კავშირი ქრონიკულ სტრესსა და დამოკიდებულებას შორის

გააზიარე

სტრესი და დამოკიდებულება ფსიქონეირობიოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული პროცესებია. მრავალი კვლევა მიუთითებს, რომ სტრესი ხშირად მოქმედებს როგორც ტრიგერი ალკოჰოლისა და სხვა ტიპის დამოკიდებულებების ჩამოყალიბებისა და რეციდივისთვის. 2026 წელს გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ კიდევ უფრო გააღრმავა ცოდნა ამ ურთიერთობის შესახებ და დაადგინა კონკრეტული ნეირონული მექანიზმი, რომელიც სტრესს პირდაპირ აკავშირებს დამოკიდებულებასთან.

აღნიშნული კვლევა Texas A&M University-ის ნეირომეცნიერებისა და ექსპერიმენტული თერაპიის დეპარტამენტში ჩატარდა, პროფესორ ჯუნ ვანგის ხელმძღვანელობით. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში eLife.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა აქამდე უცნობი „პირდაპირი ნეირონული გზა“ აღმოაჩინეს, რომელიც ტვინის სტრესზე პასუხისმგებელ უბნებსა და იმ რეგიონებს აკავშირებს, რომლებიც ჩვევებსა და ქცევით გადაწყვეტილებებს აკონტროლებენ. სტრესის ძირითადი ცენტრები ცენტრალური ამიგდულა (CeA) და სტრიას ტერმინალის საბაზისო ბირთვი (BNST)  აგზავნიან სიგნალებს ტვინის იმ ნაწილში, რომელსაც დორსალური სტრიატუმი ეწოდება. ეს რეგიონი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვევების ფორმირებასა და ავტომატური ქცევების რეგულაციაში.

სტრესის სიგნალის გადაცემა ხორციელდება ქიმიური მესენჯერის კორტიკოტროპინ-რილიზინგ ფაქტორის (CRF)  საშუალებით. ეს მოლეკულა სპეციალურ ნეირონებზე, ე.წ. ქოლინერგულ ინტერნეირონებზე (CINs) მოქმედებს, რომლებიც გარკვეულწილად „მარეგულირებლის“ ფუნქციას ასრულებენ და აკონტროლებენ ტვინის პასუხს სტრესზე. ნორმალურ პირობებში ეს სისტემა უზრუნველყოფს ქცევით მოქნილობას, ეხმარება ადამიანს სიტუაციის გაანალიზებაში და ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებაში.

კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა ეხება ალკოჰოლის გავლენას აღნიშნულ სისტემაზე. აღმოჩნდა, რომ ალკოჰოლი მნიშვნელოვნად ასუსტებს CRF-ის მოქმედებას, რის შედეგადაც ირღვევა სტრესზე ადაპტაციური პასუხი. ამის გამო ტვინი ნაწილობრივ კარგავს უნარს „შეჩერდეს და გააანალიზოს“ სიტუაცია, რაც ზრდის ავტომატური, ჩვევითი ქცევების ალბათობას — მაგალითად, ალკოჰოლის მიღებას სტრესულ მდგომარეობაში.

ეს მექანიზმი განმარტავს, რატომ წარმოადგენს სტრესი რეციდივის ერთ-ერთ მთავარ რისკ-ფაქტორს დამოკიდებულების მქონე პაციენტებში. როდესაც აღნიშნული ნეირონული სისტემა დარღვეულია, ადამიანს უჭირს ადაპტაცია და ხშირად უბრუნდება უკვე ჩამოყალიბებულ მავნე ჩვევებს. ასე იხსნება  მხოლოდ  სტრესსა და დამოკიდებულებას შორის არსებული მჭიდრო კავშირი, არამედ იქმნება საფუძველი ახალი თერაპიული მიდგომების განვითარებისათვის, რომლებიც მიზნად აღნიშნული ნეირონული გზის ფუნქციის აღდგენას დაისახავს.

https://neurosciencenews.com/stress-addiction-brain-pathway-30429/

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები