კვლევა: ულტრადამუშავებულ საკვებს სიგარეტთან უფრო მეტი საერთო აქვს, ვიდრე ჯანსაღ საკვებთან

გააზიარე

ახალი ანგარიშის თანახმად, რომელიც ჟურნალ Milbank Quarterly-ში გამოქვეყნდა, ულტრადამუშავებულ საკვებს (UPF) უფრო მეტი საერთო სიგარეტთან აქვს, ვიდრე ხილთან ან ბოსტნეულთან.

ჰარვარდის, მიჩიგანისა და დიუკის უნივერსიტეტების მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს პროდუქტები სპეციალურად მიჩვევის გამოსაწვევად არის შექმნილი და მათი რეგულაცია ისეთივე მკაცრი უნდა იყოს, როგორც თამბაქოს შემთხვევაში.

მეცნიერები მიუთითებენ, რომ ულტრადამუშავებული საკვების (მაგალითად: გაზიანი სასმელები, ჩიფსები, ტკბილეული, მზა ნახევარფაბრიკატები) წარმოების პროცესი სიგარეტისას ძალიან ჰგავს. 

მწარმოებლები ოპტიმიზაციას ნივთიერებების „დოზებს“ იმგვარად უკეთებენ, რომ მაქსიმალურად სწრაფად იმოქმედონ ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც სიამოვნების განცდაზეა პასუხისმგებელი.

კვლევის ავტორები საზოგადოებას ე.წ. „health washing“-ის შესახებაც აფრთხილებენ. წარწერები „დაბალცხიმიანი“ ან „უშაქრო“ ხშირად მარკეტინგული ხრიკია, რომელიც 1950-იან წლებში სიგარეტის ფილტრების რეკლამას მოგვაგონებს; მაშინ ფილტრებს „დამცავ ინოვაციად“ ასაღებდნენ, რეალურად კი მათ ჯანმრთელობისთვის სარგებელი არ მოჰქონდათ.

ულტრადამუშავებული საკვები (UPF) სახიფათოა მასში შემავალი მარილის, შაქრის, გაჯერებული ცხიმებისა და ხელოვნური ემულგატორების ჭარბი რაოდენობის გამო. ეს ფაქტორები მეცნიერულად დადასტურებულ კავშირშია სიმსუქნის, ტიპი 2 დიაბეტის, სიმსივნური პროცესებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებასთან. 

გარდა ამისა, ეს პროდუქტები უარყოფითად მოქმედებს ნაწლავის მიკრობიოტის ბალანსზე, რითაც აქვეითებს ორგანიზმის იმუნურ ბარიერს და ზრდის ქრონიკული ანთებითი პროცესების რისკს.

მეცნიერები განმარტავენ, რომ ადამიანებმა, რომლებმაც თამბაქოს მოწევას თავი დაანებეს, იგივე დამოკიდებულებას, მაგალითად, გაზიანი სასმელებისა და დონატების მიმართ გრძნობენ

კვლევის ავტორები მოუწოდებენ მთავრობებს, აქცენტი ინდივიდუალურ პასუხისმგებლობიდან კვების ინდუსტრიის ვალდებულაბაზე გადაიტანონ, რაც მოიაზრებს რეკლამის შეზღუდვას, მარკეტინგულ აკრძალვებსა და სტრუქტურულ ინტერვენციებს.

წყარო: The Guardian

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები