იმ ადამიანებისთვის, ვისაც მოძრაობა და საუბარი უჭირს, ლაპარაკის მცდელობაც კი ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ BCI-ს შეუძლია ამოიცნოს სიტყვები, რომლებსაც ადამიანი მხოლოდ გონებაში წარმოთქვამს.
ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის (BCI) ტექნოლოგია ტვინში არსებულ სიგნალებს კითხულობს, მაგალითად, როდესაც ადამიანი პროთეზს მართვას ან ლაპარაკს ცდილობს. ამ პროცესის დროს, ტვინის სიგნალები ტექსტად გარდაიქმნება.
ამ ტექნოლოგიის წყალობით კომუნიკაცია გაცილებით სწრაფი და მარტივი ხდება, რადგან აღარ არის საჭირო ფიზიკური დაძაბვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს, რომლებსაც დამბლა აქვთ, კომუნიკაციის ბევრად უფრო კომფორტული საშუალება ექნებათ.
კვლევის ფარგლებში, რომელსაც სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი უძღვებოდა, მიკროელექტროდები ჩანერგეს ოთხი პაციენტის თავის ტვინის მოტორულ ქერქში, რომლებსაც დამბლა ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის და თავის ტვინის ღეროს ინსულტის გამო ჰქონდათ. ტვინის აქტივობა იმპლანტმა ჩაიწერა იმ დროს, როდესაც პაციენტები ცდილობდნენ ლაპარაკს ან სიტყვების მხოლოდ გონებაში წარმოთქმას.
მიუხედავად იმისა, რომ ეწ. „შინაგანი მეტყველება“ უფრო სუსტ სიგნალებს წარმოქმნიდა, ვიდრე ლაპარაკის მცდელობა, ორივე პროცესის დროს ტვინის მსგავსი რეგიონები აქტიურდებოდა. ამან ხელოვნურ ინტელექტს საშუალება მისცა გაეშიფრა წინადადებები 125,000-მდე სიტყვისგან შემდგარი ლექსიკონიდან.
სისტემამ მოახერხა ისეთი სპონტანური გონების ენიცს დაფიქსირებაც, როგორიცაა, მაგალითად, რიცხვების თვლა ვიზუალური დავალების შესრულებისას. ამასთან, მოწყობილობაში კონფიდენციალურობისთვის პაროლის ფუნქციაც ჩააშენეს. მაგალითად, ფრაზის, „chitty chitty bang bang“ გონებაში წარმოდგენით დეკოდირება 98%-იანი სიზუსტით აქტიურდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ „შინაგანი მეტყველების“ სრულად და უხარვეზოდ გაშიფვრა ჯერ კიდევ შეუძლებელია, მკვლევრები ფიქრობენ, რომ ტექნიკური აღჭურვილობისა და ალგორითმების გაუმჯობესება ტექნოლოგიას გამოსადეგს გახდის მათთვის, ვისაც მეტყველება არ შეუძლია.
წყარო: Cell

