პანამერიკული ჯანდაცვის ორგანიზაციის (PAHO) გადაწყვეტილებით, 25 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წითელას ელიმინაციის სტატუსი ოფიციალურად დაკარგა. აშშ-ს ეს სტატუსი 2000 წლიდან ჰქონდა მინიჭებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვირუსის უწყვეტი გავრცელება ქვეყანაში შეჩერებული იყო. ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის თანახმად, ქვეყანა სტატუსს კარგავს მაშინ, როდესაც ვირუსის ერთი და იგივე შტამი მოსახლეობაში 12 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში ცირკულირებს.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) 2026 წლის მონაცემებით, ბოლო პერიოდში აშშ-ში წითელას 5 412 შემთხვევა და 10 ლეტალური შედეგი დაფიქსირდა (შედარებისთვის, 2024 წელს 300-ზე ნაკლები შემთხვევა აღირიცხა). ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია 48 დამოუკიდებელი ეპიდაფეთქება, ნიუ-იორკის შტატში კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ფაქტს სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების მდივანი რობერტ ფ. კენედი გამოეხმაურა: „ჩვენ შევაჩერებთ წითელას ეპიდაფეთქებებს, დავიცავთ ამერიკულ ოჯახებს და ვიმუშავებთ, რათა აშშ-მა წითელას ელიმინაციის სტატუსი დაიბრუნოს“. მანვე აღნიშნა, რომ MMR (წითელა, ყბაყურა, წითურა) ვაქცინაციას ვირუსის პრევენციის ყველაზე ეფექტიან გზად მიიჩნევს და საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებს.
სტატუსის დაკარგვას CDC-ის დირექტორი, ერიკა შვარციც გამოეხმაურა და განმარტა, რომ „ამერიკელებს არა სტატუსი, არამედ ვაქცინაცია იცავს“. უწყებამ უკვე გამოყო 100 მილიონი დოლარი ადგილობრივი ჯანდაცვის დეპარტამენტებისთვის, რათა ეპიდაფეთქებების კერებში ვირუსის გავრცელება შეჩერდეს.
ეპიდემიოლოგები შემთხვევების რეკორდულ ზრდას ვაქცინაციის მაჩვენებლის კლებას უკავშირებენ. სტატისტიკის თანახმად, საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვებში MMR ვაქცინით მოცვა 2019-2020 წლების 95%-დან, 2025-2026 სასწავლო წელს 92%-მდე დაეცა. ამან დაახლოებით 300 000 ბავშვი ვირუსის წინაშე დაუცველი დატოვა, მაშინ როცა ე.წ. „ჯოგური იმუნიტეტისთვის“ 95%-იანი მოცვაა კრიტიკულად აუცილებელი.
რობერტ ფ. კენედი პრობლემას „კოვიდის ეპოქის შეფერხებებს“ უკავშირებს, მაგრამ სამედიცინო საზოგადოება მიიჩნევს, რომ მთავარი მიზეზი ვაქცინების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციაა. თავად კენედი არაერთხელ გამხდარა სამედიცინო ორგანიზაციების, მათ შორის პედიატრთა ამერიკული აკადემიის (AAP) მწვავე კრიტიკის ობიექტი, მას შემდეგ, რაც ფედერალურმა მთავრობამ ბავშვთა ვაქცინაციის კალენდარი შეცვალა და დამოუკიდებელი საკონსულტაციო პროცესის გვერდის ავლით, აცრების რაოდენობის შემცირების რეკომენდაცია გასცა.
წითელა ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსია. ინფიცირებულს კონტაქტში მყოფი აუცრელი პირების 90%-ის დაინფიცირება შეუძლია. ვირუსი ჰაერსა და ზედაპირებზე ორი საათის განმავლობაში ცოცხლობს. ყოველი 5 აუცრელი პაციენტიდან ერთს ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, გართულებები კი მოიცავს პნევმონიას, ენცეფალიტს, სიყრუესა და ინტელექტუალურ დარღვევებს. MMR ვაქცინის ორი დოზა (12-15 თვისა და 4-6 წლის ასაკში) ინფიცირებისგან 97%-იან დაცვას უზრუნველყოფს.
წყარო: ABC

