საზოგადოებაში სიგარეტის მოწევის მიმართ მიმღებლობა იზრდება, ვეიპინგის მიმართ კი უარყოფითი განწყობა მატულობს

გააზიარე

კვინსლენდის უნივერსიტეტის (ავსტრალია) ხელმძღვანელობით ჩატარებული საერთაშორისო კვლევის თანახმად, საზოგადოებაში ტრადიციული სიგარეტის მოწევა სულ უფრო მისაღები ხდება, მაშინ როცა ელექტრონული სიგარეტის (ვეიპინგის) მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება იზრდება. ჟურნალ Nicotine & Tobacco Research-ში გამოქვეყნებული ნაშრომი ავსტრალიაში, კანადაში, ინგლისსა და აშშ-ში მცხოვრები თითქმის 20 000 ყოველდღიურად მწველი ზრდასრულის მონაცემებს ეფუძნება.

მკვლევრებმა 2016–2022 წლების ტენდენციები თამბაქოს კონტროლის საერთაშორისო გამოკითხვების (ITC Four Country Smoking and Vaping Surveys) საფუძველზე შეისწავლეს. კვინსლენდის უნივერსიტეტის ახალგაზრდებში ნივთიერებათა მოხმარების კვლევის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის, დოქტორ ჯიანგ ვუს თქმით, ოთხივე ქვეყანაში განსხვავებული რეგულაციების მიუხედავად, მსგავსი სურათი გამოიკვეთა: საზოგადოებაში ვეიპინგი სიგარეტის მოწევაზე ნაკლებად მისაღები გახდა.

„ამ ორი პროდუქტის მიმართ საზოგადოებრივი აზრი საპირისპირო მიმართულებით შეიცვალა, მოწევის საწინააღმდეგო სოციალური ნორმები შესუსტდა, ვეიპინგის საწინააღმდეგო ნორმები კი გამყარდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით ეს ტენდენცია შემაშფოთებელია, რადგან სოციალური ნორმები პირდაპირ უკავშირდება იმას, დაანებებს თუ არა ადამიანი თავს მოწევას ან გადავა თუ არა ელექტრონულ სიგარეტზე“, — განმარტავს ჯიანგ ვუ.

მისივე თქმით, მართალია, ვეიპინგი უვნებელი არ არის, მაგრამ ჯანმრთელობისთვის ტრადიციულ სიგარეტზე ნაკლებ რისკს შეიცავს. მოწევის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების შესუსტებამ შესაძლოა, მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ მწეველებს თავის დანებების მოტივაცია შეუმციროს, ვეიპინგის მიმართ მზარდმა უარყოფითმა განწყობამ კი მათ ნაკლებად მავნე ალტერნატივაზე გადასვლაში შეუშალოს ხელი.

მკვლევარი აღნიშნავს, რომ თამბაქოსა და ვეიპინგის ეროვნული პოლიტიკა „გლობალურ საინფორმაციო გარემოში“ მოქმედებს და საზოგადოების განწყობაზე დიდ გავლენას ახდენს მედიის გაშუქება და ისეთი მოვლენები, როგორიცაა, მაგალიტად, COVID-19-ის პანდემია და 2019 წელს აშშ-ში ელექტრონულ სიგარეტებთან დაკავშირებული ფილტვების დაზიანების მასობრივი შემთხვევები.

სპეციალისტების თქმით, აუცილებელია, საზოგადოებას როგორც სიგარეტის, ისე ვეიპინგის რისკები ზუსტად და გამჭვირვალედ აუხსნან — ასე მწეველები გააზრებულ არჩევანს გააკეთებენ, არამწეველი ახალგაზრდები კი დაცულები იქნებიან.

ავტორები აზუსტებენ, რომ კვლევა მხოლოდ იმას ასახავს, როგორ შეიცვალა საზოგადოების განწყობა წლების განმავლობაში. მათ არ შეუსწავლიათ, რეალურად რამდენმა ადამიანმა დაანება თავი მოწევას ან გადავიდა ელექტრონულ სიგარეტზე.

წყარო: MedicalXpress

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები