back to top

გულის ინოვაციური პლასტირი: რევოლუციური მიდგომა ინფარქტის შემდგომი მკურნალობისთვის

გააზიარე

შვეიცარიის უმაღლესი ტექნიკური სკოლისა (ETH Zurich) და ციურიხის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მკვლევრების მიერ შემუშავებულმა ინოვაციურმა გულის პლასტირმა, შესაძლოა, ინფარქტის შემდეგ გულის დაზიანების მკურნალობის მიდგომა შეცვალოს.

არსებული მეთოდებისგან განსხვავებით, რომლებიც დაზიანებულ უბნებს მხოლოდ ხურავს, ახალი კარდიოლოგიური პლასტირი, ცნობილი როგორც RCPatch (Reinforced Cardiac Patch), მიზნად ისახავს გულის განკურნებას ქსოვილში ინტეგრირებითა და მისი რეგენერაციით.

ამჟამად, გულის დეფექტების, განსაკუთრებით კი გულის კედლის გახეთქვის რისკის შემთხვევაში, სტანდარტულ ვარიანტს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის პერიკარდიუმის პლასტირები (BPPs) წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პლასტირები სტაბილურობის უზრუნველყოფაში ეფექტურია, ისინი ბიოლოგიურად ინერტულები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გულის ქსოვილში არ ინტეგრირდებიან და შეიძლება ისეთი გართულებები გამოიწვიონ, როგორიცაა ანთება, კალციფიკაცია ან თრომბოზი.

პროფესორების, რობერტ კაცშმანისა და ომერ ძემალის ხელმძღვანელობით, RCPatch-ის შექმნაზე მომუშავე ინტერდისციპლინურმა გუნდმა ამ ხარვეზების აღმოფხვრა და პლასტირის გულთან სრულად ინტეგრირება დაისახა მიზნად. „ტრადიციული პლასტირები გულში უცხო სხეულებად რჩება. ჩვენი პლასტირი განსხვავებულია — ის დროთა განმავლობაში იშლება და მის ადგილს ბუნებრივი ქსოვილი იკავებს“, — განაცხადა ლუის ჯონსმა, კვლევის მთავარმა ავტორმა.

RCPatch სამი განსხვავებული კომპონენტისგან შედგება:

  • წვრილი ბადე, რომელიც გულის დაზიანებულ უბანს ხურავს.
  • 3D-პრინტერით დაბეჭდილი მესერი, რომელიც დეგრადირებადი პოლიმერისგან არის დამზადებული და მექანიკურ სიმტკიცეს უზრუნველყოფს.
  • ჰიდროგელი, რომელიც ცოცხალი გულის კუნთის უჯრედებით არის გაჯერებული და ხელს უწყობს ბიოლოგიურ ინტეგრაციასა და განკურნებას.

ეს კომბინაცია ქმნის გამძლე, მოქნილ და ბიოაქტიურ პლასტირს, რომელიც არა მხოლოდ ასტაბილურებს გულის კედელს, არამედ ქსოვილის რეგენერაციასაც უწყობს ხელს. დროთა განმავლობაში, ახალი ქსოვილის ზრდასთან ერთად, მესერი იშლება და მისგან არ რჩება უცხო, საფრთხის შემცველი მასალა.

ხელოვნური მასალა, სახელად RCPatch, წარმატებით გამოიცადა ღორებზე. ეს მასალა გულის კედლის დაზიანებული უბნის (დეფექტის) აღსადგენად გამოიყენეს. მან წარმატებით დახურა დეფექტი, აღადგინა გულის ფუნქცია და მაღალი არტერიული წნევის პირობებშიც კი შეინარჩუნა სიმყარე.

ეს კვლევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია გულის დაზიანებების მკურნალობის სფეროში. პლასტირის გრძელვადიანი კვლევები ცხოველებზე საშუალებას მისცემს მკვლევრებს დაადასტურონ, რომ მასალას შეუძლია დაზიანებული ქსოვილის რეგენერაცია. თუ ეს კვლევები წარმატებით დასრულდება, RCPatch-მა შესაძლოა გზა გაუხსნას გულის თერაპიის ახალ მიდგომებს.

წყარო: Advanced Materials

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები