გულის გაცოცხლებას და გადანერგვისთვის მის მომზადებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ვანდერბილტისა და დიუკის ქირურგების მიერ შემუშავებული სრულიად ახალი და შედარებით დაბალბიუჯეტური მეთოდიკა. ამ გზით შესაძლებელია დონორის უკვე გაჩერებული გულის (ცირკულაციური სიკვდილის შემდეგ) ამუშავება და გადასანერგად მომზადება. პროცედურა არა მხოლოდ მნიშვნელოვნად ზრდის ხელმისაწვდომი ორგანოების რაოდენობას, არამედ გვერდს უვლის ტრადიციულ მიდგომებთან დაკავშირებულ ეთიკურ დილემას.
გამოწვევები გულის დონაციაში, ცირკულაციური სიკვდილის შემდეგ
დღეს გულის გადანერგვისთვის განკუთვნილი ორგანოების უმრავლესობა მიიღება დონორებისგან, რომლებსაც ტვინის სიკვდილი დაუდგინდათ, მაგრამ გული ჯერ კიდევ უცემთ. ასეთი შემთხვევები არასაკმარისია მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. გარდა ამისა, არსებობენ დონორები, რომლებსაც ცირკულაციური სიკვდილის (DCD – Donation after Circulatory Death) შემდეგ აცხადებენ გარდაცვლილად, მაგალითად, როდესაც ოჯახი გადაწყვეტს სიცოცხლის შემანარჩუნებელი აპარატის გათიშვას და გული ხუთი წუთის განმავლობაში გაჩერებულია. ასეთი გულიდ გადანერგვისთვის საჭიროა მისი გაცოცხლება (რეანიმაცია).
ეს ხდება ორი გზით:
- ორგანიზმიდან ამოღების შემდეგ: გულის ამოღება და მისი აპარატზე (Ex Vivo Organ Perfusion System) გაცოცხლება. ეს მეთოდი ძვირადღირებულია და მისი გამოყენება შეუძლებელია 40 კილოგრამზე ნაკლები წონის დონორებისთვის, რაც ავტომატურად გამორიცხავს ჩვილებისა და ბავშვების უმეტესობას.
- დონორის სხეულში: გულის გაცოცხლება, ჯერ კიდევ დონორის სხეულში ყოფნისას, ნორმოთერმული რეგიონული პერფუზიის (NRP) გამოყენებით. ეს ტექნიკა სისხლის ნაკადს აღადგენს სხეულის ზედა ნაწილში. სერიოზულ ეთიკურ დილრმას ქმნის ის ფაქტი, რომ თუ გულს სხეულშივე გავაცოცხლებთ სისხლის მიმოქცევის იზოლირების გარეშე, სიკვდილის დეკლარაცია, შესაძლოა, გაურკვეველი გახდეს. არსებობს შესაძლებლობა, რომ ადამიანს, რომელიც ცირკულაციური სიკვდილის კრიტერიუმებით იყო გარდაცვლილად გამოცხადებული, ტვინში სისხლის მიმოქცევა აღუდგეს. ეს იწვევს კონფლიქტს ცირკულაციურსა და ტვინის სიკვდილის განსაზღვრის კრიტერიუმებს შორის. ამ ეთიკური დილემის თავიდან ასაცილებლად, პროცედურისას ყოველთვის გამოიყენება სპეციალური დამჭერები (აორტის კლამპინგი), რათა ტვინს სისხლი არ მიეწოდოს. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა ახალი, უფრო უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მეთოდები.
ტექნიკა 1: პედიატრიული გულის აღდგენა სხეულის გარეთ (On-Table Reanimation) – სიცოცხლე მცირე ზომის ორგანოებისთვის.
დიუკის უნივერსიტეტის პედიატრიულმა კარდიოქირურგმა ჯოზეფ ტურეკმა და მისმა გუნდმა შეიმუშავეს სისტემა, რომელიც განკუთვნილია ბავშვების პატარა გულის, ორგანიზმის გარეთ, ეფექტურად გაცოცხლებისთვის. ეს მიდგომა უნიკალურია იმით, რომ გვერდს უვლის ტრადიციული, ძვირადღირებული პერფუზიული აპარატების საჭიროებას. ისინი ძალიან დიდია და შეუფერებელი ჩვილებისა თუ მცირეწლოვანი ბავშვების ორგანოებისთვის.
პროცედურა გულის ორგანიზმიდან ამოღების შემდეგ სტერილურ გარემოში მოთავსებას გულისხმობს. ამის შემდეგ, ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი, აორტაზე მიმაგრებული წვრილი მილის მეშვეობით, მიეწოდება გულს. ეს სისხლი უზრუნველყოფს გულის კუნთის ჟანგბადითა და საკვებით მომარაგებას, რაც აუცილებელია მისი ფუნქციის აღსადგენად. შემდეგ გამოყენებული სისხლი გულიდან მარცხენა პარკუჭის ვენტილით გამოდის, გროვდება სპეციალურ კამერაში ჟანგბადით ხელახალი გაჯერებისთვის და ტუმბოს საშუალებით, კვლავ გულში ბრუნდება, ქმნის რა დახურულ, დაბალბიუჯეტურ ცირკულაციურ სისტემას. გუნდმა ეს მეთოდი წარმატებით გამოსცადა 12-კვირიან გოჭებზე, რასაც მოჰყვა პირველი ისტორიული ცდა ადამიანზე, როცა ერთი თვის გარდაცვლილი ჩვილის გული სამი თვის ბავშვს გადაუნერგეს.
NEJM-ის მოხსენების თანახმად, სამი თვის შემდეგ, მიმღების გული ნორმალურად მუშაობდა, რაც პროცედურის მაღალ ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე მიუთითებს. ტურეკის თქმით, ამ მეთოდს აქვს პოტენციალი, შეერთებულ შტატებში პედიატრიული გულის ტრანსპლანტაციების რაოდენობა წელიწადში 100-ით გაზარდოს.
ტექნიკა 2: გულის სწრაფი აღდგენა დონორის სხეულში კონტროლირებული გამორეცხვის მეთოდით – ეთიკურად უსაფრთხო მიდგომა ზრდასრულთათვის
მეორე მნიშვნელოვანი მიდგომა ზრდასრულთა დონორებზეა ფოკუსირებული და საშუალებას იძლევა გული დონორის სხეულშივე გაცოცხლდეს, NRP-ის საკამათო ეთიკური ასპექტების თავიდან აცილებით. მას შემდეგ, რაც დონორს ცირკულაციური სიკვდილი დაუდგინდება (გულის გაჩერებიდან 5 წუთის შემდეგ), ქირურგები კონტროლირებად, ულტრაჟანგბადით გაჯერებულ გამორეცხვის (flush) სქემას აყენებენ. ეს გულისხმობს ჟანგბადით მდიდარი ხსნარის მიწოდებას გულში დაახლოებით 80 მმ ვწყ. სვ.-ის საშუალო აორტის წნევით. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცედურა მიზნად ისახავს გულის კუნთის სწრაფ, ეფექტურ მომარაგებას ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით მისი რეანიმაციისთვის, ისე, რომ არ მოხდეს სისხლის მიმოქცევის აღდგენა ტვინში, რითაც შენარჩუნებულია უმკაცრესი ეთიკური სტანდარტები.
NEJM-ის მოხსენებაში აღწერილია ამ მეთოდის გამოყენების პირველი სამი შემთხვევა, როცა ყველა გული წარმატებით იქნა გადანერგილი. მიმღებებს ჰქონდათ ნორმალური ორპარკუჭოვანი ფუნქცია, არ გამოვლენილა უარყოფის მწვავე უჯრედული ან ანტისხეულებით გამოწვეული ნიშნები და ადრეული პოსტოპერაციული შედეგები შესანიშნავი იყო. პერიოპერაციულ პერიოდში არანაირი გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა. როგორც ქირურგები აცხადებენ, ეს პროცედურა ასევე შესაძლებელია გამოიყენონ ბავშვებშიც.
ზემოქმედება და სამომავლო პერსპექტივები
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ტრანსპლანტაციის ქირურგი, რობერტ მონტგომერი განმარტავს, რომ ეს ორი ტექნიკა წარმოადგენს მნიშვნელოვან ახალ მიღწევას, რადგანაც ისინი გვერდს უვლიან არსებული მეთოდების ეთიკურ გამოწვევებს და, ამავდროულად, ზრდიან დონორთა პოტენციურ რაოდენობას. ეს წინგადადგმული ნაბიჯია ორგანოთა ტრანსპლანტაციის მომავლისკენ, რაც გვპირდება მეტი სიცოცხლის გადარჩენას. მეთოდი იმედს აძლევს ათასობით პაციენტს, განსაკუთრებით კი ბავშვებს, რომლებიც სასიცოცხლო ორგანოს მოლოდინში არიან.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევები ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა, მიღწეული წარმატებული შედეგები ტექნოლოგიის ფართოდ გამოყენების შანსს იძლევა. ამასთან, მნიშნელოვნად იზრდება გლობალურ დონეზე გადანერგვისთვის ხელმისაწვდომი გულების რაოდენობა.
სტატიაში განხილული ტექნიკები სრულად იხილეთ ბმულის მეშვეობით:
Nature: Surgeons develop two low-cost techniques to revive donor hearts. (2025, July 23).
New England Journal of Medicine: Williams, A. M., et al. (2025, July 17). Rapid Recovery of Donor Hearts for Transplantation after Circulatory Death.
New England Journal of Medicine: Kucera, J. A., et al. (2025, July 17). On-Table Reanimation of a Pediatric Heart from Donation after Circulatory Death.

