როგორ გავლენას ახდენს რეპროდუქციული თავისუფლება და სოციალური რეალობა დემოგრაფიაზე…
სოციალური სტიგმით დადუმებული ადამიანების ხმა ძლიერდება, მისი ექო კი ცარიელ აკვნებში იღვრება. ოჯახებში, დახურულ კარს მიღმა, ჩუმად განიხილავენ თემებს, რომლებიც მთავრობის დარბაზებშიც გაჟღერდა შემაშფოთებელი განცხადებების სახით – „ნაყოფიერება კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება“. გვაფრთხილებენ შობადობის მკვეთრ ვარდნაზე, ხანდაზმული მოსახლეობის მატებასა და ეკონომიკური კოლაფსის საფრთხეზე, მაგრამ იქნებ ამ ყველაფერს არასწორი რაკურსით ვუყურებთ? იქნებ ციფრებს მიღმა რაღაც უფრო ღრმასა და ფუნდამენტურს ვტოვებთ უყურადღებოდ?
რეპროდუქციული “არჩევანის” ილუზია არის ის, რაც სტატიათა “მყვირალა” სათაურებში არ ჩანს. თუკი თავს დავაღწევთ საგანგაშო რიტორიკას, დავინახავთ ცხოვრებისეულ გამოცდილებებს, რომლებიც რეალურად აყალიბებს კაცობრიობის მომავალს. გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდის (UNFPA) გამოქვეყნებული ანგარიში ამ საკითხის კომპლექსურობას წარმოაჩენს და ხაზს უსვამს, რამდენად არასწორია, როცა პასუხისმგებლობას მხოლოდ ერთ მხარეს ვაკისრებთ.
თუ აქცენტი კვლავ შობადობის ჯამურ მაჩვენებელზე გაკეთდება, რომელიც ხშირად ქვეყნების რეპროდუქციული შესაძლებლობის საზომია, რეალურ სურათს ვერასდროს დავინახავთ. თაობათა განახლების კოეფიციენტი დღეისათვის – 2.1-ია. თუმცა ეს ციფრი რეალური მხოლოდ მაშინაა, თუ ვივარაუდებთ, რომ მოსახლეობაზე შობადობისა და სიკვდილიანობის გარდა არაფერი ახდენს გავლენას.
სტატისტიკის მიღმა: რეალური ადამიანების ისტორიები
ანლის ოცნება: დომინიკის რესპუბლიკის გამოცდილება
დომინიკის რესპუბლიკის სოფელ ესტებანიაში, 18 წლის ანლი იმ გზაჯვარედინზე დგას, სადაც თაობების ტრადიციები თანამედროვე ტენდენციებს ხვდება. აქ ხშირად გადაწყვეტილია გოგონების ბედი: ადრეული ქორწინება, დედობა და შეზღუდული შესაძლებლობები განათლებისთვის. მოლოდინების ეს მძიმე ტვირთი თაობიდან თაობას გადაეცემა.
თუმცა ანლი სხვაგვარად ფიქრობს. მისი ოცნებაა, ჯერ უნივერსიტეტი დაამთავროს, შეიქმნას წარმატებული კარიერა და, როცა მზად იქნება, გახდეს დედა. „შვილის ყოლა მხოლოდ ბიოლოგიური აქტი არ არის. ეს ნიშნავს შევქმნა ისეთი ცხოვრება, სადაც ჩემს შვილებს ყველაფერს მივცემ, რასაც ისინი იმსახურებენ,“ – ამბობს ის.
ანლის ეს სიტყვები ჩუმი, მაგრამ ძლიერი რევოლუციის დასაწყისია, რომელიც დაგვაფიქრებს, იქნებ შობადობის ნამდვილი კრიზისი ის კი არაა, რამდენი ბავშვი ჩნდება, არამედ ის, აქვს თუ არა ადამიანს თავისუფლება თავად აირჩიოს, როდის და როგორ მოავლენს ახალ სიცოცხლეს?
სარას დილემა – როცა ოცნებები რეალობას ეჯახება
მართალია, ანლის საკუთარი ოცნებებისთვის ბრძოლა დომინიკის რესპუბლიკის ერთ-ერთ სოფელში უწევს, მაგრამ ის საოცარ თანხვედრაშია მსოფლიოს სხვა ქალების გამოცდილებასთან, მაგალითად – სარასთან. ის ნიჭიერი არქიტექტორია ცხოვრებისეული გეგმით: ჯერ კარიერა, შემდეგ – შვილები. „ყოველთვის მინდოდა, დიდი, ხმაურიანი ოჯახი მქონოდა. თუმცა, ყოველთვის, როცა ჩემს საბანკო ანგარიშს ან უძრავი ქონების ბაზარს ვაკვირდებოდი, ეს სურათი უბრალოდ… ქრებოდა.“
სარას ისტორია გამონაკლისი არ არის. ეს არის სიჩუმე სტატისტიკური ხმაურის მიღმა. ახალი კვლევის თანახმად, რეპროდუქციული ასაკის ხუთიდან ერთი ზრდასრული (18%) თვლის, რომ ვერ შეძლებს იმდენი შვილის ყოლას, რამდენიც სურს.

50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების 31% ამბობს, რომ მათ სასურველზე ნაკლები შვილი ჰყავთ, ხოლო 12%–ს პირიქით – მეტი, 57%-ს სასურველი რაოდენობა.
კარიერის დედობაზე წინ დაყენება ქალების უბრალო „არჩევანი“ არ არის. ეს გავრცელებული, მაგრამ დამახინჯებული დასკვნაა. სინამდვილეში, საქმე გვაქვს ეკონომიკური გაურკვევლობის, სოციალური ზეწოლისა და არასაკმარისი მხარდამჭერი სისტემების რთულ ქსელთან. ყოველივე ჩუმად და დაუნდობლად ზღუდავს ადამიანების უფლებას, თავად განსაზღვრონ როდის და როგორ გახდნენ მშობლები.
დაფიქრდით რეალობაზე: გაძვირებული ცხოვრება, სტაგნაციის რეჟიმში მყოფი ხელფასები, არასტაბილური სამუშაო ბაზარი და ბავშვის მოვლის მძიმე ტვირთი. ამ პირობებში ბევრი ადამიანი ბავშვის გაჩენას არა სასიხარულო პერსპექტივად, არამედ, ფინანსურ უფსკრულში გადაჩეხვად აღიქვამს.
29 წლის მექსიკელი ქალი ამბობს: „არ მინდა ბავშვის გაჩენა ომის დროს და გაუარესებული გარემოს პირობებში, თუ ბავშვი ამის გამო დაიტანჯება.“ ეს ნათლად აჩვენებს პერსპექტივას, რომელიც არა მხოლოდ ფინანსურადაა გაურკვეველი, არამედ მძიმეა ეკოლოგიურად და პოლიტიკურადაც. მართლაც, რესპონდენტების 39%-მა თქვა, რომ ეკონომიკური პრობლემები ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ვერ აჩენენ იმდენ შვილს, რამდენიც უნდათ. შემდეგ ადგილზეა უმუშევრობა და არასტაბილური სამუშაო ადგილები (21%), ბოლოს კი – საცხოვრებელი პირობები. (19%).
საქართველოს დემოგრაფიული პორტრეტი – გლობალური გამოწვევები ახლოდან
სურვილებისა და საზოგადოებრივი გამოწვევების ანალიზისთვის, საკმარისია საქართველოს დავაკვირდეთ. აქ შობადობის ჯამური მაჩვენებელი (TFR) ერთ ქალზე საშუალოდ 1.7 ბავშვია (მსოფლიო ბანკის მონაცემები, 2023). მსგავსი ვითარებაა საშუალო შემოსავლის მქონე სხვა ქვეყანებშც, რომლებიც ურბანიზაციის, მიგრაციისა და სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის გამოწვევებთან გამკლავებას ცდილობენ.

დაბალი შობადობის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა მკვეთრად არ შემცირებულა, რაც შიდა მიგრაციასა და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას უკავშირდება. თუმცა, ვინც ოჯახის შექმნას აპირებს, ბევრ პრობლემას აწყდება. Geostat-ის მონაცემებით, საქართველოში დიდი პრობლემაა ეკონომიკური არასტაბილურობა, უმუშევრობა (~20%) და იაფი საცხოვრებლის პოვნა. ეს ყველაფერი მხოლოდ აბსტრაქტული სტატისტიკა კი არა, ქართველი ახალგაზრდების ყოველდღიური რეალობაა.
არჩევანი თუ გარემოება? რეპროდუქციული თავისუფლების სირთულე
არჩევანის ცნება ხშირად ზედმეტად გამარტივებულია. ის აღწერს სამყაროს, სადაც ყველა ადამიანს აქვს თანაბარი პირობები და ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობა. რეალურად, ბევრისთვის არჩევანი დიდი ფუფუნებაა, რადგან ხშირად ცხოვრება თავად კარნახობს ადამიანებს შემდეგ ნაბიჯს.
განვიხილოთ არასასურველი ორსულობა, რომელზეც ისუაბრა რესპონდენტების თითქმის მესამედმა (32%). ეს არა ინდივიდუალური დაგეგმვის პრობლემა, არამედ სისტემური ჩავარდნაა. სექსუალური განათლების დეფიციტი, კონტრაცეფციაზე შეზღუდული წვდომა და ჯანდაცვის ბარიერები არჩევანს მხოლოდ ილუზიად აქცევს.
პრობლემის მეორე მხარეა უნაყოფობა, რაც მსოფლიოში თითქმის ყოველ მეექვსე ადამიანს აწუხებს. ბევრ ქვეყანაში კი მკურნალობა ხელმისაწვდომი არ არის. ამას ამძიმებს სტიგმა, რომ მამაკაცის უნაყოფობაზე საუბარი არ შეიძლება, რაც ქმნის ცრუ წარმოდგენას, თითქოს შვილოსნობა მხოლოდ „ქალის პრობლემაა“.
თანასწორობის პარადოქსი
გენდერული თანასწორობა, მიუხედავად საჯარო სივრცეში მიღწეული პროგრესისა, ოჯახებში ძველ წესებს ემორჩილება. ქალები კვლავ ასრულებენ “ბიოლოგიურ როლს”, რაც საგრძნობლად ზღუდავს მათ განათლებას და კარიერულ შესაძლებლობებს. ამას კი არა მხოლოდ კულტურული ტრადიციები, არამედ ეკონომიკური რეალობაც განაპირობებს. ქალები ხშირად დაბალანაზღაურებად და ნაკლებად მოქნილ სამუშაოზე მუშაობენ, რაც მათ საოჯახო საქმეებისკენ უბიძგებს და გავლენას ახდენს შვილის ყოლასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე.
თუმცა, ეს პრობლემა მხოლოდ ქალებს არ ეხება. ბევრ მამაკაცს სურს მეტად ჩაერთოს საოჯახო საქმეებში, თუმცა ამის უფლებას მას მოძველებული საზოგადოებრივი აზრი არ აძლევს. „მსოფლიოს მამების მდგომარეობის ანგარიშის“ (2023) მიხედვით, 15 ქვეყანაში მამაკაცების თითქმის 90% თვლის, რომ თანაბრადაა პასუხისმგებელი საოჯახო საქმეებში.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ თანამედროვე სამყაროში ფუნდამენტურად შეცვლილია მიზნებიც. თუ წინა თაობებისთვის ადრეული ქორწინება და მრავალშვილიანობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ახლა განათლება, პიროვნული განვითარება და კარიერული მისწრაფებები თითქმის სავალდებულოდ იქცა. შედეგად, ბევრი ადამიანი შვილის ყოლას კარიერულ განვითარებას ამჯობინებს. ტრადიციული ოჯახი, რომელიც ოდესღაც ბავშვის აღზრდის მთავარი საფუძველი იყო, ახლა ბევრად უფრო მრავალფეროვანი ხდება.
პოლიტიკა: ფოკუსი ადამიანებზე, არა ციფრებზე
როგორია ნამდვილი რეპროდუქციული თავისუფლება პრაქტიკაში? ეს გულისხმობს ისეთ პოლიტიკას, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს თავად აირჩიონ სასურველი ცხოვრება და მომავალი.
- ყოვლისმომცველი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანდაცვა: ხელმისაწვდომი ოჯახის დაგეგმვა, დედათა მზრუნველობა, უსაფრთხო მშობიარობა და, უმთავრესად, უნაყოფობის პრევენცია-მკურნალობა, დისკრიმინაციული ბარიერების მოხსნით.
- ეკონომიკური უსაფრთხოება და ბავშვის მოვლის ხელმისაწვდომობა: ფინანსური პრობლემები რეპროდუქციული არჩევანის მთავარი ბარიერია. ამიტომ საჭიროა ღირსეული ხელფასი, სტაბილური სამსახური და ხელმისაწვდომი საცხოვრებელი.
- ყოვლისმომცველი განათლება: ახალგაზრდებს სჭირდებათ ზუსტი, არასტიგმატიზებული ინფორმაცია საკუთარ სხეულზე, კონტრაცეფციაზე, სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე, თანხმობასა და ნაყოფიერებაზე. დომინიკის რესპუბლიკაში მცხოვრები ანლის მაგალითი ცხადყოფს, რომ მსგავსი განათლება ცვლის რეალობას. Casa Clave ადგილობრივ ორგანიზაციაა, რომელიც ახალგაზრდებს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციასა და სერვისებზე წვდომას სთავაზობს. მათი წყალობით, მოზარდთა ორსულობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა.
- იურიდიული ბარიერების მოხსნა: კანონები ხშირად ზღუდავენ წვდომას ოჯახთან დაკავშირებულ სერვისებზე (დამხმარე რეპროდუქცია, შვილად აყვანა) და უპირატესობას ანიჭებენ მხოლოდ დაქორწინებულ წყვილებს. პოლიტიკამ უნდა აღიაროს, რომ ოჯახები მრავალფეროვანია, ამიტომ ყველას უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა.
- სოციალური ნორმების ტრანსფორმაცია: ეს არის ფუნდამენტური ნაბიჯი. ქალებს აღარ უნდა ადანაშაულებდნენ დაბალ შობადობაში. ამის ნაცვლად, უნდა გათანაბრდეს ქალებისა და მამაკაცებისთვის პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდის პროცესში.
სამყარო შობადობის კლების გამო არ “სრულდება”, ის უბრალოდ იცვლება. ეს ცვლილება ითხოვს ადაპტირებას და არჩევანის პატივისცემას. გამოსავალი არა შვილოსნობის კონტროლში, არამედ ადამიანების მხარდაჭერაშია- მივცეთ მათ ძალა, თავად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი.
წყარო: UNFPA

