პანდემიის ფარული შედეგი: COVID-19-მა ტვინის დაბერება დააჩქარა

გააზიარე

უახლესმა სამეცნიერო კვლევამ, რომელიც Nature Communications-ში გამოქვეყნდა, გამოააშკარვა COVID-19 პანდემიის აქამდე შეუმჩნეველი, მავნე გავლენა ტვინზე. ნოტინჰემის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ პანდემიამ საგრძნობლად დააჩქარა ტვინის დაბარების პროცესი. ეს შედეგი მიუთითებს გლობალური სტრესორის ფართო და საგანგაშო ნეიროლოგიურ შედეგებზე. 

ტვინის ასაკი წარმოადგენს მნიშვნელოვან ბიომარკერს, რომელიც ასახავს ტვინის ჯანმრთელობის მდგომარეობას და კოგნიტურ შესაძლებლობებს. ტვინის დაჩქარებული დაბერება გულისხმობს, რომ მისი სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებები ქრონოლოგიურ ასაკზე სწრაფად მიმდინარეობს, რაც მომავალში კოგნიტური უნარების დაქვეითებისა და ნეიროდეგენერაციული დაავადებების რისკს ზრდის.

კვლევის დეტალები: გაერთიანებული სამეფოს ბიოლოგიური ბანკის მონაცემები და ნეიროვიზუალიზაცია

ბრიტანელმა მეცნიერებმა, რომელთა შორის არიან ალი-რეზა მოჰამადი-ნეჟადი, სტამატიოს სოტიროპულოსი და დოროთი აუერი, გაანალიზეს გაერთიანებული სამეფოს ბიოლოგიური ბანკის (UK Biobank) ვრცელი მონაცემები. კვლევის ავტორებმა გააანალიზეს 15,334 ჯანმრთელი ადამიანის ტვინის ნეიროვიზუალიზაციის მონაცემები და შექმნეს მოდელები, რომლებიც ტვინის ასაკის პროგნოზირებას ახდენენ. სწორედ ეს მოდელები, სტრუქტურის მიხედვით, აფასებენ რამდენად “დაბერებულია” ტვინი. 

შექმნილი მოდელები გამოიყენეს 996 ჯანმრთელი მონაწილის დამოუკიდებელ ჯგუფზე, რომლებსაც ჩატარებული ჰქონდათ თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) ორი სკანირება: მონაწილეთა ნაწილი (საკონტროლო ჯგუფი), პანდემიამდე ორჯერ, გამოიკვლიეს MRI-ს საშუალებით, ხოლო მეორე ნაწილი (პანდემიის ჯგუფი) – ერთხელ პანდემიამდე და მეორედ პანდემიის დაწყების შემდეგ. პირველი MRI-სკანირება მეცნიერებს საშუალებას აძლევდა დაედგინათ ტვინის საწყისი ასაკი, მეორე კი – დაენახათ, როგორ იმოქმედა პანდემიამ მის მდგომარეობაზე.

კვლევის შედეგებმა გამოავლინა, რომ პანდემიის ჯგუფში ტვინის დაბერება მნიშვნელოვნად დაჩქარდა. თავდაპირველი MRI-გამოკვლევისას ორივე ჯგუფის (პანდემიური და საკონტროლო) მონაწილეთა ტვინის ასაკი რეალურ, ანუ ქრონოლოგიურ ასაკს შეესაბამებოდა. მეორე, განმეორებითი სკანირების შედეგად აღმოჩნდა, რომ პანდემიის ჯგუფის ტვინი, საშუალოდ, 5.5 თვით უფრო დაბერებული იყო, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის ტვინი, რომლის მონაცემებიც იმავე პერიოდში შეგროვდა. ეს მიუთითებს, რომ პანდემიის დროს  მათი ტვინი დაახლოებით ნახევარი წლით უფრო სწრაფად დაბერდა. განსხვავება შენარჩუნდა მაშინაც კი, როცა გათვალისწინებული იყო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ფაქტორები, რაც კიდევ უფრო ამყარებს კვლევის შედეგების სანდოობას.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს როგორც იმ პირების ტვინის მონაცემები, ვისაც COVID-19 ჰქონდა, ასევე მათი – ვინც არ იყო ვირუსით ინფიცირებული. შედეგებით დადგინდა, რომ ტვინის დაჩქარებული დაბერება დამახასიათებელი იყო ორივე ჯგუფისთვის, რაც მიუთითებს, რომ პანდემიამ ტვინის ჯანმრთელობაზე გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ინფიცირებით, არამედ საერთო სოციალური, ფსიქოლოგიური და ცხოვრების წესის ცვლილებებითაც. კვლევა პირდაპირ არ იკვლევდა, რა იწვევდა ტვინის დაჩქარებულ დაბერებას, თუმცა, მეცნიერების აზრით, პანდემიის შედეგად გამოწვეულმა ქრონიკულმა სტრესმა, შფოთვამ, დეპრესიამ და სოციალურმა იზოლაციამ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედა ტვინის სტრუქტურასა და მის მუშაობაზე.

აღმოჩენა უაღრესად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით. ის აჩვენებს, რომ ტვინის ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ ვირუსი, არამედ პანდემიით გამოწვეული სოციალური და ფსიქოლოგიური ცვლილებებიც. დაჩქარებული დაბერება პოტენციურად ზრდის ნეიროდეგენერაციული დაავადებების (როგორიცაა ალცჰაიმერი და პარკინსონი) განვითარების რისკს. აუცილებელია შედეგების სიღრმისეული შესწავლა, რომ დადგინდეს, რამდენად და როგორ არის შესაძლებელი ამ პროცესების მართვა.

Nature-ს სტატია იხილეთ ბმულის საშუალებით:

Mohammadi-Nejad, A. R., et al (2025). Accelerated brain ageing during the COVID-19 pandemic. Nature Communications, 16(1), 6411. 

Medscape. (2025, July 24). COVID-19 Pandemic Tied to Accelerated Brain Aging. 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები