ქართველი ნევროლოგი ეკატერინე პატარაია EMEAC-ის მდივნად და ფინანსურ ხელმძღვანელად აირჩიეს

გააზიარე

ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქართველი ნევროლოგი ეკატერინე პატარაია EMEAC-ის მდივნად და ფინანსურ ხელმძღვანელად (Secretary/Treasurer) აირჩიეს. იგი აღნიშნულ პოზიციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაიკავებს. ორგანიზაციის პრეზიდენტის, პროფესორ ანიტა კამონდის განცხადებით, სამ კანდიდატს შორის გამართული საარჩევნო პროცესი მაღალი კონკურენციით გამოირჩეოდა.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (MD, PhD, MBA) ეკატერინე პატარაია 1995 წლიდან ავსტრიაში, ვენის სამედიცინო უნივერსიტეტში მოღვაწეობს. ის ეპილეფსიის მონიტორინგის განყოფილებასა და პრექირურგიული ეპილეფსიის პროგრამას ხელმძღვანელობს. მისი სამეცნიერო და კლინიკური საქმიანობის მთავარი ფოკუსი ეპილეფსიის ნეიროფიზიოლოგია, პრექირურგიული დიაგნოსტიკა და ელექტროენცეფალოგრამის (EEG) სიღრმისეული ანალიზია. 2002-2004 წლებში მან ტეხასის უნივერსიტეტის (ჰიუსტონი) სამედიცინო ცენტრში კვლევითი პროგრამა გაიარა, 2005 წელს კი ნევროლოგიაში ჰაბილიტაცია მოიპოვა.

პროფესორი პატარაია აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში, რომლებიც მოწინავე PET/MRI ვიზუალიზაციასა და ეპილეფსიურ ქსელებს სწავლობს. აღსანიშნავია მისი პირდაპირი კავშირი ქართულ სამედიცინო სივრცესთან — „ეპილეფსიის საწინააღმდეგო საერთაშორისო ლიგის“ (ILAE) მენტორული პროგრამის ფარგლებში, იგი საქართველოში ეპილეფსიის ქირურგიის განვითარებას უჭერს მხარს და ახალგაზრდა კლინიცისტებსა და მკვლევრებს ხელმძღვანელობს.

ეკატერინე პატარაია 100-ზე მეტი რეცენზირებული (peer-reviewed) სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის, ავსტრიის ეპილეფტოლოგთა საზოგადოების ჰერბერტ რაისნერის პრემია. იგი ავსტრიის ეპილეფტოლოგთა საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტია, ამჟამად კი ავსტრიის კლინიკური ნეიროფიზიოლოგიის საზოგადოების გენერალური მდივნის პოსტს იკავებს.

წყარო: FB

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები