კვლევა: შაქრიანი სასმელები მოზარდებში შფოთვის განვითარებასთან არის დაკავშირებული

გააზიარე

ჟურნალ Journal of Human Nutrition and Dietetics-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, შაქრის მაღალი შემცველობის მქონე სასმელების მოხმარება მოზარდებში შფოთვის სიმპტომების გამოვლენასთან პირდაპირ კავშირშია.

ბორნმუთის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა მრავალი სხვადასხვა კვლევის მონაცემები გააანალიზა, რათა დაედგინათ საერთო კანონზომიერება კვების რაციონსა და ფსიქიკურ მდგომარეობას შორის.

ტრადიციულად, მეცნიერები აქცენტს არასწორი კვების ფიზიკურ შედეგებზე, მაგალითად, სიმსუქნესა და მეორე ტიპის დიაბეტზე აკეთებდნენ. თუმცა, როგორც ახალი კვლევის ავტორები აღნიშნავენ, კვების რაციონის გავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით კი ნუტრიენტებით ღარიბი სასმელების შემთხვევაში, ნაკლებად იყო შესწავლილი.

შფოთვითი აშლილობა ახალგაზრდებში მენტალური დისტრესის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. 2023 წლის მონაცემებით, ყოველ ხუთ ბავშვსა და ახალგაზრდაში ერთს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აღენიშნება.

ანალიზის პროცესში მეცნიერებმა შეისწავლეს სხვადასხვა ტიპის სასმელების გავლენა, მათ შორის: გაზიანი სასმელები, ენერგეტიკული სასმელები, შაქრიანი წვენები, ტკბილი ჩაი და ყავა, არომატიზებული რძის პროდუქტები.

კვლევის შედეგებმა სასმელების ჭარბ მოხმარებასა და შფოთვის მაღალ დონეს შორის კავშირი აჩვენა. თუმცა, მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს მონაცემები პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ჯერჯერობით არ ამტკიცებს.

შესაძლოა შფოთვის სიმპტომები უბიძგებდეს ახალგაზრდებს შაქრიანი სასმელების მიღებისკენ, ან არსებობდეს სხვა ფაქტორები, როგორიცაა, მაგალითად, ოჯახური გარემო ან ძილის დარღვევები, რაც ორივე პრობლემას ერთდროულად განაპირობებს.

ბოლო წლებში მოზარდებში შფოთვითი აშლილობების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. მეცნიერების განმარტებით, იმ ცხოვრებისეული ჩვევების იდენტიფიცირება, რომელთა შეცვლაც შესაძლებელია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ ნეგატიური ტენდენციის შესაჩერებლად.

წყარო: Wiley

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები