ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და ტოჰოკუს უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, ადამიანებს, რომლებიც ბგერებში მცირე განსხვავებებს უკეთ ამჩნევენ, უცხო ენის გამოთქმის ათვისებისას შესაძლოა გარკვეული უპირატესობა ჰქონდეთ.
კვლევის ფარგლებში ინგლისური ენის შემსწავლელი 67 იაპონელი შეისწავლეს და შეამოწმეს მათი უნარი, შეემჩნიათ არასამეტყველო ბგერების სიმაღლის, ხანგრძლივობისა და ტონის მცირე ცვლილებები. შემდეგ მკვლევრებმა ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გამოიყენეს ტვინის აქტივობაზე დასაკვირვებლად, სანამ მონაწილეები ერთმანეთისგან ასხვავებდნენ ინგლისურ ხმოვნებს: /æ/-ს, როგორც სიტყვაში „cat“, და /ʌ/-ს, როგორც სიტყვაში „cup“ – ამ ორ ბგერას იაპონურ ხმოვნებში პირდაპირი ანალოგი არ გააჩნია.
ჟურნალში „The Journal of Experimental Psychology: General“ გამოქვეყნებული შედეგები მიუთითებს, რომ სმენითი სიზუსტე შესაძლოა ენის შემსწავლელებს უცხო სამეტყველო ბგერების უფრო ზუსტად დამუშავებაში ეხმარებოდეს.
როგორ ამუშავებს ტვინი ახალ ბგერებს
უცხო ენის ბგერების მოსმენისას, სმენითი აღქმის მაღალი სიზუსტის მქონე პირები ნაკლებად ეყრდნობოდნენ ტვინის მარცხენა სენსომოტორულ სისტემას, რომელიც ენის გადამუშავებაში მონაწილეობს. მათი ტვინის აქტივობა უფრო მეტად იმ სურათს ჰგავდა, რომელიც არასამეტყველო ბგერების დამუშავებისას შეინიშნება.
მკვლევართა აზრით, ეს შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ასეთ ადამიანებს ახალი ბგერის უპირველესად აკუსტიკურ სიგნალად აღქმა შეუძლიათ და მას მაშინვე მშობლიური ენის ჩარჩოებში არ ატარებენ. ნაცნობ იაპონურ ბგერით კატეგორიებზე ნაკლებად დაყრდნობით, მათთვის შესაძლოა გაცილებით მარტივი აღმოჩნდეს უცნობ ინგლისურ ხმოვნებს შორის სხვაობის გარჩევა.
საპირისპირო სურათი გამოვლინდა შედარებით დაბალი სმენითი სიზუსტის მქონე პირებში, რომლებიც უფრო მეტად მარცხენა სენსომოტორულ ქსელს ეყრდნობოდნენ. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ისინი უცხო ბგერებს საკუთარი პირველი ენის გამოთქმის მოდელებს უსადაგებენ, რაც ართულებს ისეთი ბგერების გარჩევას, რომლებიც იაპონურში არ გვხვდება.
რას ნიშნავს „სმენითი სიზუსტე“
სმენითი სიზუსტე გულისხმობს ისეთი ნატიფი აკუსტიკური სხვაობების შემჩნევის უნარს, როგორიცაა სიმაღლის, ხანგრძლივობის თუ ტონის უმნიშვნელო ცვლილებები. კვლევაში მონაწილეები, ხმოვანთა გარჩევის დავალების შესრულებამდე, არასამეტყველო ბგერებით გამოსცადეს.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეს უნარი ინგლისური ენის ხმოვანთა უკეთ გარჩევას უკავშირდებოდა. კვლევა იმასაც ცხადყოფს, რომ მიღებული შედეგი მხოლოდ ენის შესწავლის გამოცდილებით არ აიხსნება, თუმცა ნაშრომი აღქმის საკითხზე იყო ფოკუსირებული და არა იმაზე, თუ როგორ წარმოთქვამდნენ მონაწილეები ბგერებს სინამდვილეში.

კვლევის წამყვანმა ავტორმა, კაზუია საიტო-ვან პოტერენმა აღნიშნა, რომ „კარგი სმენის“ მქონე პირებს უცხო ენის ახალი ბგერის ობიექტურად გაგონება შეუძლიათ, ისე, რომ ის ენობრივ ერთეულად მყისიერად არ აღიქვან. სამაგიეროდ, მათი ტვინი საკუთრივ აკუსტიკურ ინფორმაციას აანალიზებს, რაც შესაძლოა იმის ახსნაშიც დაგვეხმაროს, თუ რატომ ეადვილება ზოგს ენის სწავლა სხვებზე მეტად.
გავლენა ენის სწავლებაზე
მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ენის სწავლების პროცესისთვის სასარგებლო იქნება, თუ ლექსიკის, გრამატიკისა და სასაუბრო პრაქტიკის პარალელურად სმენითი უნარების გავარჯიშებაც დაინერგება. მასწავლებლებს შეუძლიათ შეიმუშაონ ისეთი სავარჯიშოები, რომლებიც ადამიანებს ბგერებს შორის არსებული აკუსტიკური განსხვავებების შემჩნევაში დაეხმარება.
ჯგუფის მიზანია შექმნას ენისა და სმენის კომბინირებული სავარჯიშო სისტემა, რათა მოსწავლეებმა ტონის სიმაღლესა და ბგერის სხვა მახასიათებლებს შორის არსებული მცირე სხვაობების ამოცნობა უკეთ შეძლონ.
ეს კვლევა არ ამტკიცებს, თითქოს კარგი სმენა ახალი ენის სწავლის აუცილებელი წინაპირობაა, ან სუსტი სმენის მქონე პირები ენას ვერ აითვისებენ. თუმცა, ნაშრომი გვთავაზობს შესაძლო ახსნას იმისა, თუ რატომ უჭირს ზოგიერთ ადამიანს იმ განსხვავებების აღქმა, რომლებსაც სხვები ბევრად იოლად ითვისებენ – და მიუთითებს, რომ უშუალოდ მოსმენის პროცესი ენის სწავლებისას შესაძლოა ბევრად მეტ ყურადღებას იმსახურებდეს.
წყარო: UCL

