D2 ვიტამინის მიღებამ შესაძლოა სისხლში D3-ის მეტაბოლიტის დონე შეამციროს – რას აჩვენებს კვლევა? – ინტერვიუ ენდოკრინოლოგ ნათია რომაშვილთან

გააზიარე

„სურეის უნივერსიტეტის“ მკვლევრების სისტემურმა მიმოხილვამ და მეტაანალიზმა, რომელიც Nutrition Reviews-ში გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ D2 ვიტამინის მიღებამ შესაძლოა ორგანიზმში D3 ვიტამინის დონე შეამციროს.

აღნიშნული მიგნება შეიძლება ეჭვქვეშ აყენებდეს მოსაზრებას, თითქოს D2 და D3 ვიტამინის ფორმები ორგანიზმში ერთმანეთის სრულფასოვანი და იდენტური შემცვლელებია.

კვლევა განსაკუთრებით საყურადღებოა იმის ფონზე, რომ D ვიტამინის დანამატების მიმართ მოთხოვნის ზრდა მკაფიო გლობალური ტენდენციაა. საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის, Mordor Intelligence-ის 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, D ვიტამინის თერაპიის მსოფლიო ბაზრის მოცულობა 2025 წელს 2.57 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა, 2026 წლისთვის 2.85 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო 2031 წლისთვის მისი ზრდა 4.79 მილიარდ დოლარამდეა პროგნოზირებული (საშუალო წლიური ზრდის ტემპი – 10.94%). ყველაზე სწრაფად მზარდ სეგმენტს ხანდაზმული პაციენტები წარმოადგენენ (წლიური ზრდა 14.2%), რაც მოსახლეობის დაბერებას, ოსტეოპოროზისა და ოსტეოპენიის გავრცელებას და პროფილაქტიკური გამოყენებისადმი ინტერესს უკავშირდება.

ახალი კვლევის შედეგებს აფასებს და დეტალურად განმარტავს D2 და D3 ვიტამინების მიღების სპეციფიკასა და თანამედროვე სამედიცინო მიდგომებს ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი,  საქართველოს მეტაბოლური და ნუტრიციული მედიცინის საზოგადოების დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ნათია რომაშვილი.

თქვენი კლინიკური პრაქტიკიდან გამომდინარე, რამდენად შეინიშნება D ვიტამინის დანამატებზე მოთხოვნის ზრდა საქართველოში და რა არის პაციენტების მხრიდან მისი მიღების მთავარი მოტივაცია?

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის D ვიტამინის მოხმარების დინამიკის ამსახველი წარმომადგენლობითი სტატისტიკა არ არსებობს, ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში პაციენტების მხრიდან მომართვიანობა და დაინტერესება საგრძნობლად გაზრდილია. ჩვენს რეალობაში დანამატის მიღების მთავარი მიზანი ხშირად არის საერთო სისუსტის, დაღლილობის, იმუნიტეტის დაქვეითების ან ძვლოვანი სისტემის პრობლემების პრევენცია, რასაც ხელს უწყობს ინფორმაციის ფართო ხელმისაწვდომობა და პანდემიის შემდგომი პერიოდის გამოცდილება.
თუმცა, საყურადღებოა, რომ გაზრდილი ინტერესი ყოველთვის არ ნიშნავს დანამატის მიღების სამედიცინო აუცილებლობას. ენდოკრინოლოგიის საზოგადოების (Endocrine Society) 2024 წლის კლინიკური გაიდლაინის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ სისხლში 25(OH)D-ის დაბალ დონესა და სხვადასხვა დაავადებას შორის მრავალი კავშირია გამოვლენილი, ყველა შემთხვევაში დადასტურებული არ არის, რომ D ვიტამინის დამატებითი მიღება ამ დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს.

„სურეის უნივერსიტეტის“ მკვლევრების სისტემურმა მიმოხილვამ და მეტაანალიზმა გამოავლინა, რომ D2 ვიტამინის  დანამატების მიღებამ შესაძლოა ორგანიზმში შეამციროს  D3 ვიტამინის დონე. ბიოქიმიურად და ენდოკრინოლოგიურად რით აიხსნება ეს ურთიერთქმედება და რატომ თრგუნავს ერთი ფორმა მეორეს? 

ბიოქიმიურად D2 (ერგოკალციფეროლი) და D3 (ქოლეკალციფეროლი) ორგანიზმში მეტაბოლიზმის მსგავს ეტაპებს გადის: ღვიძლში D2 გარდაიქმნება 25(OH)D2-ად, ხოლო D3 -25(OH)D3-ად, რის შემდეგაც მათი აქტივაცია ძირითადად თირკმელებში მიმდინარეობს. D2-ის მიღების ფონზე 25(OH)D3-ის შემცირების ზუსტი მექანიზმი საბოლოოდ დადგენილი არ არის. ერთ-ერთ შესაძლო ახსნად განიხილება D ვიტამინის მეტაბოლიტების დაშლის (კატაბოლიზმის) გაძლიერება, მათ შორის CYP24A1 ფერმენტის გააქტიურების გზით. თუმცა, მეცნიერულად უფრო ზუსტია იმის თქმა, რომ D2-ის მიღება ასოცირებულია 25(OH)D3-ის შემცირებასთან, ვიდრე იმის მტკიცება, რომ ის პირდაპირ თრგუნავს D3-ის სინთეზს.
რაც შეეხება რისკებს: 25(OH)D3-ის შემცირება არ ნიშნავს, რომ ორგანიზმში D ვიტამინის საერთო მარაგი მცირდება, რადგან პარალელურად იზრდება 25(OH)D2-ის კონცენტრაცია. გარდა ამისა, აღნიშნულმა მეტაანალიზმა შეაფასა მხოლოდ ბიოქიმიური მაჩვენებლები და არა კლინიკური გამოსავლები (მოტეხილობები, ინფექციები ან სიკვდილიანობა). შესაბამისად, დღეს არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს ბიოქიმიური ძვრა დამოუკიდებლად ზრდის რომელიმე გართულების რისკს.

აქამდე ხშირად მიიჩნეოდა, რომ D2 და D3 ვიტამინები ორგანიზმში იდენტურად მოქმედებდა და ერთმანეთის სრულფასოვანი შემცვლელი იყო. ამ კვლევის შედეგების გათვალისწინებით, რამდენად ეფექტურია რეალურად D2 ვიტამინი საერთო სტატუსის გასაუმჯობესებლად, თუ ის პარალელურად ბუნებრივად არსებული D3-ის მარაგს ამცირებს?

ორივე ფორმა ზრდის სისხლში ჯამური 25(OH)D-ის კონცენტრაციას და მონაწილეობს კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულირებაში, თუმცა მათი ეფექტურობა სრულად იდენტური არ არის.

2024 წლის მეტაანალიზმა აჩვენა, რომ D2 ვიტამინის მიღება ჯამური 25(OH)D-ის კონცენტრაციას საშუალოდ 11.47 ნგ/მლ-ით ზრდიდა – იმის მიუხედავად, რომ 25(OH)D3-ის დონე საშუალოდ 4.63 ნგ/მლ-ით მცირდებოდა, ეს კლება სრულად კომპენსირდებოდა 25(OH)D2-ის მატებით (+11.40 ნგ/მლ). D2-ის ბიოლოგიურ აქტივობას ადასტურებს 2026 წელს Nutrition Reviews-ში გამოქვეყნებული 26 კვლევის მეტაანალიზიც, რომლის მიხედვითაც D2 ამცირებდა პარათჰორმონის დონეს და ხელს უწყობდა კალციუმის ბალანსს.
ამრიგად, D2 ვიტამინი ნამდვილად ეფექტურია D ვიტამინის სტატუსის გასაუმჯობესებლად, თუმცა შედარებითი კვლევები და აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) მონაცემები ადასტურებს, რომ D3 უფრო ეფექტურად ზრდის ჯამურ 25(OH)D-ს და მიღწეულ დონეს უფრო ხანგრძლივად ინარჩუნებს.

კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ იმუნური სისტემის დაცვისა და საერთო სტატუსის ასამაღლებლად უმჯობესია არჩევანი D3 ვიტამინზე შევაჩეროთ (მათ შორის მცენარეულ, ლიქენისგან მიღებულ D3-ზე). საქართველოს სააფთიაქო ქსელებში წარმოდგენილი პრეპარატებიდან რომელ ფორმას ენიჭება უპირატესობა და რას უნდა მიაქციოს ყურადღება პაციენტმა შეფუთვაზე?

როდესაც მიზანია სისხლში D ვიტამინის სტატუსის სწრაფი და სტაბილური გაუმჯობესება, ბიოქიმიური ეფექტურობის თვალსაზრისით უპირატესობა D3 ვიტამინს (ქოლეკალციფეროლს) ენიჭება.

საქართველოს სააფთიაქო ქსელებში წარმოდგენილი პრეპარატების აბსოლუტური უმრავლესობაც სწორედ D3 ფორმითაა ხელმისაწვდომი (წვეთების, კაფსულებისა თუ ტაბლეტების სახით).რაც შეეხება იმუნურ სისტემას, 2022 წელს ჟურნალ Frontiers in Immunology-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ D3-ის მიღებისას აქტიურდებოდა I ტიპის ინტერფერონის სასიგნალო სისტემასთან დაკავშირებული გენები (რაც მნიშვნელოვანია ადრეული ანტივირუსული პასუხისთვის), ხოლო D2-ის შემთხვევაში მსგავსი ეფექტი არ გამოვლენილა. თუმცა, ეს კვლევა აფასებდა გენების ექსპრესიას და არა ინფექციების კლინიკურ სიხშირეს, ამიტომ იმუნური დაცვის კუთხით D3-ის კლინიკური უპირატესობა ჯერ კიდევ საბოლოოდ დადასტურებული არ არის.

პრეპარატის შეძენისას პაციენტმა შეფუთვაზე ყურადღება უნდა მიაქციოს სამ ძირითად დეტალს:

  • მოქმედი ნივთიერება: Cholecalciferol (ვიტამინი D3) ან Ergocalciferol (ვიტამინი D2);
  • დოზირება: მითითებულია საერთაშორისო ერთეულებში (IU) ან მიკროგრამებში (მკგ) – 1 მკგ შეესაბამება 40 IU-ს;
  • წარმოშობის წყარო (საჭიროების შემთხვევაში): ტრადიციული D3 მიიღება ცხვრის მატყლის ლანოლინისგან, ხოლო ვეგანური ალტერნატივისთვის შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს მცენარეული წყარო – ლიქენი (Lichen).

არსებობს თუ არა კონკრეტული კლინიკური შემთხვევები ან პაციენტთა ჯგუფები (მაგალითად, ვეგანები ან გარკვეული სამედიცინო ჩვენების მქონე პირები), რომლებსაც დღემდე სტანდარტულად ენიშნებოდათ D2 ვიტამინი და უნდა შეიცვალოს თუ არა ეს მიდგომა ახალი სამეცნიერო მონაცემების ფონზე? თქვენს კლინიკურ პრაქტიკაში როგორი მიდგომით ხელმძღვანელობთ?

ისტორიულად D2 (რომელიც სოკოებისა და საფუარისგან მიიღება) მთავარი ალტერნატივა იყო ვეგანებისა და იმ პირებისთვის, ვინც ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს არ მოიხმარდა. დღეს უკვე ხელმისაწვდომია ლიქენისგან მიღებული მცენარეული D3, რაც ვეგანებს საშუალებას აძლევს, კვებითი პრინციპების დარღვევის გარეშე მიიღონ უფრო მაღალი ბიოშეღწევადობის მქონე D3 ფორმა.

მიუხედავად ამისა, 2025 წლის მეტაანალიზის შედეგები არ იძლევა საფუძველს, რომ D2 არაეფექტურად გამოვაცხადოთ და ჩავანაცვლოთ. ჩემს კლინიკურ პრაქტიკაში უპირატესობას, როგორც წესი, D3-ს ვანიჭებ, თუმცა არჩევანი ყოველთვის ინდივიდუალურია.
განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებენ პაციენტები მალაბსორბციით (ცხიმების შეწოვის დარღვევით), ცელიაკიით, ნაწლავის ანთებითი დაავადებებით ან ბარიატრიული ოპერაციის შემდგომ მდგომარეობაში. Endocrine Reviews-ის 2024 წლის საერთაშორისო კონსენსუსის მიხედვით, ასეთ პაციენტებში შეწოვის თავისებურებების გამო შესაძლოა საჭირო გახდეს განსხვავებული დოზირების სქემა ან უშუალოდ კალციფედიოლის (25(OH)D3-ის მზა ფორმის) გამოყენების განხილვა. ასევე, თირკმლის ქრონიკული დაავადების დროს მკურნალობის ტაქტიკა კალციუმ-ფოსფორის ცვლის სპეციფიკურ მექანიზმებზეა დამოკიდებული.

D ვიტამინის მოხმარების გლობალურ ზრდასთან ერთად, გახშირდა მისი თვითნებურად, ექიმის დანიშნულებისა და წინასწარი ლაბორატორიული კვლევის გარეშე მიღების შემთხვევები. რა რისკებთან არის დაკავშირებული არასწორად შერჩეული ფორმით ან დოზით თვითმკურნალობა?

D ვიტამინი ცხიმში ხსნადი ვიტამინია, ორგანიზმში გროვდება და მისმა ჭარბმა მიღებამ შესაძლოა ტოქსიკური ეფექტები გამოიწვიოს. ტოქსიკურობის მთავარი მექანიზმი ნაწლავებიდან კალციუმის ჭარბი შეწოვა და ჰიპერკალცემიაა. ეს მდგომარეობა ვლინდება გულისრევით, ღებინებით, ყაბზობით, მადის დაქვეითებით, ძლიერი წყურვილით, გახშირებული შარდვითა და სისუსტით, ხოლო მძიმე შემთხვევებში შესაძლოა თირკმლის დაზიანებაც (ნეფროკალცინოზი), რბილი ქსოვილების კალციფიკაციას და გულის რიტმის დარღვევები.
2023 წელს გამოქვეყნებულმა მეტაანალიზმა აჩვენა, რომ დღეში 3200-4000 IU დოზით D ვიტამინის ხანგრძლივი მიღება საკონტროლო ჯგუფთან შედარებით 2.21-ჯერ ზრდიდა ჰიპერკალცემიის რისკს. აშშ-ის მედიცინის ეროვნული აკადემიის (National Academies) მიერ ზრდასრულთათვის დადგენილი ტოლერირებადი ზედა ზღვარი დღეში 4000 IU-ია. ამაზე მაღალი დოზები გამოიყენება მხოლოდ დადასტურებული დეფიციტის სამკურნალოდ, ექიმის მეთვალყურეობითა და განსაზღვრული ვადით.

თვითმკურნალობის მთავარი საფრთხე სწორედ გაუმართლებლად მაღალი დოზების ხანგრძლივი, უკონტროლო მიღება და რამდენიმე კომპლექსური პრეპარატიდან მიღებული ჯამური დოზის გაუთვალისწინებლობაა.

როდესაც პაციენტი სისხლში D ვიტამინის განსაზღვრისთვის ანალიზს იკეთებს, იძლევა თუ არა სტანდარტული კვლევა ინფორმაციას ცალ–ცალკე D2-ისა და D3-ის კონცენტრაციის შესახებ, თუ მხოლოდ ჯამურ მაჩვენებელს ვხედავთ  და რამდენად მნიშვნელოვანია ამ განსხვავების ცოდნა სწორი მკურნალობის დასაგეგმად?

სისხლში D ვიტამინის სტატუსის შესაფასებლად იზომება ჯამური 25-ჰიდროქსივიტამინ D -25(OH)D, რომელიც აერთიანებს ორივე მეტაბოლიტს: 25(OH)D2-სა და 25(OH)D3-ს. რუტინულ კლინიკურ პრაქტიკაში სწორედ ამ ჯამური მაჩვენებლის განსაზღვრაა ძირითადი და სრულიად საკმარისი.

ცალკეული ფრაქციების – 25(OH)D2-ისა და 25(OH)D3-ის ზუსტი და ცალ-ცალკე შეფასება შესაძლებელია სპეციფიკური მეთოდით, როგორიცაა LC-MS/MS (თხევადი ქრომატოგრაფია და ტანდემური მას-სპექტრომეტრია). ეს განსაკუთრებით ინფორმაციულია იმ პაციენტებში, ვინც D2-ს იღებს, რადგან ზოგიერთ სტანდარტულ იმუნოანალიზურ ტესტ-სისტემას 25(OH)D2-ის მიმართ დაბალი მგრძნობელობა აქვს და ჯამური მაჩვენებელი შეიძლება სრულად არ ასახავდეს თერაპიაზე პასუხს.

აქვე აუცილებელია გვახსოვდეს, რომ D ვიტამინის მარაგის შესაფასებლად არ გამოიყენება აქტიური მეტაბოლიტის -1,25(OH)₂D-ის (კალციტრიოლის) ანალიზი. მისი დონე ორგანიზმში მკაცრად რეგულირდება კალციუმ-ფოსფორის ცვლისა და პარათჰორმონის მექანიზმებით, ამიტომ დეფიციტის დროსაც კი ხშირად ნორმის ფარგლებში რჩება და ორგანიზმის რეალურ მარაგს არ ასახავს.

D ვიტამინის გაზრდილმა მოხმარებამ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება თუ არა კიდევ უფრო გამოკვეთოს დამატებითი გვერდითი ეფექტები?

გრძელვადიან პერსპექტივაში მთავარი რისკი უკავშირდება მაღალი დოზების ხანგრძლივ გამოყენებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერკალცემია, ჰიპერკალციურია (შარდში კალციუმის ჭარბი გამოყოფა), თირკმელკენჭოვანი დაავადება და სისხლძარღვთა თუ რბილი ქსოვილების კალციფიკაცია. გარდა ამისა, 2023 წლის მეტაანალიზში ხანგრძლივი მაღალი დოზების ფონზე გარკვეულ ჯგუფებში დაცემებისა და ჰოსპიტალიზაციის რისკის მატებაც დაფიქსირდა.
სწორედ ამიტომ, Endocrine Society-ის 2024 წლის გაიდლაინი 50 წლისა და უფროსი ასაკის პირებში უპირატესობას ანიჭებს ყოველდღიურ, შედარებით დაბალ დოზებს და არა პერიოდულ (მაგალითად, თვეში ერთხელ) ულტრამაღალ დარტყმით დოზებს. რაც შეეხება D2-ის მიღებისას 25(OH)D3-ის შემცირებას, ამ ბიოქიმიური ფენომენის გრძელვადიანი კლინიკური გავლენა დამატებით კვლევას საჭიროებს და დღეისათვის ტოქსიკურ ეფექტად არ განიხილება.

კვლევა

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები