მეცნიერებმა ჭკვიანი CAR-T უჯრედები შექმნეს, რომლებიც ტვინის აგრესიულ სიმსივნეს ანადგურებს

გააზიარე

კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCSF) მეცნიერებმა გენეტიკურად მოდიფიცირებული CAR-T უჯრედები შექმნეს, რომლებიც სისხლში „მძინარე“ მდგომარეობაში მოძრაობენ, თავის ტვინში მოხვედრისთანავე კი აქტიურდებიან და სიმსივნეს ანადგურებენ. ჟურნალ Science Translational Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაში სპეციალისტებმა თაგვებში დიფუზური შუახაზის გლიომა (DMG) სრულად გააქრეს.

დიფუზური შუახაზის გლიომა ბავშვთა თავის ტვინის ლეტალური სიმსივნეა. ის ტვინის ღეროში იჭრება და სუნთქვას, გულისცემასა და ყლაპვას აფერხებს. დიაგნოზის დასმიდან ერთ წელიწადში პაციენტთა უმრავლესობა იღუპება. სტანდარტული CAR-T თერაპია ამ სიმსივნეს ვერ ერევა, რადგან იმუნური უჯრედები ტვინამდე მიღწევამდე იფიტებიან და ჯანსაღ ქსოვილებსაც აზიანებენ.

პროფესორებმა ჰიდეჰო ოკადამ და უენდელ ლიმმა ახალი თაობის თერაპია — B-SYNC CAR-T შეიმუშავეს. მათ იმუნური უჯრედები სპეციალური სენსორით (synNotch) აღჭურვეს, რომელიც მხოლოდ ტვინის სპეციფიკურ ცილაზე — ბრევიკანზე რეაგირებს. ტვინში შეღწევისას ბრევიკანი უჯრედებს „აღვიძებს“, რის შემდეგაც ისინი სიმსივნურ ცილებს (EphA2 და IL13Rα2) პოულობენ და კიბოს უჯრედებს ანადგურებენ. სისხლსა და ელენთაში მოძრავი უჯრედები კი პასიურ მდგომარეობას ინარჩუნებენ და სხვა ორგანოებს არ აზიანებენ.

მკვლევარმა სენთილნათ ლაქშმანაჩეტიმ პრეპარატი თაგვებს როგორც ვენაში, ისე პირდაპირ ტვინის პარკუჭებში შეუყვანა. ინიექციამ ყველა საცდელ თაგვში სიმსივნე სრულად გააქრო. შვიდი კვირის შემდეგ მეცნიერებმა იმავე თაგვებს სიმსივნური უჯრედები ხელახლა შეუყვანეს, იმუნურმა უჯრედებმა ახალი კერებიც გაანადგურეს. მოდიფიცირებული უჯრედები ტვინში 70 დღეზე მეტხანს პატრულირებდნენ და რეციდივს ბლოკავდნენ.

ლაბორატორიული წარმატების შემდეგ UCSF-ის ონკოლოგები კლინიკურ კვლევებს იწყებენ. 2027 წლის აპრილიდან ექიმები B-SYNC თერაპიას უშუალოდ პაციენტებზე, ინტრავენური და ინტრაცერებროვენტრიკულური გზით გამოცდიან.

წყარო: Science

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები