მეცნიერებმა ახალი ვირუსი აღმოაჩინეს, რომელიც ნიპაჰის ვირუსში ერეოდათ

გააზიარე

ბანგლადეშელმა მეცნიერებმა ხორხის ნაცხის ანალიზების შესწავლისას აღმოაჩინეს ვირუსი, რომელიც მანამდე ნიპაჰის ვირუსში (NiV) ერეოდათ. საუბარია Pteropine orthoreovirus-ზე (PRV), რომელიც, მეცნიერების ვარაუდით, ნიპაჰის ვირუსთან ერთად ფარულად ცირკულირებს და მსგავს სიმპტომებს იწვევს.

კვლევაში ჩართული ხუთივე პაციენტი მწვავე რესპირატორული დაავადებითა და ენცეფალიტით ჰოსპიტალიზებული იყო. როგორც გაირკვა, მათ ცოტა ხნით ადრე ფინიკის პალმის ნედლი წვენი მიირთვეს – პროდუქტი, რომელიც ღამურების საკვებიცაა და ვირუსის ცხოველიდან ადამიანზე გადაცემის ძირითად წყაროს წარმოადგენს.

პაციენტებს აღენიშნებოდათ:

  • მაღალი ტემპერატურა და სუნთქვის გაძნელება;
  • ორიენტაციის დარღვევა და ცნობიერების ცვლილება;
  • სიარულის მანერის დარღვევა.

აღნიშნული ვირუსი Orthoreovirus-ის გვარს მიეკუთვნება . მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ PRV-ს აქვს სეგმენტირებული რნმ გენომი, რაც მას რეასორტიმენტის უნარს სძენს.

რეასორტიმენტი გულისხმობს, რომ სხვადასხვა შტამებს შორის გენეტიკური მასალის მიმოცვლით ვირუსს შეუძლია სწრაფად განიცადოს ევოლუცია. ამ პროცესმა შესაძლოა გამოიწვიოს:

  • ვირუსის გადადების უნარის (ტრანსმისიის) გაზრდა;
  • დაავადების მიმდინარეობის დამძიმება (ვირულენტობა).

მეცნიერები რეკომენდაციას აძლევენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, რომ რესპირატორული დაავადებებისა და ენცეფალიტის დიაგნოსტირებისას, ნიპაჰის ვირუსთან ერთად, აუცილებლად გაითვალისწინონ PRV-ც, რადგან ამ ორ ვირუსს თითქმის იდენტური კლინიკური სურათი აქვს.

წყარო: CIDRAP

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები