ნიუ-ჰემფშირის შტატში მცხოვრები 58 წლის მოლი ფალკო გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის თირკმლით უკვე ერთი წელია ცხოვრობს. The New York Times-ის ცნობით, ეს ყველაზე ხანგრძლივი ვადაა, რაც პაციენტს ცხოველის ორგანოთი უცოცხლია. ბოსტონის Mass General Brigham-ის კლინიკაში, სადაც ოპერაცია ჩატარდა, ექიმები აცხადებენ, რომ გადანერგილი თირკმელი სისხლს წმენდს, შარდს გამოიმუშავებს და ორგანიზმში სითხისა და მინერალების ბალანსს ინარჩუნებს.
კლინიკის თირკმლის ტრანსპლანტაციის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელისა და ფალკოს მკურნალი ექიმის, ლეონარდო რიელას შეფასებით, ეს შედეგი ადასტურებს, რომ მსგავსი ორგანოების ფუნქციონირება რეალისტურია, მაგრამ „საბოლოო გამარჯვების აღნიშვნა ჯერ ნაადრევია“. ფალკოს ოპერაციის შემდეგ გარკვეული გართულებები ჰქონდა, მაგრამ თებერვლის შემდეგ ჰოსპიტალიზაცია აღარ დასჭირვებია. ექიმები იმედოვნებენ, რომ თირკმელი მინიმუმ კიდევ ერთ წელს იმუშავებს.
„ყოველდღე მიკვირს, რომ ისევ ფუნქციონირებს. ვეცდები, რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნო, თუ მთელი სიცოცხლე ასე იქნება, დაუჯერებელია“, — განაცხადა ფალკომ, რომელმაც ტრანსპლანტაციამდე დიალიზზე 11 თვე გაატარა. მისი თქმით, ცხოვრება „თითქმის ნორმალურ“ კალაპოტს დაუბრუნდა. მართალია, მალე იღლება, მედიკამენტების გამო მსუბუქი ტრემორი აქვს და საზოგადოებრივ ადგილებში ინფექციებისგან თავის დასაცავად ნიღაბს ატარებს, მაგრამ კვლავ ამზადებს ოჯახისთვის საჭმელს, მართავს ავტომობილს და შობისთვის კოლორადოში გამგზავრების ნებართვაც მიიღო.
ადამიანისთვის ცხოველის ორგანოების გადანერგვა ჯერ კიდევ ექსპერიმენტულ ეტაპზეა, მაგრამ სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ მეთოდი დონორი ორგანოების მწვავე დეფიციტს შეამცირებს. აშშ-ში თირკმლის მოლოდინში დაახლოებით 90 000 ადამიანია და ყოველდღიურად, საშუალოდ, 12 პაციენტი იღუპება. იანვარში ბიოტექნოლოგიური კომპანია eGenesis-ი ღორის თირკმელების ოფიციალურ კლინიკურ კვლევას აშშ-ის 10 სამედიცინო ცენტრში, 33 პაციენტზე დაიწყებს; პარალელურად, საკუთარ კვლევებს ატარებს United Therapeutics Corp.-იც, რომელმაც ღორის გულის გადანერგვის მცირე კვლევის ნებართვაც მიიღო.
წყარო: MedicalXpress

