საქართველოში სუროგაცია აიკრძალება — მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამოაცხადა. მისი თქმით, საკითხზე საქართველოს საპატრიარქოსთან აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს, შესაბამისი კანონპროექტი კი პარლამენტში უახლოეს მომავალში დაინიცირდება.
კირცხალია აკრძალვის მთავარ საფუძვლად ეთიკურ და სამართლებრივ რისკებს ასახელებს, კერძოდ, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებებს.
„კარგად გვესმის, რომ სუროგაციის აკრძალვას შესაძლოა გარკვეული ეკონომიკური გავლენა ჰქონდეს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური სარგებელი ვერ იქნება აღნიშნული რისკებისა და ეთიკური საკითხების საპირწონე“, — განაცხადა მან.
„ქართულ ოცნებას“ სუროგაციის შეზღუდვის მცდელობა 2023 წელსაც ჰქონდა, თუმცა მაშინ სრული აკრძალვა არ იგეგმებოდა — მთავრობის ინიციატივით, სუროგაცია მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უნდა აკრძალულიყო, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი დაშვებული დარჩენილიყო. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები პარლამენტს 2023 წლის 14 ივნისს წარედგინა. იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი რეგულაციის ამოქმედების ვადად 2024 წლის 1 იანვარს ასახელებდნენ, მაგრამ დაჩქარებული წესით დაწყებული განხილვა მოგვიანებით გადაიდო და პროცესი პარლამენტში შეჩერდა.
შეჩერებული კანონპროექტის ფონზე მთავრობამ სხვა შეზღუდვა აამოქმედა: 2024 წლის 29 თებერვალს ძალაში შევიდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დადგენილება, რომლითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სუროგატი დედის მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ხარჯებს აღარ ანაზღაურებს.
წყარო: BM.GE

