როდესაც შეშინებული მშობელი ინფექციური დაავადების ეპიდაფეთქებისას რჩევას სოციალურ ქსელში ეძებს, მით უმეტეს დედების ერთიან ჯგუფში, ის, წესით, მხარდაჭერას უნდა იღებდეს, მაგრამ Facebook-ის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჯგუფში, სახელწოდებით Crunchy Moms, სადაც თითქმის ნახევარი მილიონი წევრია, რეალობა რადიკალურად განსხვავებულია.
აგვისტოში, პენსილვანიის შტატის ლანკასტერის ოლქში წითელას გავრცელების ფონზე, ერთ-ერთმა დედამ ჯგუფში პოსტი გამოაქვეყნა: „ვერ ვმშვიდდები, ჩემს პატარაზე ვდარდობ“. ის სამი წლის შვილის აცრაზე ფიქრობდა, რათა ამ გზით სახლში მყოფი ექვსი თვის ჩვილიც დაეცვა. მის დახმარების თხოვნას წუთებში ასობით გამოხმაურება მოჰყვა, რომლებმაც სრულად უგულებელყვეს თანამედროვე მედიცინა.
ჯგუფის წევრები დედას კატეგორიულად უკრძალავდნენ ბავშვის აცრას. ერთ-ერთი მათგანი წერდა, რომ წითელათი სიკვდილი „სრულიად შეუძლებელია“. სხვები ამტკიცებდნენ, რომ ვაქცინა თავად ავრცელებს დაავადებას და მისი გაკეთება ორგანიზმში პირდაპირ „შხამის შეყვანის“ ტოლფასია. საგულისხმოა, რომ თავად Facebook-ის ხელოვნურმა ინტელექტმაც (AI), რომელმაც 589 კომენტარი ავტომატურად დაამუშავა, პოსტის ბოლოს მშრალი რეზიუმე დატოვა: „კომენტარის ავტორები ამტკიცებენ, რომ ვაქცინა არასაჭირო ან საზიანოა“.
ეს ონლაინ ნარატივი სრულიად აცდენილია სამედიცინო ფაქტებს. სინამდვილეში, მხოლოდ მიმდინარე წელს, პენსილვანიის შტატში წითელასთან დაკავშირებული 6 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ორი სწორედ ლანკასტერის ოლქში მცხოვრები ჩვილი იყო. მედიკოსები ერთხმად ადასტურებენ, რომ წითელა-წითურა-ყბაყურას (MMR) ვაქცინა უსაფრთხოა და დაავადების პრევენციის საუკეთესო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იარაღია.
მეცნიერებისა და ექიმების თქმით, Crunchy Moms-სა და მსგავს ჯგუფებში გავრცელებული დეზინფორმაცია საგანგაშოა. ახალბედა დედები მეცნიერებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის წინააღმდეგ განწყობილ ონლაინ საუბრებში შეუმჩნევლად ებმებიან. ერთ-ერთი მეცნიერი, რომელიც პლატფორმაზე ჯანმრთელობის შესახებ საზიანო ყალბ ინფორმაციას იკვლევს, Crunchy Moms-ს „Facebook-ის ყველაზე საშიშ ჯგუფს“ უწოდებს.
Facebook-ზე დეზინფორმაცია წლების განმავლობაში პრობლემა იყო, მაგრამ წარსულში კომპანია მის შეზღუდვას ცდილობდა. 2025 წელს Meta-ს დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ პლატფორმაზე „ზედმეტი ცენზურა“ იყო, რის შემდეგაც კომპანიამ პოლიტიკა შეცვალა, აშშ-ში ფაქტების გადამმოწმებლები (factcheckers) გააუქმა და მხოლოდ უკიდურესად საშიში ან უკანონო შინაარსის მოდერაციაზე გადავიდა.
Meta აცხადებს, რომ მავნე სამედიცინო დეზინფორმაციას კვლავ კრძალავს, მაგრამ უცნობია, რეალურად როგორ აღსრულდება ეს წესი. Guardian-ის გამოძიებამ აჩვენა, რომ 490 000-წევრიან Crunchy Moms-ში დეზინფორმაცია თავისუფლად ვრცელდება. უფრო მეტიც, Meta ამ ჯგუფს მომხმარებლებს საკუთარი ალგორითმით ხშირად თავადვე სთავაზობს (Recommendations), მაშინაც კი, როცა ადამიანები მსგავს შინაარსს არ ეძებენ.
Crunchy Moms-ში, რომელიც 2025 წლის მარტში შეიქმნა, აქტიურად ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას ვაქცინების მავნებლობის შესახებ. ზოგიერთი წევრი თვლის, რომ წითელას ან ჩუტყვავილას ბუნებრივად გადატანა უფრო ჯანსაღია, ვიდრე აცრა. ხშირად ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ ვაქცინები აუტიზმს ან ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომს (SIDS) იწვევს.
Guardian-ის ჟურნალისტმა წესების დამრღვევი 50-ზე მეტი პოსტი და კომენტარი დაარეპორტა, მაგრამ Facebook-მა არცერთ მათგანზე რეაგირება არ მოახდინა.
ექსპერტების შეფასებით, ასეთი ჯგუფების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია საზოგადოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გლობალურად ინფექციური დაავადებების რიცხვი იზრდება. თავად ჯგუფის შემქმნელი, სარა რუპი კი მიიჩნევს, რომ იგი მხოლოდ „სიტყვის თავისუფლების” დაცვას უწყობს ხელს და ადამიანებს საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს.
წყარო: The Guardian

