დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა (NHS) საკვერცხის რთულად განკურნებადი კიბოს სამკურნალოდ ინოვაციური თერაპია – მირვეტუქსიმაბ სორავტანზინი (mirvetuximab soravtansine) დაამტკიცა. ეს არის ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ამ მიმართულებით მიღწეული ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო წარმატება, რომელიც პლატინორეზისტენტული სიმსივნის მქონე პაციენტებისთვის მკურნალობის სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.
ეს პრეპარატი მიზანმიმართული მოქმედების ანტისხეულისა და მაღალტოქსიკური ქიმიოპრეპარატის კომბინაციას წარმოადგენს. ტრადიციული ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით, რომელიც მთელ ორგანიზმზე ახდენს გავლენას, მოცემული ანტისხეულები მხოლოდ სიმსივნური უჯრედების ზედაპირზე არსებულ სპეციფიკურ მარკერებს — ფოლატის რეცეპტორ ალფას ცნობენ. ისინი უშუალოდ დაზიანებულ უჯრედებს უერთდებიან, მათ შიგნით შეაღწევენ და ტოქსიკურ ნივთიერებას მხოლოდ იქ გამოყოფენ, რაც ჯანსაღ ქსოვილებს დაზიანებისგან იცავს.
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ახალი თერაპია პაციენტთა საშუალო გადარჩენადობას 12.8 თვიდან 16.5 თვემდე ზრდის. თუმცა, მკურნალობის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მედიკამენტი არსებითად ინარჩუნებს და აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს. მას ახასიათებს ბევრად უფრო მსუბუქი გვერდითი მოვლენები, ვიდრე სტანდარტულ ქიმიოთერაპიას, და ამასთან, ქალებს უნარჩუნდებათ თმა.
ამ ინოვაციური მიდგომის რეალურ ეფექტზე ერთ-ერთი პაციენტი, 64 წლის პატრიცია ჰილი საუბრობს, რომელსაც დიაგნოზი 2023 წელს დაუსვეს. მისი თქმით, სტანდარტული ქიმიოთერაპიის შემდეგ პრეპარატზე გადასვლა „ღამესა და დღესავით“ განსხვავდებოდა, რადგან დაღლილობისა და გულისრევის შეგრძნების მკვეთრმა შემცირებამ მას ცხოვრება დაუბრუნა. ახალმა რეჟიმმა პატრიციას მისცა შესაძლებლობა, კვლავ ეწვიოს თეატრებს, იმოგზაუროს და მოინახულოს ოჯახის წევრები, რაც მანამდე შეუძლებელი იყო.
პროცედურული თვალსაზრისითაც პაციენტებისთვის ბევრად მარტივი რეჟიმი მკვიდრდება – ინფუზია კეთდება სამ კვირაში ერთხელ, ნაცვლად სტანდარტული ყოველკვირეული კურსისა. ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული უჯრედული მარკერები ქიმიორეზისტენტული შემთხვევების დაახლოებით 30-40%-ში ფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად ასობით პაციენტი შეძლებს ამ მიზნობრივი თერაპიით სარგებლობას და სრულფასოვანი ყოველდღიურობის შენარჩუნებას.
წყარო: BBC

