NBC News – აშშ-ში B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია „შოკისმომგვრელად“ შემცირდა

გააზიარე

B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის „შოკისმომგვრელი“ კლება, მათ შორის ინფიცირებული დედების ჩვილებს შორის – ასე ეხმაურება გამოცემა NBC News  ახალ ამერიკულ კვლევას.

2026 წლის 24 ნოემბერს სამედიცინო ჟურნალ NEJM Evidence-ში გამოქვეყნებული რეტროსპექტიული კვლევის ფარგლებში, ორგანიზაცია Truveta-ს მკვლევრებმა 2018 წლის იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე დაბადებული 1.3 მილიონზე მეტი ამერიკელი ჩვილის სამედიცინო ჩანაწერები გააანალიზეს.  ანგარიშის თანახმად, ახალშობილებში B ჰეპატიტის ვაქცინაცია 2022 წლიდან 2026 წლამდე მკვეთრად შემცირებულია და თუ თითქმის 80%-ს შეადგენდა, მიმდინარე წლის ივნისში აცრილთა რაოდენობა 65.6%-მდე ჩამოვიდა.

კლება შეეხო იმ ჩვილებსაც, რომელთა დედებსაც ვირუსი დაუდასტურდათ, რაც ათასობით ბავშვს ღვიძლის ქრონიკული დაავადების, ციროზისა და ნაადრევი სიკვდილის რისკის ქვეშ აყენებს.

ექიმები და ინფექციონისტები B ჰეპატიტს „ჩუმ საფრთხეს“ უწოდებენ. ჩვილებს, რომლებიც დედებისგან დაინფიცირდებიან, მშობიარობისას ვირუსის გადაცემის 90%-მდე ალბათობა აქვთ. ამასთან, ინფიცირებული ჩვილების დაახლოებით 90%-ს უვითარდება ქრონიკული ინფექცია, რაც მოგვიანებით ღვიძლის უკმარისობისა და ღვიძლის კიბოს რისკს ზრდის. დაბადებისთანავე ვაქცინაცია ამ რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

მკვლევრები ვაქცინაციის კლებას უკავშირებენ როგორც დეზინფორმაციასა და მშობელთა შორის გაზრდილ ეჭვებს, ისე ფედერალური სარეკომენდაციო პოლიტიკის ცვლილებებს. კერძოდ, საუბარია 2025 წლის დეკემბერში იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც შეიცვალა 1991 წლიდან მოქმედი უნივერსალური რეკომენდაცია ყველა ახალშობილის დაბადებისთანავე ვაქცინაციის შესახებ იმ შემთხვევაში, როდესაც დედის B ჰეპატიტის ტესტი უარყოფითია.

წყაროები: NBC News;  NEJM Evidence 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები