მედდას, რომელმაც ყალბი კოვიდბარათების გაყიდვით $1.5 მილიონი იშოვა, რეკორდული ჯარიმა დაეკისრა

გააზიარე

ლონგ-აილენდელ ყოფილ მედდას, ჯული დევუონოს, ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტმა 544 000 დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. უწყების განცხადებით, ეს არის ვაქცინაციის გაყალბებისთვის დაწესებული ყველაზე დიდი სამოქალაქო სახდელი დეპარტამენტის 125-წლიან ისტორიაში.

53 წლის დევუონომ, რომელიც კლინიკა Wild Child Pediatric Center-ს ფლობდა, ჯერ კიდევ 2023 წელს აღიარა დანაშაული ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და ფულის გათეთრებაში. გამოძიების მიხედვით, იგი პანდემიის პერიოდში მასშტაბურ სქემას მართავდა, რომლის ფარგლებშიც ყალბ კოვიდბარათებს სკოლის ასაკის 162 ბავშვის მშობელზე ყიდდა.

მედდა უფასოდ იღებდა ვაქცინის დოზებს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისგან (CDC), თუმცა მათ სანაგვეში ყრიდა. ნაცვლად ამისა, ის კლიენტებს ყალბი ჩანაწერის სანაცვლოდ ზრდასრულებზე 220-დან 350 დოლარამდე, ხოლო ბავშვებზე 85 დოლარს ახდევინებდა. დაგროვილი თანხიდან თითქმის 237 000 დოლარი მან საკუთარი სახლის იპოთეკური სესხის დასაფარად გამოიყენა.

სასამართლომ ყოფილ მედდას საპატიმრო სასჯელი აარიდა — მას 5-წლიანი პირობითი მსჯავრი და 840 საათი საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა განესაზღვრა. გარდა ამისა, მან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უკვე მოახდინა 1.2 მილიონი დოლარის კონფისკაცია. ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვის კომისრის, ჯეიმს მაკდონალდის განცხადებით, უწყებას აქვს ნულოვანი ტოლერანტობა მათ მიმართ, ვინც ვაქცინაციის ჩანაწერებს აყალბებს და ამით ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს.

წყარო: NYPOST

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები