„სუროგაციის რეგულირებაზე საუბარი უკვე დაწყებულია. რატომ უნდა გადავიდეთ აკრძალვაზე, სანამ შემუშავებულ რეკომენდაციებს საჯაროდ განვიხილავთ?“

გააზიარე

„სუროგაციის რეგულირებაზე საუბარი უკვე დაწყებულია. რატომ უნდა გადავიდეთ აკრძალვაზე, სანამ შემუშავებულ რეკომენდაციებს საჯაროდ განვიხილავთ?

როგორც რეპროდუქტოლოგი, ამ სფეროში 20 წელია ვმუშაობ. პრაქტიკაში კარგად ვხედავ, რამდენად მნიშვნელოვანია მკაფიო წესები, რომლებიც დაიცავს სუროგატი ქალის ჯანმრთელობასა და უფლებებს, ბავშვის ინტერესებს და მომავალი მშობლების სამართლებრივ უსაფრთხოებას. ასეთივე სიცხადე სჭირდებათ კლინიკებსაც, რომ იცოდნენ, რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ და რაზე ეკისრებათ პასუხისმგებლობა.

ამიტომ ოპტიმიზმით შევხვდი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას და მის საფუძველზე შემუშავებულ 33 რეკომენდაციას. დოკუმენტი სუროგაციისა და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების რეგულირებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს გვთავაზობს. ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ საუბარი ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთანაც დაიწყო.

ამ ფონზე, როცა საჯაროდ სუროგაციის აკრძალვაზე საუბრობენ, ჩემთვის მთავარი კითხვაა, რა შეფასებას ეფუძნება ეს მიდგომა. რა რისკების შემცირებას ველით აკრძალვით? რა გავლენას მოახდენს ის ქალებზე, ბავშვებსა და ოჯახებზე? როგორ შეფასდა ამავე რისკების შემცირების შესაძლებლობა უკვე შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე?

ჩემი პოზიციაა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ეს 33 რეკომენდაცია საჯაროდ უნდა განვიხილოთ. ამ პროცესში უნდა მოვისმინოთ სუროგატი ქალების, ოჯახების, ექიმების, იურისტებისა და შესაბამისი უწყებების ხედვები. სწორედ ამ განხილვის საფუძველზე შეგვიძლია შევაფასოთ, რომელი წესები დაიცავს მონაწილეთა უფლებებს, როგორ გაკონტროლდება მათი შესრულება და რა შედეგებს უნდა ველოდოთ თითოეული გადაწყვეტილებისგან“, — წერს სოციალურ ქსელში მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნანა ჯანელიძე.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები