საშინაო სპირომეტრიის უპირატესობა ასთმის დიაგნოსტიკაში

გააზიარე

ასთმა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რესპირატორული დაავადებაა, თუმცა მისი დიაგნოსტირება ხშირად რთულდება. დაავადების მთავარი მახასიათებელი მისი არაპროგნოზირებადობაა – ტიპური სიმპტომები, როგორიცაა ხველა, ხიხინი ან გულმკერდის შებოჭილობა, ეპიზოდურია და შესაძლოა ყოველდღიურად იცვლებოდეს. ხშირად პაციენტს კლინიკაში ვიზიტის მომენტში ფილტვის ფუნქციური მაჩვენებლები სრულიად ნორმალური აქვს, რამაც ექიმი შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს.

სწორედ ამ ცვალებადი ბუნების გამო, საერთაშორისო გაიდლაინები გვირჩევენ, რომ დიაგნოზი მხოლოდ კლინიკურ სურათზე დაყრდნობით არ დაისვას. აუცილებელია ობიექტური მტკიცებულებები, რისთვისაც გამოიყენება სპირომეტრია, ბრონქოდილატაციური ტესტი (BDR) და სუნთქვის პიკური ნაკადის (PEF) სადღეღამისო მონიტორინგი. ეს მეთოდები საშუალებას გვაძლევს დავაფიქსიროთ სასუნთქი გზების შევიწროება და მათი მგრძნობელობა.

თუმცა, რეალურ პრაქტიკაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა სერიოზულ წინააღმდეგობებს აწყდება, რადგან ტრადიციული სპირომეტრია დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს. პაციენტებისთვის კი ყოველდღიურად წარმოებული დღიურები (სუბიექტური და ობიექტური ნიშნების აღსანიშნად) იმდენად მოუხერხებელია, რომ მათში დაფიქსირებული მონაცემები ხშირად არაზუსტი და ნაკლებად საიმედოა.

შედეგად, ვიღებთ დიაგნოსტიკურ დისბალანსს. დაბალი შემოსავლის ქვეყნებში ასთმა ხშირად დაუდგენელი რჩება, განვითარებულში კი პირიქით – ხშირია ჰიპერდიაგნოსტიკა. საბოლოოდ, ორივე შემთხვევა აზარალებს პაციენტს: ერთი – დაგვიანებული მკურნალობით, მეორე კი  არასაჭირო მედიკამენტებით.

შვედური კვლევა ცხადყოფს, რომ ამ დიაგნოსტიკური გამოწვევის პასუხი ციფრულ ტექნოლოგიებშია. სმარტფონთან ინტეგრირებული საშინაო სპირომეტრია უზრუნველყოფს მონაცემთა მაქსიმალურ სიზუსტეს და გამორიცხავს კლინიკაში განმეორებითი ვიზიტების საჭიროებას.

პაციენტები AsthmaTuner-ის მეშვეობით ფილტვის ფუნქციურ მაჩვენებლებს რეალურ დროში, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აკონტროლებდნენ. ამ მეთოდმა შესაძლებელი გახადა სუნთქვის დინამიკური სურათის აღდგენა და იმ მნიშვნელოვანი ნიუანსების დაჭერა, რომლებიც ერთჯერადი კლინიკური შემოწმებისას ექიმის ყურადღების მიღმა რჩება.

ADVERT-ის კვლევა

სტოკჰოლმში, 2020-2023 წლებში ჩატარებულმა ADVERT კვლევამ ასთმის სიმპტომების მქონე 146 პაციენტი (6 წლიდან ზემოთ) გააერთიანა. პროცესის საწყის ეტაპზე ექთნების დახმარებით პაციენტებმა აითვისეს სპირომეტრიის ტექნიკა როგორც კლინიკურ გარემოში, ისე AsthmaTuner-ის საშინაო სისტემის გამოსაყენებლად.

მონიტორინგის 2-4-კვირიან ფაზაში პაციენტები დღეში ორჯერ სახლის პირობებში ზომავდნენ FEV1​ (ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობას პირველ წამში) და PEF (სუნთქვის პიკური ნაკადი) მაჩვენებლებს. პლატფორმა რეალურ დროში ამოწმებდა ტესტირების ხარისხსს საერთაშორისო (ATS/ERS) სტანდარტების მიხედვით. სისტემა ავტომატურად არჩევდა სამი მცდელობიდან ყველაზე ვალიდურ შედეგს და მონაცემებს დაუყოვნებლივ ექიმის პორტალზე აგზავნიდა.

იმ შემთხვევებში, როდესაც დიაგნოზი ბუნდოვანი რჩებოდა, ექიმები მიმართავდნენ სამთვიან სატესტო მკურნალობას საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით. დიაგნოზის საბოლოო ვერიფიკაცია ხდებოდა თერაპიული პასუხის შეფასებისა და განმეორებითი სპირომეტრიული კვლევის საფუძველზე.

რა შემატა საშინაო სპირომეტრიამ დიაგნოსტიკას?

კვლევამ გამოავლინა თვალსაჩინო დისბალანსი ტრადიციულ და ციფრულ დიაგნოსტიკას შორის. სტანდარტული ბრონქოდილატაციური ტესტი (BDR) პაციენტების მხოლოდ 5-6%-ში აღმოჩნდა პოზიტიური, რაც ადასტურებს, რომ კლინიკურ გარემოში ჩატარებულ ერთჯერად კვლევას დაბალი მგრძნობელობა აქვს. 

მონაცემთა ანალიზმა მეცნიერებს საშუალება მისცა ჩამოეყალიბებინათ პრაქტიკული დიაგნოსტიკური კრიტერიუმი: ასთმის მაღალი ალბათობით ვერიფიკაციისთვის საკმარისია დაკვირვების პერიოდში სადღეღამისო ცვალებადობის სულ რაღაც ორი პოზიტიური შემთხვევის დაფიქსირება. შედეგად, PEF მეთოდით დიაგნოსტიკის მგრძნობელობამ 76% შეადგინა, მაშინ როცა სტანდარტული გაიდლაინებით გათვალისწინებული ტესტების ანალოგიური მაჩვენებელი იმავე ჯგუფში მხოლოდ 8.5% იყო.

მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ფილტვის ფუნქციის სტატიკური მაჩვენებლები, როგორიცაა FEV1​/FVC ფარდობა, არ უნდა გამოვიყენოთ იზოლირებულად. დიაგნოსტიკური სიზუსტის ოპტიმიზაციისთვის აუცილებელია ამ მონაცემების კომპლექსური განხილვა დინამიკური ცვალებადობის მაჩვენებლებთან და ბრონქოდილატაციურ ტესტთან კომბინაციაში.

უსაფრთხოება, პაციენტთა ჩართულობა და კლინიკური შედეგები

საშინაო პირობებში სპირომეტრიის წარმოება სრულიად უსაფრთხო და პირველადი ჯანდაცვის რგოლისთვის სავსებით თავსებადი აღმოჩნდა (კვლევის ფარგლებში გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა). პაციენტების მხრიდან გამოვლენილ მაღალ ჩართულობაზე მიუთითებს დაგეგმილი გაზომვების 71%-იანი შესრულების მაჩვენებელი, რაც დისტანციური მონიტორინგისთვის საგრძნობლად მაღალი შედეგია.

განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა კომპლექსური მიდგომა იმ პაციენტების მიმართ, რომელთა დიაგნოზი საწყის ეტაპზე ბუნდოვანი რჩებოდა. სამთვიანი სატესტო თერაპიისა და განმეორებითი ტესტირების კომბინაციამ შემთხვევების თითქმის მეოთხედში ასთმის ფარული ფორმების ვერიფიკაცია გახადა შესაძლებელი.

საბოლოო ჯამში, ამ სტრუქტურირებული პროტოკოლის გამოყენებით, ექიმებმა პაციენტების 80%-ში შეძლეს დასაბუთებული დიაგნოზის დასმა. მსგავსი სისტემური მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს კლინიკურ გაურკვევლობას და ეხმარება სპეციალისტს ასთმის დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში ისეთი მდგომარეობებისგან, როგორიცაა შფოთვითი სინდრომი, გასტროეზოფაგური რეფლუქსი და სხვა.

წყარო:  nature



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები