17 ნოემბერს, საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში დღენაკლულთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართება.
წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემა და გზავნილია: „პატარა ჩვილი — დიდი პოტენციალი. ადრეული მეთვალყურეობა და უწყვეტი ზრუნვა — ჯანმრთელი მომავლის საფუძველი“.
გლობალური სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში ყოველი მე-10 ახალშობილი დღენაკლული იბადება. შესაბამისად, კონფერენცია მიზნად ისახავს ნეონატალურ მოვლაში არსებული თანამედროვე გამოწვევების განხილვასა და დაბადების მომენტიდან ახალშობილზე უწყვეტი ზრუნვის საუკეთესო პრაქტიკისა და სტანდარტების გაზიარებას.
სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ნეონატოლოგები, პედიატრები, ოჯახის ექიმები და რეანიმატოლოგები როგორც დედაქალაქიდან, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მომხსენებლების რანგში აუდიტორიის წინაშე წარდგებიან წამყვანი ადგილობრივი სპეციალისტები და უცხოეთიდან მოწვეული პროფესორები.
ღონისძიება ტარდება ახალშობილთა მოვლის ევროპული ფონდის (EFCNI) და პარტნიორი კომპანიების (გენერალური სპონსორები: GEA, Happy) მხარდაჭერით.
კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია და წინასწარ რეგისტრაციას არ მოითხოვს. მსურველთა ადგილზე რეგისტრაცია 17 ნოემბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო Holiday Inn-ის (26 მაისის მოედანი N1) საკონფერენციო დარბაზის შესასვლელთან დაიწყება.

