მოწყობილობა, რომელიც პირის ღრუს კიბოს ადრეულ სტადიაზე აჩერებს

გააზიარე

პირის ღრუს კიბო სერიოზულ პრობლემად რჩება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა სამხრეთ აზიაში, სადაც დაავადება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მაგალითად, ინდოეთში სიმსივნის შემთხვევების 40%-ის მიზეზი სწორედ პირის ღრუს კიბოა.

ეს მაღალი მაჩვენებელი პირველ რიგში თამბაქოს ნაწარმის, განსაკუთრებით გუტკას მოხმარებითაა გამოწვეული. ეს პროდუქტები პირის ღრუს კიბოს რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ბევრ ადამიანს სკრინინგისა და მკურნალობის საშუალება არ აქვს.  შედეგად, პირის ღრუს კიბოს შემთხვევების დიაგნოსტირება უმეტესად გვიან სტადიაზე ხდება, როდესაც მკურნალობა ნაკლებ ეფექტურია და გადარჩენის შანსიც მინიმალური.

ჟურნალ Biophotonics Discovery-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მეცნიერებმა შექმნეს ახალი, პორტატული აპარატი, რომელიც ნამდვილი გარღვევაა პირის ღრუს კიბოსთან ბრძოლაში. ეს პატარა და ხელმისაწვდომი მოწყობილობა აერთიანებს ორ მნიშვნელოვან ფუნქციას:

  • დიაგნოსტიკა: ის სპეციალური სინათლის სხივების საშუალებით ამოიცნობს პირის ღრუში არსებულ საეჭვო უბნებსა და მათ დაზიანებებს.
  • სინათლეზე დაფუძნებულ თერაპიას: აღმოჩენილი დაზიანებების სამკურნალოდ ისევ სხივებს იყენებს.

ეს ორმაგი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ რეგიონებისთვის, სადაც თანამედროვე სამედიცინო მომსახურება და აღჭურვილობა ნაკლებადაა ხელმისაწვდომი. მოწყობილობა საშუალებას მისცემს ექიმებს, ადრეულ ეტაპზევე აღმოაჩინონ პირის ღრუს კიბო და დანიშნონ სათანადო მკურნალობა.

მოწყობილობა სმარტფონთანაა დაკავშირებული და წარმოადგენს ინტრაორალურ ზონდს (პირის ღრუში შესაყვან ხელსაწყოს). ის აღჭურვილია სპეციალური LED-ებითა და ფილტრებით, რომლებიც იღებენ როგორც თეთრი სინათლის, ისე ფლუორესცენტულ გამოსახულებებს. ინოვაცია საშუალებას აძლევს ექიმს, ზუსტად ამოიცნოს საეჭვო დაზიანებები, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით თითქმის არ ჩანს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოწყობილობა აღჭურვილია ლაზერული დიოდებით, რომლებიც გამოიყენება ფოტოდინამიკური თერაპიისთვის. პროცესი ასე მუშაობს: პაციენტი იღებს 5-ამინოლევულინის მჟავას (ALA), რომელიც სიმსივნურ ქსოვილში გარდაიქმნება პროტოპორფირინ IX-ად (PpIX) – სინათლის მიმართ მგრძნობიარე ნაერთად. მოწყობილობის ლაზერული დიოდები ასხივებენ სინათლეს, რომელიც ააქტიურებს PpIX-ს სიმსივნურ უჯრედებში. გააქტიურებული PpIX წარმოქმნის რეაქტიულ მოლეკულებს, რომლებიც შერჩევით ანადგურებენ კიბოს უჯრედებს, ამავდროულად არ აზიანებენ ჯანსაღ ქსოვილს.

მოწყობილობის ეფექტურობის დასადასტურებლად, მკვლევრებმა მასშტაბური კლინიკური ტესტები ჩაატარეს. აჩვენეს, რომ სისტემა ზუსტად აღმოაჩენს PpIX ფლუორესცენციას და აკონტროლებს მის შემცირებას, რაც წარმატებული მკურნალობის უტყუარი მაჩვენებელია. მართლაც, ზონდმა შეძლო დაზიანებების გამოსახვა 2.5 მმ სიღრმემდე და დაზიანებულ უჯრედებზე თერაპიული ეფექტების მიღწევა.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ მოწყობილობით დამუშავებული სიმსივნეები მკვეთრად შემცირდა იმ სიმსივნეებთან შედარებით, რომლებსაც არ მკურნალობდნენ. მიკროსკოპულმა შემოწმებამ დაადასტურა, რომ კიბოს უჯრედები 3.5 მმ სიღრმემდე განადგურდა.

ამ ტექნოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა ისაა, რომ შეუძლია მკურნალობის პროცესს რეალურ დროში დააკვირდეს. როცა მკურნალობა მიმდინარეობს, მოწყობილობა ზომავს, რამდენად იკლებს PpIX ფლუორესცენცია (რაც იმის ნიშანია, რომ კიბოს უჯრედები ნადგურდება). მოწყობილობა ექიმს მაშინვე აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტურია მიწოდებული თერაპია. 

მკვლევრები ფიქრობენ, რომ ეს პორტატული მოწყობილობა რევოლუციას მოახდენს პირის ღრუს კიბოს მკურნალობაში, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც სამედიცინო სერვისები ნაკლებად ხელმისაწვდომია. ტექნოლოგიის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის ერთ, მოსახერხებელ ინსტრუმენტში აერთიანებს როგორც კიბოს აღმოჩენას (სკრინინგს), ისე – მის მკურნალობას.

კლინიკური კვლევები გაგრძელდება, რომ მოწყობილობა გაუმჯობესდეს და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

წყარო: Biophotonics Discovery

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები