მედიცინის სხვა დარგებში დრო რესურსია, რომელიც ოპტიმალურად უნდა განკარგო. გადაუდებელ მედიცინასა და ტოქსიკოლოგიაში კი დრო თავად „დაავადებაა“. ამას თვალნათლივ აჩვენებს სეპტიკური შოკი, სადაც ანტიბიოტიკის ყოველი საათით დაგვიანება ორგანოთა შეუქცევად დაზიანებას იწვევს, ან ფუგუს (pufferfish) ტოქსინი, რომლის მოქმედების სისწრაფეც ექიმს არ აძლევს იმის ფუფუნებას, რომ ოპტიმალური სტრატეგიის ძიებაში დრო დაკარგოს.
17-18 ივლისს თბილისმა სწორედ ეს ორი, დროსთან “მებრძოლი” სპეციალობა გააერთიანა. სახელმძღვანელოების მიღმა მკაცრი რეალობაა: საჭირო ინფორმაცია ხშირად მაშინ გვეწევა, როცა გადაწყვეტილების მიღების დრო უკვე გასულია. პროტოკოლები, რეგისტრები, და წლების განმავლობაში მიმდინარე ინსტიტუციური კამათი „ხარისხიანი მკურნალობის“ შესახებ სწორედ იმისთვის არსებობს, რომ პრაქტიკასა და თეორიას შორის არსებული უფსკრული დავიწროვდეს; თუმცა, ის ბოლომდე არასდროს ივსება.
ამ პრინციპს “Frontiers in Advanced Emergency Care and The Mediterranean Academy of Emergency Medicine”-ის გაერთიანებული კონგრესი ეხმიანებოდა. თბილისში გამართულმა ღონისძიებამ 60-დე მომხსენებელსა და 200-ზე მეტ დელეგატს უმასპინძლა. კონგრესი ემორის უნივერსიტეტის გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და MENATOX-ის (ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ტოქსიკოლოგიის ასოციაცია) მიერ, KWIU-ს (კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი) და GEMPA-ს (საქართველოს გადაუდებელი მედიცინის პროფესიონალთა ასოციაცია) თანამშრომლობით დაიგეგმა, ხოლო მისი ტოქსიკოლოგიის სექცია ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) მხარდაჭერით გაიმართა.
კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენელი, პროფესორი არჩილ უნდილაშვილი, ამ ღონისძიებას საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენის ახალ ეტაპად მიიჩნევს:
“აღსანიშნავია რომ სწორედ საქართველოა მასპინძელი იმ ძალიან დიდი დელეგაციებისა, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ყველა წამყვანი სამედიცინო და საუნივერსიტეტო ცენტრიდან არიან ჩამოსული. მოგეხსენებათ, ემორის უნივერსიტეტის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი ღონისძიების ორგანიზატორია, ხოლო საქართველოში მასპინძელი – კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტია. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობით შევძელით საქართველოში ასეთი დონის ღონისძიების გამართვა.“
ქართული გადაუდებელი მედიცინისა და ტოქსიკოლოგიისთვის ეს კონგრესი მხოლოდ რიგითი ღონისძიება კი არა, დარგის ტრიუმფალური დაბრუნება იყო. როგორც GEMPA-ს პრეზიდენტმა, გიორგი გოცაძემ აღნიშნა: „პირველი საერთაშორისო კონგრესი ჯერ კიდევ 2016 წელს ჩავატარეთ, თუმცა პანდემიის შემდგომ, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველო ამ მასშტაბის ფორუმზე ამდენი ქვეყნის დელეგატს მასპინძლობს“.
ბატონმა გიორგიმ ეს მასშტაბი დარგის სტრატეგიულ მიზნებს დაუკავშირა: „კონგრესის იდეა საქართველოში გადაუდებელი მედიცინისა და ტოქსიკოლოგიის გაძლიერებაა. ღონისძიება ემსახურება განათლებას, გამოცდილების გაზიარებას და პროფესიულ მხარდაჭერას – კომპონენტებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის და დარგის მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.
დისციპლინა, რომელსაც საკუთარი თავის ხელახლა შექმნა ორჯერ მოუწია
გადაუდებელი მედიცინა არ ყოფილა ბუნებრივი, თავისთავად ცხადი ევოლუციის შედეგი. მეოცე საუკუნის უმეტეს პერიოდში ეს დარგი უბრალოდ არ არსებობდა: კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები „იფანტებოდნენ“ სხვადასხვა სპეციალისტს შორის – გულის შეტევით კარდიოლოგს აბარებდნენ, მოტეხილობით – ორთოპედს, ხოლო მწვავე ინტოქსიკაციის დროს პაციენტი იმ ექიმს ებარა, ვინც იმ მომენტში მორიგეობდა.
ვითარება თანდათან, შემდეგ კი ერთბაშად შეიცვალა, როდესაც ნათელი გახდა, რომ კრიზისის პირველი საათი არ არის იმ სპეციალობის “დაპატარავებული ვერსია“, რომელიც პაციენტს საბოლოო მკურნალობას უტარებს. ეს არის დამოუკიდებელი დისციპლინა საკუთარი, მკაცრი ლოგიკით: სწრაფი ტრიაჟი არასრული ინფორმაციის პირობებში, მულტიპროფილური გუნდების კოორდინაცია და გადაწყვეტილების მიღება გაურკვევლობის ფონზე – ის უნარებია, რომლებიც მედიცინის სხვა დარგებში ნაკლებად გამომუშავდება.
ტოქსიკოლოგიაც ანალოგიური ლოგიკით განვითარდა – გადაუდებელ მედიცინასთან მჭიდრო კავშირში. მოწამვლის კლასიკური ნიშნები ხშირად აცდენილია რეალობას, ამიტომ მისი დროული ამოცნობა ექიმებისგან განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ მზაობას მოითხოვდა: გაურკვევლობა აქ პროფესიულ ჩიხად კი არა, დიაგნოსტიკის საწყის წერტილად მიიჩნევა.
საქართველოში სპეციალობის აღიარების გზა გვიან დაიწყო, თუმცა განსაკუთრებული ტემპით განვითარდა. კონგრესზე ეს პროცესი ექიმმა ნიკოლოზ კვაჭაძემ შეაჯამა:
„საქართველოში გადაუდებელი მედიცინა 2003 წელს, პედიატრიული განყოფილებების გახსნით დაიწყო, რასაც 2006 წელს მოზრდილთა სექტორის ჩართვა მოჰყვა. 2009 წელს, კენ ვოლკერთან შეხვედრის შემდეგ, ემორის უნივერსიტეტმა ქართველი ექიმების პირველი ჯგუფების გადამზადება დაიწყო. მრავალწლიანი შრომის, სასწავლო სტანდარტების დანერგვისა და ინსტიტუციური მშენებლობის შედეგად, 2014 წელს დარგი ოფიციალურად დამტკიცდა და პირველმა რეზიდენტებმაც სწავლა დაიწყეს“.
კვაჭაძის მონათხრობი არ არის ისტორია ინსტიტუტზე, რომელმაც უკვე არსებული მოდელი უბრალოდ გადმოიღო; ეს არის ისტორია ქვეყანაზე, რომელმაც დისციპლინის საძირკველი – სასწავლო გეგმა, საგანმანათლებლო სისტემა და ფორმალური აღიარება – ნულიდან ააშენა. ეს ყველაფერი კი იმ ერთი საუბრით დაიწყო, რომელიც იმ დროს ჩვეულებრივ პროფესიულ გასაუბრებას ჰგავდა.
მართალია, კენ ვოლკერი ამ კონგრესს ვერ მოესწრო, მაგრამ მისი შეუფასებელი მემკვიდრეობა ამის საჭიროებას არც ქმნის. ექიმმა ოთარ დიხამინჯიამ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ემორის უნივერსიტეტსა და ქართულ მედიცინას შორის ათწლეულების მანძილზე ნაშენებ პარტნიორობას და აღნიშნა, რომ ამ საქმეს დღეს პროფესორი ზიად კაზი ღირსეულად აგრძელებს:
„ემორის უნივერსიტეტისა და საქართველოს ჯანდაცვის სექტორის პარტნიორობა ათწლეულებს ითვლის. ამ ისტორიულ გზაზე პატივი უნდა მივაგოთ პროფესორ კენ ვოლკერის ხსოვნას – ადამიანის, რომლის მემკვიდრეობაც ჩვენს გულებში ცოცხლობს. მოხარული ვარ, რომ მის ფასდაუდებელ საქმეს საქართველოს დიდი მეგობარი, პროფესორი ზიად კაზი აგრძელებს. მისი ინიციატივების ჩამონათვალი შთამბეჭდავია: „ტყვიის პროექტი“, ტრავმისა და მოწამვლის საერთაშორისო კონფერენციები და რაც მთავარია, აკადემიური საქმიანობა საქართველოს უნივერსიტეტში“.
ორი მიმართულება, ერთი არგუმენტი
კონგრესის პროგრამის გადახედვისას, ეს ორი მიმართულება რადიკალურად განსხვავებული ჩანდა: ერთი – სისტემურ მენეჯმენტსა და კლინიკურ ოპტიმიზაციაზე იყო ფოკუსირებული, მეორე კი – ტოქსიკოლოგიურ საფრთხეებსა და სასიკვდილო რისკებზე. თუმცა, სიღრმისეულად თუ დავაკვირდებით, ორივე მათგანი ერთსა და იმავე ფუნდამენტურ პრინციპს ემყარება, უბრალოდ – საპირისპირო მხრიდან: უკეთესი შედეგი იშვიათად მოდის მეტი რესურსით; ის მეტის შემჩნევით მიიღწევა.
გადაუდებელი დახმარების სექციამ კრიტიკულად გადახედა გავრცელებულ მოსაზრებას, თითქოს ქაოსი და განყოფილების გადატვირთვა მხოლოდ პერსონალისა ან თუნდაც საწოლების დეფიციტის ბრალი იყოს. რიგების თეორიისა და მართვის თანამედროვე მოდელების გამოყენებით, პანელმა პრობლემა სხვა კუთხით დაინახა: ეს არა რესურსის სიმცირე, არამედ პაციენტთა რეალურ საჭიროებებსა და საავადმყოფოს დაგეგმარების სისტემას შორის არსებული დისბალანსია. „დარგს არ განუცდია მარცხი“, – შეახსენა აუდიტორიას დოქტორმა ბრუკს მურმა, – „მან უბრალოდ არასწორი პრობლემის გადაჭრა სცადა სწორი სისტემით“.
საკონფერენციო დღე ამ პრინციპის გარშემო აიგო – განყოფილების ოპტიმიზაციიდან დაწყებული, უშუალოდ პაციენტის საწოლთან მიღებულ გადაწყვეტილებებამდე. ხანდაზმულ პაციენტთა სესიაზე მკურნალობის დაგეგმვა და მედიკამენტური მართვა შეფასდა, როგორც კრიტიკული სტრატეგიული პროცესი. მთავარი აქცენტი სტატისტიკურ საგანგაშო მონაცემებზე გაკეთდა: 75 წელს გადაცილებულებში დელირიუმის 44% შეუმჩნეველი რჩება, რაც ხშირად ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის დეფიციტის შედეგია. სწორედ ამ კონტექსტში, პოლიფარმაციისა და შაბლონური პროტოკოლების განხილვისას, დოქტორმა ითან მეისელმა სესიის არსი ლაკონიურად შეაჯამა: „დანიშნულებას წერთ არა დაავადებისთვის, არამედ პაციენტისთვის“.
ტოქსიკოლოგიის სექციის ნაწილი კლინიკურ მონაცემთა ობიექტურ ანალიზს დაეთმო. დიაგნოსტიკა აქ კომპლექსური გამოწვევაა: ინტოქსიკაციის სიმპტომები ხშირად არასპეციფიკური და ბუნდოვანია, ლაბორატორიული ტესტები კი შეზღუდული. ასეთ დროს, განსაკუთრებით იშვიათი შემთხვევებისას, პირადი გამოცდილება საკმარისი აღარ არის და კოლეგებთან ცოდნის გაზიარება მნიშვნელოვანია. სწორედ ამ პრაქტიკულმა საჭიროებამ წამოწია წინა პლანზე პროფესიული თანამშრომლობა, რაც MENATOX-ის პრეზიდენტმა, ბადრია ალჰატალიმ საქართველო-ომანის პარტნიორობის მაგალითით გაამყარა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პროფესიული ქსელი არა იმდენად ინსტიტუციურ, რამდენადაც მყარ ინდივიდუალურ კავშირებს ეფუძნება.
„საქართველოსთან თანამშრომლობისთვის მრავალი მიზეზი არსებობს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ემორის უნივერსიტეტის საერთო პლატფორმა, რომელსაც საქართველოსთან მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს. მეორე ფაქტორი ჩვენი კოლეგა, ექიმი ოთარ დიხამინჯიაა – მან ტრენინგი სწორედ ემორში გაიარა, სადაც თავად მეც ვასწავლი, ხოლო მისი შარშანდელი ვიზიტი MENATOX-ის კონფერენციაზე ამ კავშირის კიდევ ერთი დასტურია. ვინაიდან ტოქსიკოლოგია ახალი სუბსპეციალობაა, მსგავსი თანამშრომლობა ჩვენი შესაძლებლობების გასაფართოებლად უალტერნატივოა“.
დოქტორ ალჰატალის ღრმად სწამს, რომ თანამშრომლობა და თანამოაზრეების პოვნა ნებისმიერი სისტემური ცვლილების საფუძველია. მას ეს ხედვა საკუთარმა პრაქტიკამ ჩამოუყალიბა, როდესაც ომანში ტოქსიკოლოგიური ცენტრის ნულიდან აშენება მოუწია. ინსტიტუციური მშენებლობის თანმდევ სირთულეებს იგი შემდეგნაირად აფასებს:
„ნულიდან დაწყება არასდროსაა მარტივი. მთავარი ბრძოლა იმის დამტკიცებაა, თუ რატომ არის ტოქსიკოლოგია პრიორიტეტული და რატომ საჭიროებს ის სერიოზულ ინვესტიციებს – ეს გზა დღემდე გრძელდება. თუმცა, წარმატების საწინდარი სწორედ მსგავსი თანამშრომლობაა: გამოცდილების გაზიარება, სხვების განვლილი გზის შესწავლა და ისეთი არგუმენტების პოვნა, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებ პირებს დაარწმუნებს“.
დოქტორ ალჰატალის ამ პოზიციას სრულად იზიარებს ტოქსიკოლოგი მაიკლ კოსნეტი, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ცოდნის გაცვლა არასდროს არის ცალმხრივი პროცესი. მისი თქმით, ეს კონგრესი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო საგანმანათლებლო პლატფორმა:
“ეს ურთიერთსწავლების არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. შეერთებულ შტატებში ჩვენ მაღალტექნოლოგიურ მედიცინას ვეყრდნობით, თუმცა ხშირად გვერდს ვუვლით იმ კლინიკურ გამოწვევებს, რომელთაც განვითარებადი ქვეყნების ექიმები ყოველდღიურად უმკლავდებიან, როდესაც პაციენტები გაცილებით მძიმე მდგომარეობაში შემოჰყავთ. იმის გაგება, თუ როგორ სვამენ დიაგნოზს და მართავენ კოლეგები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში იშვიათ ინტოქსიკაციებს, ჩვენთვის ნამდვილი პროფესიული უპირატესობაა. საბოლოო ჯამში, ჩვენ მათგან იმდენივე ვისწავლეთ, რამდენიც ვასწავლეთ – სწორედ ამაშია ამ თანამშრომლობის რეალური ძალა“.
ამ საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელობას ადასტურებს რუმინელი კოლეგების ჩართულობაც. დოქტორმა ვიორელა ნიტესკუმ, რომელმაც რუმინეთიდან ჩამოსულ ექიმებთან ერთად მიიღო მონაწილეობა, აღნიშნა, რომ ასეთი პლატფორმები საზღვრებს მიღმა პროფესიული კავშირების გამყარების საუკეთესო საშუალებაა.
აქედან გამომდინარე, ცოდნა იქ გროვდება, სადაც პაციენტები და მრავალფეროვანი, კომპლექსური შემთხვევებია და არა მხოლოდ იქ, სადაც რესურსებია თავმოყრილი. სწორედ ამიტომ აიგო კონგრესი არა ცალმხრივ სწავლებაზე, არამედ გამოცდილების აქტიურ გაცვლაზე – ეს იყო გამოწვევებთან გამკლავების ყველაზე ადეკვატური ფორმატი.
სისტემურ დონეზე ეს მიდგომა ინსტიტუციურ მეხსიერებად გარდაიქმნება: როდესაც ქვეყანა ან საავადმყოფო ინფრასტრუქტურას ქმნის, ერთი ექიმის მძიმედ მოპოვებული გამოცდილება მთელი დარგის მემკვიდრეობა ხდება. სწორედ ამის დასტურია კონგრესის დასკვნით ნაწილში გაჟღერებული სიახლე: საქართველომ ოფიციალურად მიიღო წვდომა მონაცემთა პლატფორმა REDCap-ზე. ეს ნაბიჯი მწვავე ინტოქსიკაციის შემთხვევების პირველ ეროვნულ ბაზას ჩაუყრის საფუძველს და ეროვნული რეგისტრისა და ტოქსიკოლოგიური ცენტრის შექმნის გარდაუვალ წინაპირობად იქცევა.
ამ პროცესში, ინფრასტრუქტურასთან ერთად, უმთავრეს როლს თავად მედპერსონალი ასრულებს. ცერემონიაზე განსაკუთრებული პატივი მიაგეს ექიმ ნინო ბუცხრიკიძეს – ადამიანს, რომლის წვლილი საქართველოს გადაუდებელი მედიცინის ჩამოყალიბებაში ფუნდამენტურია. ეს იყო შეხსენება, რომ სცენაზე გაჟღერებული ინფრასტრუქტურული მიღწევები არასდროს ყოფილა გარდაუვალი პროცესი; მათ უკან კონკრეტული ადამიანების დაუღალავი, ყოველდღიური და ხშირად შეუმჩნეველი შრომა დგას.
ორი დღის განმავლობაში, ათეულობით მომხსენებლის გამოსვლამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ განსხვავება სასურველ და ტრაგიკულ კლინიკურ გამოსავალს შორის ხშირად არც ცოდნაზეა დამოკიდებული და არც რესურსებზე. ეს დამოკიდებულია იმაზე, იზრუნა თუ არა ვინმემ დროულად ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რომელიც ცალკეული ექიმის მიღწევებს დარგის განვითარების ფუნდამენტად აქცევს. საქართველო სწორედ ამ საძირკველს აშენებს – ისევე, როგორც ამას მთელ მსოფლიოში აკეთებენ სხვადასხვა დარგის პროფესიონალები. კონგრესი დასრულდა, თუმცა ინსტიტუციური ფორმირების პროცესი გრძელდება.

