როგორ დავიცვათ ოპტიმალური ბალანსი ინსულტის პრევენციასა და სისხლდენის რისკს შორის?

გააზიარე

მედიცინაში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ინსულტი კვლავ უმძიმეს საფრთხეს წარმოადგენს სიცოცხლისთვის. ამ, ხშირ შემთხვევაში, ფატალური პათოლოგიის რისკი მკვეთრად იზრდება იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ წინაგულების ფიბრილაცია (AF), რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს თრომბების წარმოქმნას. ეს თრომბები კი ტვინში მოხვედრის შემთხვევაში, ბლოკავს სისხლის ნაკადს. 

მეორე მხრივ, ათეროსკლეროზი (არტერიების კედლებში ცხიმოვანი ნივთიერების ჩანართების გაჩენა) ზრდის ინსულტის რისკს, რადგან ის სისხლძარღვის სანათურის შევიწროვებასთან ერთად, ააქტიურებს თრომბოზულ კასკადს.

AF-ით გამოწვეული ინსულტის პრევენციის სტანდარტული მიდგომა გულისხმობს პერორალური ანტიკოაგულანტების (OACs) გამოყენებას, რომლებიც მიზნად ისახავს ინტრაკარდიული თრომბოზის პრევენციას. ხოლო ათეროსკლეროზის მქონე პირებში, ინსულტის რისკის შესამცირებლად, როგორც წესი, გამოიყენება ანტითრომბოციტული მედიკამენტები (მაგ. ასპირინი), რათა შეფერხდეს ფოლაქებზე თრომბის აგრეგაცია.

როდესაც ეს ორი პათოლოგია თანაარსებობს, ექიმები რთული დილემის წინაშე დგებიან: როგორ უნდა ავიცილოთ ინსულტი თავიდან ისე, რომ არ გაიზარდოს სისხლდენის რისკი? დღეს არსებული რეკომენდაციები კი ამ საკითხის გადასაჭრელად მკაფიო მითითებებს ვერ იძლევა.

ATIS-NVAF კვლევა:

არსებული გაურკვევლობის გამო, აუცილებელი გახდა იმის დადგენა, რომელი ანტითრომბოზული სტრატეგია მოიტანს რეალურ კლინიკურ სარგებელს ამ მაღალი რისკის მქონე პაციენტებში. ამ თერაპიულ დილემას ნაწილობრივ წყვეტს ATIS-NVAF კვლევა.

კვლევის მიზანია შეაფასოს, რომელი ანტითრომბოზული რეჟიმია უკეთესი. შედარებულია OAC მონოთერაპია და მისი ანტითრომბოციტულ აგენტებთან კომბინაცია. კვლევა ფოკუსირებულია განმეორებითი ცერებრული იშემიის პრევენციაზე იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არასარქვლოვანი წინაგულების ფიბრილაცია (NVAF) და ათეროსკლეროზული კარდიოვასკულური დაავადება (ASCVD).

ATIS-NVAF კვლევა ჩატარდა იაპონიის 41 ცენტრში. მასში ჩაერთო 316 პაციენტი, რომლებსაც ახლო წარსულში გადატანილი ჰქონდათ ცერებრული იშემიური მოვლენა (ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა – TIA) და ამასთანავე დადგენილი ჰქონდათ NVAF და ASCVD.

პაციენტები შემთხვევითობის პრინციპით ორ ჯგუფად დაიყო:

OAC მონოთერაპია (მხოლოდ ანტიკოაგულანტი).

OAC კომბინაცია ანტითრომბოციტულ აგენტთან ერთად.

ანტითრომბოზული აგენტები და მათი დოზები მკურნალმა ექიმებმა ინდივიდუალურად დანიშნეს, რაც რეალურ კლინიკურ პრაქტიკას ასახავდა. პაციენტების პროსპექტული დაკვირვება ორი წლის მანძილზე გრძელდებოდა; მიმდინარეობდა ცერებრული იშემიის რეციდივების, კარდიოვასკულური და ჰემორაგიული გართულებების მონიტორინგი.

კვლევის შედეგები: 

იშემიური კარდიოვასკულური მოვლენებისა და მძიმე სისხლდენის საერთო სიხშირის შედარებისას, ორ ჯგუფს შორის მკვეთრი კლინიკური განსხვავება არ გამოვლინდა.

კომბინირებული თერაპიისას ეს მაჩვენებელი 18%-ს შეადგენდა.

მხოლოდ OAC-ის შემთხვევაში კი – 20%-ს.

თუმცა, კომბინირებულმა თერაპიამ შესამჩნევად გაზარდა სისხლდენის რისკი:

მძიმე სისხლდენის სიხშირე კომბინირებული თერაპიის ჯგუფში იყო 9.4%, მონოთერაპიისას – 5.6%.

ამასთან, არამძიმე, თუმცა კლინიკურად მნიშვნელოვანი, სისხლდენა კომბინირებულ ჯგუფში ორჯერ უფრო ხშირად დაფიქსირდა.

ამ მონაცემების საფუძველზე სისხლდენა იყო უსაფრთხოების მთავარი პრობლემა. სერიოზულ გართულებებს შორის დომინირებდა გასტროინტესტინური და ინტრაცერებრული სისხლჩაქცევები. სისხლდენის მაღალი სიხშირე დაფიქსირდა ორმაგი ანტითრომბოზული თერაპიის ფონზე. ამ გაზრდილმა რისკმა შეიძლება გადაწონოს ემბოლიასთან დაკავშირებული ინსულტის თავიდან აცილების სარგებელი.

კვლევის შეზღუდვები:

ღია ეტიკეტირების დიზაინი (როდესაც მკურნალობა ცნობილია როგორც ექიმისთვის, ისე პაციენტისთვის) შესაძლოა გავლენას ახდენდეს გვერდითი მოვლენების მოხსენებასა და მართვაზე.

მკურნალობის ინდივიდუალურად შერჩევამ (პრეპარატებისა და დოზირების კუთხით) გამოიწვია კვლევის ჰეტეროგენულობა.

საბოლოოდ, კვლევის შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კომბინირებული ანტითრომბოზული რეჟიმის რუტინულ გამოყენებას NVAF-ითა და ASCVD-ით დაავადებულ პაციენტებში, იშემიური ინსულტის მეორადი პრევენციისთვის. ეს მიგნება კი ხელს შეუწყობს თერაპიული პროტოკოლების გამარტივებასა და პაციენტების გამოსავლის გაუმჯობესებას.

წყარო: Jama Neurology



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები