2026 წელს საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების რიცხვი 3000-ს გადასცდება

გააზიარე

2026 წელს საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების რიცხვი 3000-ს გადასცდება, რაც რეკორდული მაჩვენებელია, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მან ასევე განმარტა ქვეყანაში მზარდი ინტერესის მიზეზი უცხო ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან. მიხეილ სარჯველაძის თქმით, ყველა ქვეყანაში სუროგაცია დაშვებული არ არის, აქედან გამომდინარე, საქართველოში აღნიშნული სამედიცინო სერვისის მიმართ მოთხოვნა იზრდებოდა და ამ პროცესს თან ახლდა რისკები, რომლის კონტროლიც სახელმწიფოსთვის რთულია:

„საქართველო მსოფლიო რუკაზე აღნიშნული იყო, როგორც ერთ-ერთი ადგილი, სადაც ეს სერვისი ხელმისაწვდომია. იმდენად დერეგულირებული იყო და (ამ მიმართულებით) იმდენი პრობლემა არსებობდა, რომ, ბუნებრივია, ეს გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა ბევრი თვალსაზრისით.

ბევრისთვის ეს საერთაშორისო დონეზე შეიძლება ყოფილიყო საინტერესო. ამაზე მეტყველებს რიცხვებიც, რომელიც მზარდი იყო, მათ შორის, წელს რეკორდული მაჩვენებელია. წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა არის უცხოეთიდან ჩამოსული. წელს 3000-ს გადასცდება საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების რიცხვი. აქედან აბსოლუტური უმრავლესობა არის უცხოელების მიერ სუროგაციით ბავშვის შექმნა. ბუნებრივია, ეს სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული. ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ სიიაფის გამო ხდებოდა, უბრალოდ, ეს არ არის ყველგან ხელმისაწვდომი”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, 3000-მდე ბავშვიდან, რომელიც წელს იბადება, 2800 ქვეყნიდან გაჰყავთ:

„სტატისტიკამ გვაჩვენა, რომ სფეროს აუცილებელი რეგულაციები ესაჭიროება და პირველ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ მთლიანად აიკრძალოს სუროგაცია“, – განმარტა ზაზა ლომინაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები