეობით, დეპარტამენტმა 20 ოლქში წითელას თითქმის 650 შემთხვევა აღრიცხა. უისკონსინის შტატის ჯანდაცვის ოფიცერმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამმართველოს ადმინისტრატორმა, პაულა ტრანმა ოჯახებს მოუწოდა, ჩაიტარონ რეკომენდებული ვაქცინაცია და დარჩნენ სახლში, თუ ინფიცირებულთან შესაძლო კონტაქტი ჰქონოდათ.
2000 წელს აშშ-ში წითელა აღმოფხვრილად გამოცხადდა, თუმცა ექსპერტების თქმით, ვაქცინაციის მაჩვენებლის შემცირების ფონზე, დაავადება კვლავ დაბრუნდა.
შემთხვევების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება მინესოტაშიც. 13 ნოემბრის მონაცემებით, შტატში 160 შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთა უმეტესობა მიმდინარე წლის სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაფიქსირდა. ეს ათწლეულების განმავლობაში შტატში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ როგორც მინესოტაში, ისე უისკონსინში, 2019-20 სასწავლო წელს საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა შორის ვაქცინაციის მაჩვენებელი დაახლოებით 93%-ს შეადგენდა. 2025-26 წლებისთვის კი ორივე შტატში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 85%-მდე დაეცა, რაც საგრძნობლად ჩამოუვარდება პოპულაციური იმუნიტეტისთვის საჭირო დონეს.
საერთაშორისო ჯანდაცვის ექსპერტები განიხილავენ, ჩამოერთმევა თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებს წითელას ელიმინაციის სტატუსი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც ქვეყანამ მეოთხედი საუკუნის წინ მოიპოვა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) პანამერიკული ჯანდაცვის ორგანიზაციის კომიტეტი დახურულ ფორმატში მსჯელობს, არსებობს თუ არა აშშ-ში წითელას უწყვეტი გავრცელების 12 თვეზე მეტხანს შენარჩუნების მტკიცებულება. დადასტურების შემთხვევაში, ქვეყანა 2000 წელს მინიჭებულ სტატუსს დაკარგავს. კომიტეტი საბოლოო დასკვნას მომავალ სამშაბათს გამოაქვეყნებს.
წყარო: cbsnews.com

