პლაცენტის ღეროვანი უჯრედების თერაპია დიაბეტური ტერფის წყლულების სამკურნალოდ

გააზიარე

დიაბეტური ტერფის წყლულები ღია ჭრილობებია, რომელიც ხშირად მაშინ ჩნდება, როდესაც დიაბეტი ნერვებს აზიანებს. მგრძნობელობის დაკარგვა ართულებს მცირე ტრავმის დროულ შემჩნევას, სანამ ის სერიოზულ ჭრილობად გადაიქცევა. სწორედ ეს წყლულებია ქვედა კიდურების ამპუტაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათია (დიაბეტთან დაკავშირებული ნერვის დაზიანება) ძირითადად სისხლში შაქრის კონტროლითა და სიმპტომების შემსუბუქებით იმართება. თუმცა უკვე დაკარგული მგრძნობელობის აღდგენა ნაკლებად ხერხდება.

ამ პრობლემის საპასუხოდ, პლაცენტის ქსოვილიდან მიღებული ღეროვანი უჯრედების ექსპერიმენტულმა თერაპიამ პირველი დამაიმედებელი შედეგები აჩვენა. კვლევის მთავარ მიზანს მეთოდის უსაფრთხოების დადგენა წარმოადგენდა და არა მისი ეფექტიანობის დამტკიცება. მიუხედავად იმისა, რომ მიღებული შედეგები იმედისმომცემია, აღნიშნული მიდგომა ჯერ კიდევ არ არის აღიარებული ოფიციალურ, სტანდარტულ სამედიცინო პრაქტიკად.

რა გამოსცადეს მკვლევრებმა

უეიკ ფორესტის რეგენერაციული მედიცინის ინსტიტუტის (Wake Forest Institute for Regenerative Medicine) კვლევაში 40-დან 74 წლამდე ასაკის 10 პირი მონაწილეობდა. თითოეულ მათგანს 10-დან 100 სმ²-მდე ზომის წყლულები ჰქონდა, რომელიც ჩვეულებრივი ადგილობრივი თერაპიის ფონზე სულ მცირე სამი თვის განმავლობაში არ ხორცდებოდა.

უჯრედები მშობიარობის შემდეგ გაღებული ჯანმრთელი პლაცენტის ქსოვილიდან შეგროვდა. თითოეულ მონაწილეს ერთჯერადად ინექცია სამი შესაძლო დოზიდან ერთ-ერთით გაუკეთდა: 30, 40 ან 60 მილიონი უჯრედით (ოთხმა ადამიანმა მინიმალური დოზა მიიღო, სამმა – საშუალო, ხოლო დანარჩენმა სამმა – მაქსიმალური). უჯრედები შეიყვანეს როგორც თავად წყლულის არეში და მის მიმდებარედ, ისე ტერფისა და კოჭის რბილ ქსოვილებში.

პროცედურის შემდგომ მონაწილეები დაკვირვების ქვეშ სტაციონარში იმყოფებოდნენ. პირველი სამი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა ინტენსიური მონიტორინგი, ხოლო დაკვირვების პირველ, მესამე, მეექვსე და მეთორმეტე თვეებში განისაზღვრა მეთოდის უსაფრთხოების მაჩვენებლები, შეხორცების დინამიკა, ნერვული მგრძნობელობის აღდგენა და სისხლის მიმოქცევის მდგომარეობა.

კვლევის შედეგები

ერთწლიანი დაკვირვების განმავლობაში პროცედურასთან დაკავშირებული მძიმე გართულებები, ინფექციები, სისხლჩაქცევები ან კანის რეაქციები არ გამოვლენილა. ინექციების შემდეგ ყველა მონაწილეს ნამკურნალებ კიდურში შეშუპება აღენიშნა, თუმცა ის უკვე მეორე დღესვე გაქრა.

ექვსი თვის განმავლობაში წყლულები ათივე პაციენტს სრულად შეუხორცდა, ხოლო ორ მათგანთან ეს შედეგი ორი თვის თავზე დაფიქსირდა. პარალელურად გაუმჯობესდა შეხებისა და ვიბრაციის აღქმა, რის შედეგადაც მე-12 თვისთვის, ერთი შემთხვევის გარდა, ყველას აღუდგა ნორმალური დამცავი მგრძნობელობა, ანუ წნევისა თუ დისკომფორტის შეგრძნების უნარი, რომელიც შესაძლო დაზიანების დროულად შემჩნევაში გვეხმარება.

„გაუმჯობესება, რომელიც ჭრილობის შეხორცებასა და მგრძნობელობის ორ სხვადასხვა საზომში დავაფიქსირეთ, მართლაც დამაიმედებელია, თუმცა შემდგომი კვლევები აუცილებელია“, – აღნიშნავს ენტონი ატალა (Anthony Atala), უეიკ ფორესტის რეგენერაციული მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი და კვლევის თანაავტორი.

სისხლის მიმოქცევის კუთხით ერთმნიშვნელოვანი გაუმჯობესება არ დაფიქსირებულა: თუმცა შვიდ სისხლძარღვში, სადაც თავდაპირველად ნაკადი არ ფიქსირდებოდა, მე-12 თვისთვის ის უკვე გაიზომა. მკვლევრების შეფასებით, ეს მონაცემები ჯერჯერობით დასკვნების გამოსატანად საკმარისი არ არის და დამატებით შესწავლას მოითხოვს.

კვლევის შეზღუდვები

ეს იყო მცირე მასშტაბის, ღია ტიპის პირველი ფაზის კვლევა. მას არ ჰქონდა საკონტროლო და პლაცებო ჯგუფები, ასევე არ იყო გამოყენებული „დაბრმავების“ მეთოდი, ანუ როგორც პაციენტებმა, ისე მკვლევრებმა ზუსტად იცოდნენ, ვინ იღებდა მკურნალობას. შესაბამისად, შეხორცებისა და მგრძნობელობის აღდგენის მაჩვენებლები ჯერ მხოლოდ წინასწარი შედეგებია: ისინი ვერ ადასტურებს ცალსახა მიზეზ-შედეგობრივ კავშირს მხოლოდ ღეროვან უჯრედებთან, ვინაიდან მონაწილეები სტანდარტულ თერაპიასაც იღებდნენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წყლულები ზოგჯერ დროთა განმავლობაში თავადაც უმჯობესდება. ამას ემატება ისიც, რომ ჭრილობების შეხორცების სისწრაფე უფრო მეტად მათ საწყის ფართობზე იყო დამოკიდებული, ვიდრე შეყვანილი უჯრედების რაოდენობაზე.

რისი შესწავლა იგეგმება სამომავლოდ

მკვლევრების აზრით, შემდეგი ეტაპი პლაცებოს ან საკონტროლო ჯგუფის მონაწილეობით უფრო მასშტაბური, კონტროლირებადი კვლევა უნდა იყოს, რათა დადგინდეს ყველაზე ეფექტური დოზა და გამოჩნდეს, ღირს თუ არა მისი შერჩევა წყლულის ფართობის მიხედვით.

გარდა ამისა, სამომავლოდ იგეგმება ორივე კიდურში მგრძნობელობის შეფასება, ანთებისა და შეხორცების პროცესთან დაკავშირებული ბიომარკერების ანალიზი და ხანგრძლივი მონიტორინგი იმის გასარკვევად, რამდენად სტაბილური და უსაფრთხო რჩება მიღწეული ეფექტი გრძელვადიან პერსპექტივაში.

წყარო: Wake Forest Baptist; Stem Cells Translational Medicine



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები