ახალ „ჭკვიან პლასტირს“ ფენტანილით ზედოზირებისას ანტიდოტის ავტომატურად გამოყოფა შეუძლია

გააზიარე

ვირჯინიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Virginia Tech) მეცნიერებმა ინოვაციური მიკრონემსებიანი პლასტირი შექმნეს(iNal), რომელსაც ორგანიზმში ფენტანილით ზედოზირების ამოცნობა და ანტიდოტის — ნალოქსონის ავტომატურად გამოყოფა შეუძლია. ჟურნალ Advanced Science-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ამ მოწყობილობას პაციენტის დახმარება დამოუკიდებლად, გვერდით მყოფი ადამიანის ჩარევის გარეშეც შეუძლია.

მონეტაზე მცირე ზომის პლასტირი 121 მიკროსკოპული ნემსისგან შედგება, რომლებიც კანქვეშა სითხეს მინიმალური ქსოვილოვანი დაზიანებით აღწევს. პლასტირის შიგნით მოთავსებულია ნალოქსონით სავსე ფოროვანი სილიციუმის ნანონაწილაკები, რომელთა ფორებიც სპეციალური, ფენტანილისადმი მგრძნობიარე მოლეკულებით არის დაბლოკილი. როდესაც ორგანიზმში ფენტანილის დონე საშიშ ზღვარს აღწევს, ეს მოლეკულური სარქველები იხსნება და ორგანიზმში ანტიდოტი გამოიყოფა — რაც უფრო მაღალია ფენტანილის კონცენტრაცია, მით მეტი ნალოქსონი თავისუფლდება.

მეცნიერების განმარტებით, ტექნოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი მისი მრავალჯერადი მოქმედების უნარია. ვინაიდან ფენტანილის ეფექტი ხშირად ნალოქსონის მოქმედების დროზე მეტხანს ნარჩუნდება, ზედოზირების სიმპტომები შესაძლოა ანტიდოტის პირველი დოზის გასვლის შემდეგ კვლავ დაბრუნდეს. ასეთ დროს, პლასტირი განმეორებით რეაგირებს და ნალოქსონის დამატებით დოზას უშვებს. პროექტის თანაავტორი, ვუჯინ სუნი (Wujin Sun) მოწყობილობას განიხილავს არა მედიკამენტების ჩამნაცვლებლად, არამედ ზიანის შემცირების ინსტრუმენტად იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ოპიოიდები ტკივილგამაყუჩებლად აქვთ დანიშნული და შემთხვევითი ზედოზირების რისკის ქვეშ იმყოფებიან.

ლაბორატორიულმა და თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა პერსპექტიული შედეგები აჩვენა — პლასტირი საფრთხეზე რამდენიმე წუთში რეაგირებდა და ცხოველებში ზედოზირების სიმპტომებს ეფექტურად ხსნიდა. მიუხედავად ამისა, ავტორები სიფრთხილეს იჩენენ და აღნიშნავენ, რომ ტექნოლოგია განვითარების ადრეულ ეტაპზეა. სანამ მსგავსი მოწყობილობა კლინიკურ პრაქტიკაში დაინერგება, აუცილებელია დამატებითი კვლევების ჩატარება იმის შესაფასებლად, თუ რამდენად სტაბილურად მუშაობს პლასტირი დროთა განმავლობაში, ადამიანის განსხვავებული ტიპის კანზე და რეალურ, არალაბორატორიულ პირობებში.

წყარო: Advanced

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები